პრემიერმა სასტუმრო “ახაშენი ღვინის კურორტი” გახსნა

73

“დღეს ძალიან სასიხარულო დღეა. ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კახეთს შეემატა აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაწყობილი  ულამაზესი სასტუმრო – „ახაშენი ღვინის კურორტი”. ამ სასტუმროში 7 მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ერთობლივად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ – პროგრამა – „აწარმოე საქართველოში”, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროგრამისა და „საქართველოს ბანკის” თანადაფინანსებით. ამ პარტნიორობით შეიქმნა ეს ულამაზესი სასტუმრო-კომპლექსი, დედამიწის ამ ულამაზეს ადგილას, ალაზნის ველის და ფაფრის მინდვრების მიკრო-ზონაში, ულამაზესი ხედით კავკასიონის მთებზე. მნიშვნელოვანია, რომ  ინვესტიციის შედეგად შეიქმნა ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი, მაგრამ გვერდითი ეფექტები ამ ინვესტიციებისა  გაცილებით უფრო დიდია,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტის” გახსნაზე განაცხადა, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახალშენში მდებარეობს.

პრემიერ-მინისტრმა „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობას” (KTW) და პირადად ზურაბ ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა მევენახეობის მიმართულებით განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციებისთვის და კომპანიის დამფუძნებლების მოღვაწეობა მამულიშვილურ საქმედ შეაფასა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ტურისტების რიცხვი 28%-ით გაიზარდა და არსებობს პოტენციალი, რომ 2025 წლამდე არსებული მონაცემები გასამმაგდეს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება – გაუმჯობესდება ცხოვრების დონე და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

“მევენახეობის მიმართულებითაც კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა” ახორციელებს უზარმაზარ ინვესტიციებს და მინდა, ბატონ ზურაბ ჩხაიძეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ მამულიშვილური საქმისთვის, რომელსაც ის აკეთებს არა მარტო აქ, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან სასიხარულოა, რომ კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში. მოთხოვნა ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. მხედველობაში მყავს ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან და შეგვიძლია ასეთი რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მართლაც და სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმების დონე და ქვეყნის ვიზუალური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს”, – აღნიშნა პრემიერმა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here