დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკიდან მიდის

1526

დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკიდან მიდის, – ამის შესახებ ლორთქიფანიძემ “2020NEWS”-ს ექსკლუზიურად განუცხადა.

“ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკაში ტაიმაუტის აღება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება ჩემი ინდივიდუალური პასუხისმგებლობით, საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გავაგრძელებ. ჩემი აზრით, იქ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩემი მუშაობა, პოლიტიკიდან შორს ყოფნას დიდხანს არ ვაპირებ, თუმცა ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს დავაკონკრეტებ”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ბოლოს “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მანამდე მან პოლიტიკური კარიერა 2008 წლის პარლამენტში დაიწყო, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის სიით შევიდა. ის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და მას ორჯერ ჰქონდა მცდელობა ყოფილიყო სახალხო დამცველი. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა, მისდამი მაღალი ნდობის ფაქტორი არსებობდა, სახელისუფლო კანდიდატი არ ყოფილა და საპარლამენტო უმრავლესობამ ომბუდსმენად არ აირჩია. მიუხედავად ამისა, დიმიტრი ლორთქიფანიძე ცნობილია, როგორც უფლებადამცველი, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების უფლებებს იცავდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში დედაქალაქის მერობის კანდიდატი “დემოკრატიული მოძრაობიდან” იყო და 12,8 პროცენტი აიღო.

2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გახლდათ. რა პოზიციებისთვის იბრძოლებს, მომავალში დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯერჯერობით გაურკვეველია.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here