გუბაზ სანიკიძე – ზვიადი იყო ზვიადი…! ის გრანიტია… ის დარჩა ისტორიას, ის გადავიდა უკდავებაში!

1268

გუბაზ სანიკიძე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ზვიად გამსახურდიასთან მეგობორობდა, „2020NEWS“-თან საუბარში 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ჩატარების დეტალებს იხსენებს.

„2020NEWS“ მის მიერ მოწოდებულ ფაქტებს უცვლელად გთავაზობთ:

გუბაზ სანიკიძე: „31 მარტი – ეს იყო გრანდიოზული ფაქტი. ოსების და აფხაზების დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. რატომ არ იყენებს ამას საქართველოს ხელისუფლება, რატომ მალავს ამ ფაქტს, არ ვიცი!!! ეს არის ჩვენი ატომური იარაღი მსოფლიოს წინაშე. ქართველებმა და ეთნიკურმა უმცირესობებმა, ყველამ ერთნაირად გამოხატა მაშინ თავისი მტკიცე ნება, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს იყო უდიდესი გამარჯვება, უსისხლო გამარჯვება!

მე იმ დღეს ვიყავი რაჭაში, რადგან ამბროლაურის დეპუტატი გახლდით და ვხელმძღვანელობდი რეფერენდუმის ჩატარებას მოსახლეობაში. დიდი დღე იყო, ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. თბილისში ვიყავი 9 აპრილს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მივიღეთ. წინა ღამეს ვიყავით ეკლესიაში, ზვიადიც ჩვენთან ერთად იყო. მთელი ღამე არ გვიძინია, წავედით სვეტიცხოველში სალოცავად. დილას გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. არასოდეს დამავიწყდება ის დღე – ამაღლებული, დიდებული, ძლევამოსილი… ზვიადი იყო ძალიან გახარებული, ძალიან ბედნიერი… შემდეგ მოხდა ღალატი… კოლექტიური ღალატი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი – რეფერენდუმი, დამოუკიდებლობის აქტი ჩაიდინა ზვიად გამსახურდიამ.

– შეკითხვა მაქვს, რატომ დაამხეს ზვიად გამსახურდია?

– მივმართავ იმ პუტჩისტებს – რომელიმე თქვენგანმა თუ მოინანიეთ ის, რაც გაუკეთეთ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს?

– მე თქვენ არ მახსენდებით, მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილი მახსენდება, რომელმაც მოინანია. კოლექტიური სერგო ორჯონიკიძის აჩრდილები მაშინ ავტომატით ხელში რომ დარბოდნენ, დღეს ლიბერალები არიან. დემოკრატიაზე კრინტი არ დაძრას ამ ხალხმა! ყველაზე დიდი დემოკრატი ზვიად გამსახურდია იყო. დაანებონ თავი ზვიადის აგენტობაზე და მონანიებაზე საუბარს. ენა ჩაიგდონ მუცელში და დადუმდნენ სამუდამოდ! მერაბ კოსტავა არის ჩვენი ერის სინდისი! და მან არაერთხელ თქვა, რომ ზვიადის მონანიება იყო ტაქტიკა. რომელი ხალხი ლაპარაკობს ზვიადის მონანიებაზე და აგენტობაზე?! დღემდე რომ აგრძელებენ ქვეყნის გაყიდვას და დანგრევას?! ზვიადი დაამხეს ერთადერთი მიზეზის გამო და ეს იყო შური! შურით იყვნენ გახეთქილები მაშინდელი ერის მამები. ზვიად გამსახურდია იყო რეგიონალური ლიდერი, კავკასიის ლიდერი! ზვიადი იყო ზვიადი…! ის გრანიტია… ის დარჩა ისტორიას, მორჩა და გათავდა, ის გადავიდა უკდავებაში!

1 კომენტარი

  1. ღმერთმა მშველელი გამოუგზავნა საქართველოს ზვიად გამსახურდიას სახით,მაგრამ ჩვენ ვერ გაუფრთხილდით მას და 30 ვერცხლად გავყიდეთ.
    მერე ვამბობთ ღმერთო გვიშველე მოგვეხმაერეო.გვრცხვენოდეს ამ საქციელისთვის. 😥😥😥

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here