ბატონო ილია, თქვენ მევახშე ხართ?

1554

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ივლიანე (ილია) წულაიას ქონებრივი დეკლარაციაში, რომელიც მან 2017 წლის 29 დეკემბერს შეავსო, წერია: ილია წულაიას და მის მფლობელობაში მყოფ კომპანიებს სესხის სახით გაცემული აქვთ 9,6 მილიონი დოლარი; იგი ერთდროულად არის 25 შპს-ს დირექტორი და 33 კომპანიის წილის მფლობელი. უყვარს ძვირფასი მაჯის საათები და მის მფლობელობაში არსებული ნაჩუქარი საათების ფასი 10 ათას ლარს აღემატება. ფულს ხარჯავს ქველმოქმედებაში, თუმცა სად, არ აკონკრეტებს – უხერხულიაო, ამბობს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია და საკუთარი პარტიისთვის ასი ათასებს არ იშურებს. მისი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ დეტალურად ცოტა ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი – „2020 NEWS“- მა დეკლარაციაში მოყვანილი ციფრები და ფაქტები თავად ილია წულაიასთან გადაამოწმა:

– ბატონო ილია, მას შემდეგ რაც დეპუტატი გახდით, ბიზნეს საქმიანობას ოფიციალურად ჩამოშორდით. რა ხდება არაოფიციალურად, რამდენად ხართ თქვენი ბიზნესის საქმიანობაში ჩართული?

– აქტიურად არ ვარ, თუმცა თვალს ვადევნებ როგორ ვითარდება. ამ კომპანიაში არიან ებრაელები და მართავენ, კარგად უძღვებიან საქმეს.

– თუმცა, დეკლარაციის მიხედვით ისე ჩანს, თითქოს თქვენი დეპუტატობის შემდეგ გაცილებით მეტი წარმატებული პროექტი გაქვთ. პირდაპირ გკითხავთ, ლობირებთ თქვენს ბიზნესს? 

– ვერ ვხდები როგორ უნდა დავალობირო, რა უნდა გავაკეთო. ჩვენ არ ვაშენებთ, ჩვენ ვყიდულობთ მიწას აუქციონზე ან ვთქვათ, ფიზიკური პირისგან და სამშენებლო კომპანიებზე ვყიდით. თუ იქნება ბევრი მიწის ნაკვეთი, გაყიდვის შანსებიც ბევრია. ჩემი ლობირება რაში უნდა გამოიხატოს?!

– თუნდაც იმაში, რომ აუქციონზე გამოტანილი მიწის ნაკვეთი თქვენმა კომპანიამ იყიდოს დაბალ ფასში, ან თუნდაც…. უამრავი შესაძლებლობააა….. 

– არა, მე არ ვერევი ასეთ კომბინაციებში. მითუმეტეს რაც პარლამენტში ვარ, გითხარით, რომ აქტიურად არ ვარ ჩართული, მხოლოდ თვალს ვადევნებ. 

-კარგით, სხვა შეკითხვაზე გადავალ, თქვენს ქონებრივ დეკლარაციაში ნაჩვენებია, რომ გასესხებული გაქვთ მილიონობით თანხა. მართალი გითხრათ დავიბენი, ფული გაქვთ გაპროცენტებული, მევახშე ხართ ბატონო ილია? 

-ბიზნესში არის ასეთი წესი. როდესაც კომპანიის დამფუძნებელი ხარ, საკუთარ კომპანიაში ინვესტირება ხდება ორი გზით. ერთი არის კაპიტალის შეტანა და მეორე – კომპანიისთვის თანხის სესხება. ეს არის ბიზნესის წესი და ლეგალურია. ბიზნესმენი ინვესტიციას დებს საკუთარ კომპანიაში სესხის მეშვეობით. ვიღაცაზე კი არ მაქვს ფული გაპროცენტებული, საკუთარ კომპანიაში მაქვს. ეს იურიდიულად უნდა იყოს დეკლარაციაში ნაჩვენები, ასეთია წესი.

– მართალი გითხრათ ბიზნესის ამ წესის შესახებ არაფერი ვიცი. ალბათ, ლეგალურია და ფაქტია, რომ მილიონებში გამოხატული კაპიტალის მფლობელი ხართ. დეკლარაციაში გიწერიათ, რომ 150 ათასი ლარი ქველმოქმედებაში დაგიხარჯავთ, შეგიძლიათ ერთი კონკრეტული საქველმოქმედო აქციის შესახებ მითხრათ?

