“არჩილ თალაკვაძე 2012 წლამდე გაქანებული “ნაციონალი”იყო, მიშას ლეკვივით დასდევდა”

2815

“ალიას “არჩილ თალაკვაძის “ნაციონალურ” წარსულზე ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

– ლევან, არჩილ თალაკვაძეც, კაცო?

– კი, კი, არჩილ თალაკვაძეც, რომელიც «ნაცმოძრაობას» ისე გულმოდგინედ ლანძღავს, თითქოს ამ პარტიას, მის ლიდერებს მისთვის რაიმე დაეშავებინოთ, ვითომ ამ პარტიასთან ბრძოლას წლები შეალია. თალაკვაძე 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოჰყვა «ქართულ ოცნებას», «ნაცმოძრაობის» დანაშაულებზე საუბრობს, 9 წელი აკერია პირზე და ეს 9 წელი თავად სად იყო, ეს მისთვის არავის უკითხავს. «ნაცმოძრაობის» ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი მედროშე იყო არჩილ თალაკვაძე. სამედიცინო უნივერსიტეტში იყო სტუდკავშირის თვითმმართველობის ხელმძღვანელი. ყველას კარგად გვახსოვს, რომ მაშინ ამ პოსტზე ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ადამიანები ინიშნებოდნენ, სტუდკავშირების თვითმმართველობების ხელმძღვანელები, ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, პოლიტიკური ნიშნით ინიშნებოდნენ და ინიშნებოდნენ სხვა სტუდენტთა გასაკონტროლებლად. ამასთანავე, მათ ევალებოდათ «ნაცმოძრაობის» აქციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე სტუდენტების მობილიზება და წაყვანა. ამ პროცესებს მართავდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. კი, ეს, რაც ხდებოდა, ცუდი იყო, მაგრამ ვერ გავიგე, მარტო თალაკვაძისთვის იყო კარგი? სხვა აფუჭებდა და თალაკვაძე აკეთებდა? «ნაცმოძრაობის» დროს ახალგაზრდული ბანაკები რომ ეწყობოდა, ხომ გახსოვს? არჩილ თალაკვაძე ამ ბანაკებს ხელმძღვანელობდა, ხან სად და ხან სად. მიშა სააკაშვილი რომ ჩავიდა ყვავილნარის ბანაკში, თალაკვაძე უკან ლეკვივით დასდევდა მიშას, ვერ აშორებდნენ, სადაც დაინახავდა, ჩაეხუტებოდა და ბოლოს ძლივს მოაცილეს. ყვავილნარის ბანაკში მიშას ჩემხელა მადლობებს უხდიდა საჯაროდ, იქვე გამართულ სახელდახელო ღონისძიებაზე, მიკროფონში გაჰყვიროდა, მიშა მაგარიაო… მაგისგან განსხვავებით, ცოცხალი მიშა სააკაშვილი არ მინახავს, არც ვანო მერაბიშვილი და არც ზურაბ ადეიშვილი. კაცო, ვიღაც ერთხელ თუ გავლით არის ნამყოფი «ნაცმოძრაობის» ოფისში, მისთვის ეს დიდი კომპრომატია, თალაკვაძე იყო გაქანებული «ნაცი» და ამაზე თურმე ხმაც არ უნდა ამოიღო? თუ იტყვი რამეს, დაგესევიან ეს «ქოცები», შენ «ნაციონალი» ხარ და მაგაზე ლაპარაკის მორალური უფლება არ გაქვსო. მე