“ქართული ოცნება“ და “ევროპული საქართველო“ გაერთიანდებიან?

1758

რატომ ვეღარ არჩევენ ერთმანეთისგან „ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“, რატომ თქვა უარი ბოკერიას გუნდმა სააკაშვილთან ერთად ყოფნაზე, შეძლებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა სუფთა ადამიანების მიზიდვას? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი ესაუბრება

– რამდენიმე კვირის წინ კახა კალაძემ თქვა რომ ისინი ითანამშრომლებენ „ევროპულ საქართველოსთან“, რადგან ის არ არის ისეთი მარგინალური ძალა როგორც ნაციონალური მოძრაობა. ამ დღეებში ამ ორმა პარტიამ ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. დაიწყო თუ არა თანამშრომლობა?

– “ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოდერნიზებული განშტოება) თანამშრომლობა დაწყებულია. ჩემი აზრით ეს თანამშრომლობა მომავალში სულ უფრო მეტად მრავალმხრივი იქნება. ეს ფაქტი რამოდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: 1. ქართულმა ოცნებამ თავისი არსებობის მანძილზე ვერ შესძლო საკუთარი პარტიული იდეოლოგიის შემუშავება. 2. პარტიას არ გააჩნია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტატეგიული გრძელვადიანი გეგმა. საუბრები ტურიზმზე, სოფლის მეურნობაზე და 100 ახალი საწარმოს გახსნაზე დამეთანხმებით სტატეგიული გეგმა არ არის. 3. ასევე ქართულმა ოცნებამ არ და ვერ შეიმუშავა საქართველოს საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი დროში კარგათ გათვლილი სტრატეგიული პროგრამა. საუბრები ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და საქართველოს ევროპულ არჩევანზე სტრატეგიული პროგრამა არ არის. 4. მმართველი პარტია და შესაბამისად სახელმწიფო სტრუქტურები ყველა დონეზე უმწვავეს საკადრო დეფიციტს განიცდიან. მაგალითისათვის, ამ პარტიის პარლამენტის წევრებს შეგვიძლია გადავხედოთ. 5. ქართული ოცნების უდაო პრობლემაა პარტიის შიგნით არაფორმალური ფრაქციულობა და სუსტი გუნდური დისწიპლინა. სამწუხაროდ ამ და სხვა ფაქტორების გავლენით ქართული ოცნება მზარდი მასშტაბებით კარგავს ამომრჩეველთა მხარდაჭერას.ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით პარტიის ლიდერებმა როგორც სჩანს გადაწყვიტეს ყველაზე მარტივი გზა აერჩიათ ამ პრობლემების გადასაჭრელად – ევროპულ საქართველოსთან ალიანსირებით.

– “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის სხდომაზე გამოთქვა საყვედური, რომ ამომრჩეველმა უკვე აღარ იცის სად მთავრდება ევროპული საქართველო და სად იწყება „ოცნება“. თქვენი აზრით, „ევროპული საქართველოს“ გამო ოცნებაში რაიმე უთანხმოება ხომ არ არის მოსალოდნელი?

– მე ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი ჯერ კიდევ ხედავს ამ განსხვავებას, მაგრამ თუ ამ პარტიების ალიანსირება განსაკუთრებით საკადრო სფეროში არ შენელდება ამომრჩეველი თავის ვერდიკქტს აუცილებლად გამოიტანს. თავისთავად პარტიათა ალიანსი და კოლიციური მთავრობები ნორმალური და მისაღები ფორმაა პოლიტიკაში, რასაც მე პირადად მივესალმები, ოღონდაც როდესაც ალიანსი იქმნება ისეთ პოლიტიკურ ძალასთან რომლის ლიდერებიც ძალიან სერიოზულ, ჯერ კიდევ გამოუძიებელ დანაშაულებებში არიან ეჭვმიტანილნი ამას უცილებლად ელექტორატის დაკარგვა და შესაბამისად პარტიის საბოლოო რღვევაც მოჰყვება.

– ბევრი ვარაუდობს, რომ „ევროპული საქართველო“ მაინც ნაციონალების წიაღში დაბრუნდება. ამაზე რას ფიქრობთ?

– „ევროპული საქართველოს“ უდაოდ გამჭრიახი ლიდერები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ სააკაშვილთან ასოცირება მათთვის პოლიტიკურად წამგებიანია მოცემულ ეტაპზე. მათაც ოცნების ლიდერებივით გადაწყვიტეს ხელისუფლებაში დარჩენის მარტივი და მომგებიანი გზები აერჩიათ ოცნებასთან გარიგებით. ეს სრულებით არ გამორიცხავს მომავალში მათ კვლავაც გაერთიანებას. ჭუჭყიან პოლიტიკაში ყველაფერია შესაძლებელი.

– თქვენი აზრით, როგორია ამ სიტუაციაში ნაციონალური მოძრაობის პერსპექტივები?

– მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი მყარი ელექტორატი გააჩნია და ეს უდაო ფაქტია. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე შესძლებს თუ არა ეს პოლიტიკური ძალა ახალი სუფთა წარსულის მქონე ადამიანების მოზიდვას რაც ძალიან რთული იქნება. ასევე ნაციონალურმა მოძრაობამ სწრაფად და ეფექტურად უნდა გადაჭრას ფინანსური პრობლემები ამ პრობლემის არსებობა აშკარად სახეზეა. მე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ერთპიროვნული დაბრუნების ვერანაერ პერსპექტივას ვერ ვხედავ.

– ბოლო დროს აშკარაა, რომ „ოცნების“ დეპუტატები ივანიშვილის დასაცავად ხმას არ იღებენ და თითქოს მასთან დისტანცირებას ცდილობენ. ამაზე რას ფიქრობთ. უღალატებენ თუ არა?

– “ოცნების“ დეპუტატების დაცვა ბიძინა ივანიშვილის ვგონებ არაფეში სჭირდება, პირიქით ამ ადამიანს ანალიზის შესაშური უნარი გააჩნია და კარგად ხედავს თუ რას დაემსგავსა დღეს ოცნება და საით მიდის. ამ ტიპის და მასშტაბის ადამიანებს, აქვთ უნარი და რაც მთავარია რესურსები, რომ ახალი გზები და პარტნიორები აირჩიონ. მექსიკა და კარლოს სლიმი ამის შესანიშნავი მაგალითია. პარტიები და პოლიტიკოსები იცვლებიან და არა ამ ტიპის ადამიანების შესაძლებლობები.

წყარო: ახალი თაობა

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here