– არა, ქველმოქმედება ისეთი საკითხია, მასზე საუბარი უხერხულია. ივლიანე (ილია) წულაია საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარდგენით, ქალაქ თბილისში დიდუბის №16 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. პარლამენტში იგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრია. გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება- ძლიერი ეკონომიკა“. ივლიანე წულაიას ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 29 დეკემბერს აქვს შევსებული. დეკლარაციაში მითითებულია რომ მას ჰყავს მეუღლე ქეთევან გოცაძე და სამი შვილი. ივლიანე წულაია ფლობს წავკისში, წავკისი ველის მიმდებარედ, 1100 კვ.მ-ის 100%-იან წილს, რომელიც მან 2007 წელს, 10,500 დოლარად შეიძინა, ხოლო თბილისში გამრეკელის ქ. #43-ში მდებარე ოფისი #43-ის, 25%-ს, აღსანიშნავია, რომ ოფისის თანამესაკუთრედ ნიკოლოზ ჩხეტიანიც არის მითითებული.

პარლამენტარის მეუღლის ქეთევან გოცაძის მფლობელობაშია გრიგოლ ფერაძის #28ბ-ში მდებარე 1746 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის ფართობიც 1151,47 კვ.მ-ია. არც მიწის ნაკვეთში და არც სახლში გადახდილი თანხა, დეკლარაციაში მითითებული არ არის. როგორც ჩანს, პარლამენტარი ილია წულაია ძვირფასი საათების მოყვარულია. მის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2014 წელს Rolex-ის და Hubolt-ის ფირმის მაჯის საათები აჩუქეს, რომელთაგან თითოეულის ფასი 10,000 ლარს აღემატება. დეკლარაციის მიხედვით, ის ან მისი ოჯახის წევრები, ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ. დეპუტატს და მის მეუღლეს აქვთ ანგარიშები სხვადასხვა ბანკში, მათ შორის , „თი-ბი-სი ბანკში, „საქართველოს ბანკსა“ და პროკრედიტ ბანკში“. ივლიანე წულაია, სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული. იგი ერთდროულად არის, 25 შპს-ს დირექტორი. მათ შორის: შპს დეპო, შპს კერა დეველოპმენტი, შპს ტექნიკა, შპს არქი დეველოპმენტი, შპს სვის კაპიტალ ქონსთრაქშენ, შპს ესსისიეფ, შპს აიეფსი ჯორჯია, შპს ვიუ პოინტ, შპს ლესელიძე +, შპს სი ენდ სან, შპს ლეიქ ვიუ, შპს ნეიშენალ პარკ, შპს იტონგ კავკასუს, შპს არქი ენერჯი, შპს გრინ სითი, შპს ბაკურიანი რიზორთ, შპს არქი ნუცუბიძე (ახლანდელი შპს “ალაბამა ჯორჯია ინვესთმენთს”), შპს გრინქარდ.ჯი, შპს პრაიმ არქი , შპს თბილისი ვიუ , შპს ვიაკონ , შპს არქი, შპს იეიდი პარკს, შპს გოლდენ პალასი, შპს კვარიათი სანსეტ. ის წილებს ფლობს 33 კომპანიაში: შპს გრინ სითი – 25%, შპს არქი ჰოთელს – 33%, შპს დიდი დიღომი 5 – 33,3%, შპს დიღომი პალასი 6 – 33,3%, შპს იტონგ კაპიტალი – 25%, შპს არქი – 16,7%, შპს არქი ინვესთმენთს – 33,34%, შპს ბაკურიანი რიზორთ -47%, შპს პრაიმ დიღომი – 10%, შპს პრაიმ არქი – 20%,შპს გორგასალი რეზიდენს – 30%, შპს ნეიშენალ პარკი – 32,5%, შპს თბილისი ვიუ – 32,5%, შპს გრინქარდ.