რომ «ნაციონალი» ვარ, არ ვმალავ და ეს მთელმა ქვეყანამ იცის და თალაკვაძე ამას მალავს და თან, რაც «ქართულ ოცნებაში» შეძვრა, გამზრდელი პარტიის «ნაცმოძრაობის» ლანძღვა-გინებაშია და აი, ზუსტად ეს არის ამორალური. იყავი პარტიაში? აღიარე. თუ მიგაჩნია, რომ არ უნდა ყოფილიყავი და შეცდომა იყო, ესეც აღიარე, გაემიჯნე მერე და დაიწყე ახალი პოლიტიკური ცხოვრება. რას ლანძღავ, შე დალოცვილო იმ პარტიას, წლები რომ ძუძუ გაწოვა? არავინ და არაფერი იყავი და პოლიტიკური ძალაუფლება მოგცა და უნივერსიტეტში გამოგარჩია? მერე ამ ახალგაზრდულ ბანაკებში «გრიალებდი» და თან ხელფასს იღებდი? მარტო ეგ არ იყო. არჩილ თალაკვაძის ბიძას, ამ ახალგაზრდული ბანაკების საკვები პროდუქტებით მომარაგების უამრავი ტენდერი აქვს მოგებული, 100 ათასობით ლარი აქვს ბიუჯეტიდან ათვისებული, არანაკლებ მილიონისა. რამდენადაც ვიცი, არც ერთი ტენდერი არ აუგია. ამ ტენდერებს სწორედ არჩილ თალაკვაძის წყალობით, გავლენით იგებდა ბიძამისი, რადგან მას «ნაცმოძრაობის» არა მარტო ახალგაზრდული ფრთის, პარტიის სხვა ლიდერებთანაც ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, რადგან მის ყველა დავალებას უსიტყვოდ და გადაჭარბებით ასრულებდა. ეტყოდა ვარძელაშვილი, მიშას აქვს წინასაარჩევნო შეხვედრა და სამედიცინო ინსტიტუტის 100 სტუდენტი უნდა მოიყვანო ამა და ამ ადგილასო? არჩილ თალაკვაძეს 200 მიჰყავდა, წინა რიგში თვითონ იდგა, «ნაცმოძრაობის» ყველაზე დიდი დროშაც თვითონ ეჭირა და გაბადრული სახით აფრიალებდა. მაგ დროშის ტარი ვერ წაართვეს 2012 წლამდე და მერე, «ნაცმოძრაობას» წყალი რომ შეუდგა, ეს დროშა მოისროლა და «ქართული ოცნების» დროშის ტარს მოეჭიდა და დღესაც ეგ აქვს მაგრად ჩაბღუჯული. როდესაც «ქართულ ოცნებას» წყალი შეუდგება, მერე ამ დროშას გადააგდებს და სხვა რამეს მოეჭიდება, ალბათ, სხვა პარტიის დროშის ტარს. ისევე უღალატებს «ქართულ ოცნებას», როგორც «ნაცმოძრაობას» უღალატა. ერთი ჩვეულებრივი მედროვე, ყვარყვარე თუთაბერის მსგავსი კაცია და მეტი არაფერი. მე «ნაცმოძრაობა» როცა დაიქცა და წაიქცა, მაშინ დავიწყე აქტიურობა და მოგვიანებით ამ პარტიაში, შევედი არა თალაკვაძის მსგავსად, რაღაც სიკეთეების მოსაპოვებლად, ფულის საშოვნელად, არამედ გარკვეული ღირებულებებისა და ფასეულობების გამო. კი, ბევრი შეცდომა ჰქონდა «ნაცმოძრაობას» და ამას მეც ვაღიარებ, მაგრამ ეს არჩევანი გავაკეთე. არჩილ თალაკვაძისგან განსხვავებით, ჩემი წარსულიდან ერთ დღეს არ ვმალავ და ყველაფერზე, რაც გამიკეთებია, მზად ვარ, პასუხი ვაგო.

