რა მოხდება ჟენევაში – საქართველოს ხელისუფლება საეჭვოდ დუმს?!

1411

“2020NEWS” დღეს დილიდან ცდილობს გაარკვიოს ის დეტალები, რა კეისით მიდის ქართული მხარე ჟენევის მორიგ მოლაპარაკებებზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება საეჭვოდ დუმს. მეტიც, ჩვენი ინფორმატორი დაბეჯითებით აცხადებს, რომ დღეს დილით ყველა იმ უწყებამ, ვინც ჩართულია ჟენევის ფორმატში, ხელისუფლებისგან მიიღო დირექტივა, რომ არანაირი კომენტარი, არანაირი შეფასება და პროგნოზი არ გაეკეთებინათ რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე. შესაბამისად, ჩვენ ხელისუფლებისგან ვერ გავიგეთ, რისთვის არის მზად საქართველოს ხელისუფლება და ჩაგვითრევს თუ არა რუსეთი მორიგ მზაკვრულ გეგმაში.

“2020NEWS” ამ თემაზე მუშაობის დროს პირველად ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა, რომელიც პრემიერის წარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, თუმცა მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა: ,,არ მსურს ამ თემას შევეხო”. ობიექტურობისათვის უნდა აღვნიშნოთ, ზურაბ აბაშიძე ყოველთვის თანამშრომლობს მედიასთან და არასოდეს იმალება. ამჯერად, მან არ ისაუბრა არც იმ მიზეზებზე, რის გამოც თავი შეიკავა კომენტარისგან.

ერთადერთი ორაზროვანი კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დონდუამ.

„2020NEWS” შეეცადა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ასევე შერიგების სამინისტროსგან მკაფიო პასუხი მიეღო იმაზე, მოაწერს თუ არა საქართველო ხელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორმხრივად ცეცხლის შეწყვეტას და ნიშნავს თუ არა ეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთ ირიბ აღიარებას? – მაგრამ ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

აღსანიშავია, რომ დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟენევის შეხვედრასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადებეები გააკეთა, რასაც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ არაკვალიფიციური და სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადება უწეოდა. მან ვაშაძე „უტიფრობაშიც დაადანაშაულა“.

“ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებული საკითხი ინიცირებულია სწორედ თქვენი გუნდის მიერ 2012 წლის იანვარში. შესაბამისად, ხელის ჩვენსკენ გამოშვერა, რომ თითქოს, ჩვენ ისეთი ინიციატივა დავძარით, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, არის მიუღებელი და სრულიად უსაფუძვლო. განიხილება, რომ ჩვენ მივიღოთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, განიხილება რომ ჯარების გაყვანა მოხდეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, განიხილება, რომ ძალის არგამოყენებაზე თავისი ვალდებულება დაადასტუროს რუსეთის ფედერაციამ. ამაზეა საუბარი. არავითარი სხვა ნარატივი და სხვა განცხადება იქ არ განიხილება და არც არავითარი ხელშეკრულება არ განიხილება, რომელიც საქართველოს ახალ ვალდებულებებს ანიჭებს და მის პოზიციებს ასუსტებს. მუშაობა მიდის განცხადებაზე და არალეგიტიმული მხარეების მიერ არავითარი ხელმოწერები არ მოხდება“, – განაცხადა თალაკვაძემ “ნაციონალური მოძრაობის“ პასუხად.

ამასთან, თალაკვაძემ გრიგოლ ვაშაძის მიერ, მინისტრის რანგში, 2008 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციისადმი გაგზავნილი წერილი გაიხსენა და როგორც პლენარულ სხდომაზე განაცხადა, “ვაშაძე რუსეთს ენამოჩლექით საკონცერტო დარბაზების გამოყოფასა და ალაფურშეტების დაფინანსებას ეხვეწებოდა.

“თუკი ვინმე კაპიტულანტურ განცხადებას აკეთებდა და თავდახრილი იდგა რუსეთის ფერედაციის წინაშე, განსაკუთრებით ომის დროს ეს გრიგოლ ვაშაძე იყო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს დელეგაციამ ჟენევაში რუსეთის მიმართ მთავარი მოთხოვნა მოხსნა, რაც ცალმხრივად ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო ვალდებულების აღება იყო.

“რუსული პრესა, რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟენევაში ამ თვის ბოლოს დაგეგმილი კონსულტაციების რაუნდზე, ვციტირებ: “საქართველო, ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები და ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეები, მიიღებენ დეკლარაციას, რომელის მიხედვითაც, ჟენევის კონსულტაციებში მონაწილე ყველა მხარე უარს იტყვის ერთმანეთთან ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე“. გასაგებია, რომ რუსული პრესა რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იყენებს იმ ლექსიკას, რომელსაც მიჩვეულია, მაგრამ კიდევ უფრო ნიშანდობლივია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანერვიულებული კომენტარები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დელეგაციამ, ჟენევის კონსულტაციებზე მოუხსნა რუსეთს კატეგორიული მოთხოვნა, რაც ჩვენი პოზიცია იყო ამ კონსულტაციების პირველივე დღიდან. კერძოდ, რუსეთს აეღო საქართველოს წინაშე ცალმხრივი სამართლებრივი ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ, ზუსტად ისევე, როგორც ეს გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 23 ნოემბერს, როდესაც თავის გაგზავნილ წერილში გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, ნატოს და ა.შ. საქართველომ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება აიღო ძალის არგამოყენების შესახებ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე შეფასებით, დეკლარაციის მიღების შემთხვევაში, საქართველო რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ ეს დეკლარაცია პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის საეჭვო აქცენტებზე კი ხელისუფლებაში არავის უპასუხია. ოპასუხა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ ვაშაძის განცხადებას უტიფარი უწოდა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here