გიორგი ვაშაძე – “ნაციონალების“ კანდიდატი ვერ ვიქნები

269

– პირველი, რაზეც ვმსჯელობთ, ის არის რა კონფიგურაცია შეიძლება პროდასავლურმა ძალებმა შევქმნათ ოპოზიციაში. ცხადია, მეორე ტურზე აბსურდულ საუბარს თავი უნდა დავანებოთ. საქართველოს არჩევნებში მეორე ტური არ არსებობს. ვინც პირველ ტურში იმარჯვებს, ის არის გამარჯვებული. რაც შეეხება სააკაშვილის დირექტივას, ნაციონალების კანდიდატი პირდაპირ გეუბნებით, რომ ვერანაირად ვერ ვიქნები. მე ჩემი პარტია მაქვს. მაგრამ თუ კოალიცია შეიქმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობაც“ იქნება და მასში პლუს 7-8 პარტია გაერთიანდება, მაშინ შეიძლება ერთერთად ჩემი კანდიდატურაც განიხილებოდეს, – განუცხადა „2020NEWS“-ს “ახალი საქართველოს ლიდერმა“ გიორგი ვაშაძემ.

– თქვენ ალბათ, “ლიდერთა საბჭოზე“ საუბრობთ, სადაც გაერთიანებულია 15-მდე ოპოზიციური პარტია და იმათგან, ჯერჯერობით მხოლოდ შალვა ნათელაშვილმა გამოაცხადა თავისი კანდიდატურა…

– არ ვგულისხმობ ლიდერთა საბჭოს, ლიდერთა საბჭოში არიან ისეთი პარტიები, რომლებიც პრორუსულ კურსს ირჩევენ და მათთან მუშაობა გამიჭირდება.

– ნინო ბურჯანაძეს გულისხმობთ?

– კი და რთული იქნება მათთან მუშაობა. გაერთიანებაში მე ვგულისხმობ პროდასავლური ძალების მძლავრ გაერთიანებას. პრორუსულ ძალებს აქვთ თავიანთი მხარდაჭერა და მიიღებენ შესაბამის პროცენტს. შალვა ნათელაშვილმა თვითონ დააყენა კანდიდატურა და და გაერთიანების შემთხვევაში, ალბათ ვიმსჯელებთ მის კანდიდატურაზეც. არ მგონია, რომ ნათელაშვილი პრორუსულ ფლანგზე გადავიდეს, რადგან ის გამოკვეთილად პროდასავლურ ძალას წარმოადგენს. ლიდერთა საბჭოს და გაერთიანებულ ოპიზიციურ კოალიციას ნუ ავურევთ ერთმანეთში. ლიდერთა საბჭო ტექნიკურ საკითხებზე საერთო პოზიციას აყალიბებს ისეთ თემებზე, როგორიცაა საარჩევნო კოდექსი, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა.შ. მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ არის ის მექანიზმი, რომლითაც არჩევნებში გასვლას ვაპირებთ. იქ არსებულ პარტიებში სერიოზული სხვაობა გვაქვს საგარეო კურსთან დაკავშირებით.

– დამიკონკრეტეთ, განიხილება თუ არა თქვენი კანდიდატურა იმ კოალიციაში, რომელზეც თქვენ პროდასავლური ძალების გაერთიანებას უწოდებთ?

– ამ ინფორმაციას ახლა ვერც დაგიდასტურებთ და ვერ უარვყოფ, რადგან მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. ჩემი სურვილია, რაც უფრო მეტი პარტია გაერთიანდება კოალიციაში, მით მეტი შანსია დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. არანაირი ამბიცია არ მაქვს პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყო. თუ კი ეს საკითხი დადგება, კოალიცია განიხილავს ჩემს კანდიდატურას.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here