– არჩილ თალაკვაძეს რაც შეახსენე, მისი «ნაციონალური» წარსული და მიშას «პიონერთა ბანაკებში» ბიძამისის ტენდერები, მას შემდეგ «ქართული ოცნების» მხარდამჭერები გააფთრებით დაგიპირისპირდნენ, «ფეისბუკში» ტრიალებს ინფორმაცია, რომ გიგი უგულავას დროს, მერიაში მუშაობისას, 2013-2014 წლებში, 17 თვეში 78 ათასი ლარი გაქვს აღებული ხელფასებისა და პრემიების სახით.

– ჯერ ერთი, სულ 13 თვე ვმუშაობდი მერიაში და ეს 4 თვე რატომ დაამატეს, არ ვიცი. კარგი, დავუშვათ, აღებული მაქვს ეგ თანხა, აღებული მაქვს დაუმსახურებლად? მერე რა? ჩემი გაშავებით, არჩილ თალაკვაძე გათეთრდება? ხედავ, რა უტვინო «გამპრავებლები» ჰყავს თალაკვაძეს? იმას ვერ უარყოფენ, რომ თალაკვაძე მგზნებარე «ნაციონალი» იყო და მე გადმომწვდნენ, ლევან ხაბეიშვილი მერიიდან ფულს ხაპავდა და რა მორალური უფლება აქვს, თალაკვაძეზე ამას რომ ამბობსო. 78 ათასი ლარი არ ამიღია მერიიდან ხელფასისა და პრემიის სახით, ეგ ტყუილია. 2013-2014 წლებში 13 თვე ვიმუშავე მერიაში, ვიდრე უკანონოდ არ გამათავისუფლეს. ვიყავი საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის დადგენილების საფუძველზე, ყველა საქალაქო სამსახურის უფროსსა და მოადგილეს განსაზღვრული გვქონდა ხელფასი, პრემია თუ სახელფასო დანამატი, ისევე, როგორც მერიის ყველა თანამშრომელს. ყოველთვიურად, ხელფასის გარდა, ვიღებდი 1400 ლარს სახელფასო დანამატს. 13 თვეში ეს თანხა 18 200 ლარია. ერთი ამდენი ხელფასი დაამატე და 36 400 ლარი გამოდის. 78 00 ლარს გამოაკელი ეს თანხა და გამოდის, 41 600 ლარის აღებას ტყუილად მაბრალებენ. მოდი რა, ერთიც ვთქვათ, მე თუ ვიღებდი იმ პრემიას, საქმეს ვაკეთებდი, მერიის სოციალური სამსახური მუშაობდა გამართულად და ვიტყვი, რომ ყველაზე კარგად მერიის სხვა საქალაქო სამსახურებს შორის. ამდენი გაჭირვებული იყო ქვეყანაში? ამდენი უმუშევარი იყო? ლარის კურსი დოლართან 2.45 იყო და ლარი ასე იყო გაუფასურებული? ესენი რა ნამუსით, რა დამსახურებისთვის იღებენ პრემიებსა და სახელფასო დანამატებს, ეგ თქვან, რა. დაამშიეს ხალხი და მაგაში? კი, «ნაცმოძრაობის» დროს ბევრი რამ გაფუჭდა, მაგრამ რაც კეთდებოდა, რატომ არ უნდათ იმის აღიარება? დღეს რაში იღებენ იმხელა პრემიებს, ჩვენ რომ არ დაგვესიზმრებოდა, იმდენს? რამე გააკეთეს? ამათი გაკეთებული ერთი საქმე მითხარი, ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, ერთი გახსნილი ქარხანა… რაც მოვიდნენ, ყველა კუთხით პრობლემებმა მოიმატა, ლარი ოთხჯერ გაუფასურდა, ინვესტორები ვერ შემოიყვანეს ქვეყანაში, ეხვეწებიან და არ შემოდიან, რაც იყო, იმ ბიზნესების დიდი ნაწილი დაიხურა და უმუშევრობამ კიდევ მოიმატა. მინიმუმ, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია გაქცეული 2013 წლის შედეგ ქვეყნიდან, სხვა სანდო ციფრებიც არსებობს. ზოგი ამბობს, 800 000 ადამიანი გავიდაო. კრიმინალმა მოიმატა და აქ ლაპარაკი აღარ არის მსუბუქი სახის დანაშაულზე. დღე არ გავა, მკვლელობა არ მოხდეს… ამ დღეშია ქვეყანა და ესენი რაში იღებენ ამ უზარმაზარ პრემიებსა და სახელფასო დანამატებს? ლევან ხაბეიშვილი თუ თვეში ერთხელ იღებდა პრემიას, დანაშაულია და სუს-ის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, 2017 წელს 42-ჯერ აიღო პრემია, სოსო გოგაშვილმა 2016 წელს 36-ჯერ აიღო, მირიან მჭედლიშვილმა – 37-ჯერ. არჩილ თალაკვაძის «გამპრავებლები» რომ მომდგნენ, თალაკვაძე შს მინისტრის მოადგილედ რომ მუშაობდა, 1 წელიწადსა და 8 თვეში 67-ჯერ აიღო სახელფასო დანამატი და ხელფასთან ერთად, თვეში საშუალოდ 11 986 ლარი წაიღო სახლში და კიდევ ჩემზე ლაპარაკობენ? არც ჩემი, არც ჩემი ოჯახის წევრების სახელზე რაიმე სახის ქონება არ დაფიქსირებულა, რაც მერიაში თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობდი, მაშინაც ვარკეთილში ვცხოვრობდი ოჯახით ქირით და დღესაც ქირით ვცხოვრობ. მამა გარდაცვლილი მყავს და სხვებისგან განსხვავებით, არც კარიერის გაკეთებაში დამხმარებია ვინმე. ჩემი რა შურთ, ვერ გამიგია? ჩოხატაურის რაიონის სოფელ დაბლაციხეში მამაპაპეული სახლი მაქვს, კიდევ კარგი, გამახსენდა, მერე იტყოდნენ ამხელა სიმდიდრეს მალავსო.

წყარო: ალია

1 კომენტარი

  1. mere ra moxda magit tu archili adre nacebshi iyo mashin tu vinmes raime tanamdeboba ekava nacebis rejimis mcxverpli gaxdnen sxvanairad gamoricxuli iyo an cixeshi an oplziciashi. Kuchashi .

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here