კახა კუკავა – არცერთ პარტიაში არ არის იმდენი „ფეესბეს“ აგენტი, რამდენიც პროდასავლურ პარტიებში

1264

ოპოზიცია სავარაუდოდ, ისევ ვერ გაერთიანდება. პარტიული ამბიციები, საგარეო კურსი, ფინანსური ინტერესი თუ რეალური პატრიოტიზმი? – რა უშლით მათ ხელს გაერთიანებაში? – ამ საკითხებზე „ 2020NEWS“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას ესაუბრა:

– ბოლო დებატების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ ოპოზიცია კვლავ ვერ გაერთიანდება და საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი ვერ გეყოლებათ. ასეა?

– ძალიან არ მინდა ასე მოხდეს. მე დავდივარ ხალხში და საზოგადოების უდიდესი სურვილი და მოთხოვნაა ოპოზიცია გაერთიანდეს. უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა. თუ გვინდა საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატის წარდგენა, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ოპოზიციის გამარჯვება ე.წ. პროდასავლურმა პარტიებმა უნდა გაიგონ, რომ ან ერთი აირჩიონ ან მეორე. გამარჯვების ფასი არის ერთიანობა. თუ მიაჩნიათ, რომ ზოგიერთი პარტია არ იზიარებს მათ შეხედულებებს ნატოში ინტეგრაციის შესახებ და ამიტომ არიან პუტინის მონები, სამშობლოს მოღალატეები, მაშინ ნუ დაჯდებიან ამ ხალხთან ნურც ტელევიზიაში და ნურც დახურულ შეხვედრებზე. პირდაპი თქვან, რომ მათთვის „ქართული ოცნება“ უფრო მისაღებია; პირდაპირ თქვან, რომ საუბარია რამდენიმე ნაწილად დაშლილ „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაზე და მათ ერთიან კანდიდატზე. ეს იქნება არა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, არამედ ერთი პარტიის კანდიდატი. ბოკერია, რურუა და ვაშაძე თუ ერთიან კანდიდატს დააყენებენ, ეს არ ჩაითვლება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად. მათ სურთ, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ თვითონ და დანარჩენებმა მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. ასე არ მოხდება და სწორედ ამის გამო ჩაიშალა ხონი-ვანის შუალედურ არჩევნებში ერთიანი კანდიდატის იდეა. რამდენიმე კვირაში გადაწყდება, იქნება ერთობა თუ არ იქნება. გეთანხმებით, რომ საქმე იქითკენ მიდის, რომ ოპოზიცია ისევ ვერ შეძლებს გაერთიანებას. ამას ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურმა განცხადებებმა თუ ინტერვიუებმა, მაგრამ მე არ ვაპირებ ბოლო დღემდე ვიძახო ოპოზიცია ერთიანდებაო და არჩევნების წინ ვთქვა, არა, ვერ გავერთიანდითო. ამ შეცდომას არ დავუშვებ. თუ არ გამოდის ერთობა, მაქსიმუმ აპრილის შუა რიცხვებში ჩვენ ამაზე საზოგადოებას ღიად და პირდაპირ ვამცნობთ.

– ლიდერთა საბჭოში რაზე საუბრობთ, რატომ ხვდებით ერთმანეთს, თუკი ყველაზე ფუნდამენტურზე ვერ თანხმდებით, ისიც ვერ გაგირკვევიათ ვინ პუტინის მონა ხართ, ვინ იან კელის, ვინ მტერი და ვინ პატრიოტი, მაშინ რატომ სხდებით ერთ მაგიდასთან?

– კომიკურია ეს ყველაფერი. გრუს და ფეესბეს დაფინანსუბული პარტიები ჩვენ გვესაუბრებიან პრორუსობაზე. პარტიები, რომლებიც 1992 წელს შეიარაღებულები იდგნენ რუსეთის ჯარის გვერდით და ებრძოდნენ საკუთარ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. სულაც არ მაქვს სურვილი ეს ყოველდღე წამოვაძახო „ეროვულ დემოკრატებს“ ან „ნაციონალებს“, მაგრამ არის ასეთი იმერული ანდაზა, ჩამომხვრჩვალის ოჯახში ბაწარზე არ საუბრობენო. მე მათ ადგილას ბაწარზე არ ვისაუბრებდი. როდესაც მათ ბიოგრაფიაში არის სამარცხვინო 1992 წელი, მათ ადგილას სიტყვა პრორუსს საერთოდ არ ვახსენებდი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკრიტიკა კვირიკაშვილის წერილი, რომელიც მეც არ მომწონს და არავის არ მოსწონს. კვირიკაშვილი სამშობლოს მოღალატე ნამდვილად არ არის, მაგრამ სუსტი პოლიტიკოსია. სააკაშვილმა რომ მედვედევს მიწერა წერილი, კოდორზე გავავლოთ საზღვარიო, აქეთ ჩვენ და იქით თქვენო, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ეს წერილი კვირიკაშვილს რომ მიეწერა რუსეთისთვის, ხომ კოცონზე დაწვავდნენ? ლუსტრაციის შესახებ კანონი სწორედ „ნაციონალებმა“ ჩააგდეს, როდესაც ჩვენ ვითხოვდით მის მიღებას.
არსად არცერთ პარტიაში იმდენი ფეესბეს აგენტი არ არის, რამდენიც პროდასავლურ პარტიებში.

პროდასავლური პარტიები რომ გადაფხიკო, აუცილებლად იპოვით ადამიანებს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან ჰქონდათ პირდაპირი კავშირი.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here