ჯი – 100%, შპს ვიუ პოინტ – 32,5%, შპს კვარიათი სანსეტ – 40%, შპს იეიდი პარკს – 25%, შპს რაზიმ – 10%, შპს არქი დეველოპმენტ – 59%, შპს არქი თაუერ საქართველო – 22,5%, შპს სანსეტ ლაუნჯ – 100%, შპს სილვერ 39 – 30%, შპს ტექნიკა – 50%, შპს დეპო – 50%, შპს ლესელიძე + – 50%, შპს იტონგ კავკასუს – 25%, შპს ნოვო ტექ – 32,5%, შპს სანსეტ ჰოლ – 100%, შპს არქი ენერჯი – 30%, შპს სი ენდ სან – 32,5%, შპს ლეიქ ვიუ – 32,5%, შპს ოულდ სითი ჰოსფითალითი – 25%, შპს “არქი ნუცუბიძე” (ახლანდელი შპს “ალაბამა ჯორჯია) – 100%.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, დიდუბის მაჟორიტარის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა მევახშეობაა – იგი უცხოურ ვალუტაში ახდენს სოლიდური ოდენობით თანხების გასესხებას სხვადასხვა სამეწარმეო კომპანიებსა და კერძო პირებზე, შედეგად კი სარგებელს იღებს. კერძოდ, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ, 2007 წლიდან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ივლიანე წულაიამ სულ 12 კონტრაჰენტზე, მათ შორის, იმ კომპანიებზეც, სადაც იგი პარტნიორი და დირექტორი იყო, სესხად გასცა 9 600 000 აშშ დოლარი. ესენია: შპს ვიაკონ – 800 000 $ – 2007 წლის 8 ნოემბერი – განუსაზღვრელი ვადით; შპს გოლდენ პალასი – 2, 000,000 $ – 2008 წლის 23 მაისი – განუსაზღვრელი ვადით; შპს კვარიათი სანსეტ – 1, 500,000 $ – 2009 წლის 11 სექტემბერი – განუსაზღვრელი ვადით; შპს დეპო – 300, 000 $ – 2013 წლის 15 სექტემბერი – განუსაზღვრელი ვადით; შპს კერა დეველოპმენტი – 1, 200,000 $ – 2013 წლის 23 ივლისი – განუსაზღვრელი ვადით; შპს არქი ბაგები 600,000 $ – 2013 წლის 14 მარტი – განუსაზღვრელი ვადით; შპს სილვერ 39 – 350,000 $ – 2013 წლის 30 აგვისტო – განუსაზღვრელი ვადით; შპს ნოვო ტექ – 200,000 $ – 2014 წლის 14 ივლისი – განუსაზღვრელი ვადით; შპს იტონგ კავკასუს – 150,000 $ – 2014 წლის 31 ივლისი – განუსაზღვრელი ვადით; შპს დიღომი პალასი 6 – 300,000 $ 2015 წლის 9 თებერვალი – განუსაზღვრელი ვადით; შპს პრაიმ არქი – 400,000 $ – 2015 წლის 14 მაისი – განუსაზღვრელი ვადით; ინდივიდუალურ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა (იბა) „წინამძღვრიშვილი 2008“ – 800,000 $ – 2012 წლის 30 ოქტომბერი – განუსაზღვრელი ვადით; აღნიშნული სესხებიდან ივლიანე წულაიამ მხოლოდ 2007 წლიდან სარგებლის სახით 1,140,985 დოლარი, 502,950 ლარი და 132,969 ევრო მიიღო მან 150,000 ლარი დახარჯა ქველმოქმედებაში.

აღსანიშნავია, რომ წულაიამ „ქართულ ოცნებას“ 2016 და 2017 წელს ფულადი სახით 110,000 ლარი შესწირა.

ილია წულაიას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სპეციალობით არის სამართალმცოდნე. პარლამენტში მისვლამდე იგი 2007-2016 წლებში იყო შპს „არქის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2005-2007 წლებში – იურუდიული კომპანია „დიგესტას“ მმართველი პარტნიორი; 2004-2005 – წლებში იურიდიული კომპანია „გაბისონია, დიტრიხი და პარტნიორების“ ადვოკატი.

1 კომენტარი

  1. მაგარი ბიჭია ივლიანე მაააშ. ნახევარი საქაღტველო შიმშილობს და 5-10% კი მილიონერია. ეს როგორ აბა მითხარით???

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here