კარასინთან შეხვედრები საფრთხეშია? – აბაშიძე საქართველოდან რუსი დიპლომატის გაწვევას აფასებს

650

ზურაბ აბაშიძეს არ დაუზუსტებია თუ როგორ აისახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაწვევის შესახებ მის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის რეგულარულ შეხვედრებზე.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოდან რუსი დიპლომატის გაწვევასთან დაკავშირებით მოსკოვის რეაქციას ელოდება.

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციიდან რუსი დიპლომატის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამით საქართველომ სოლიდარობა გამოხატა დიდი ბრიტანეთისა და რიგი დასავლეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუს დიპლომატებს საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მასობრივად აძევებენ.

„ვნახოთ, შევხედოთ როგორ იქნება. დრო დასჭირდება იმას რათა დავინახოთ რუსეთის მხარის რეაქცია როგორი იქნება. ექსპერტებს სჯობს კითხოთ, მათ მეტი იციან”, — განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია Rustavi2-თან ინტერვიუში.

ამასთან, აბაშიძეს არ დაუზუსტებია თუ როგორ აისახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაწვევის შესახებ მის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის რეგულარულ შეხვედრებზე. პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მხარეები ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებს იხილავენ.

„ჯერჯერობით არ გვაქვს დაგეგმილი ჩვენი შეხვედრები. ისინი სხვა თემებს ეხება, როგორც იცით, უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ”, — აღნიშნა აბაშიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. 2009 წლიდან შვეიცარია ასრულებს ქვეყნებს შორის შუამავლის როლს. თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ინტერესების სექცია მუშაობს. ანალოგიური სექცია, საქართველოს ინტერესების დამცველი, გახსნილია მოსკოვში.

რუსეთმა არაერთხელ გამოხატა აღშფოთება რიგი დასავლეთის ქვეყნების ქმედებებზე, რომლებმაც რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაწვევის გადაწყვეტილება რუსეთის უსაფრთხოების სამმართველოს (ГРУ) ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით მიიღო.

ეს ნაბიჯი პირველად დიდმა ბრიტანეთმა გადადგა, რომელმაც “სკრიპალის საქმესთან” დაკავშირებით ქვეყნიდან 23 დიპლომატი გაიწვია. მარტის ბოლოს აშშ-მ, 14-მა ევროპულმა ქვეყანამ და უკრაინამ მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას და ანალოგიური ზომები მიიღეს.

სკრიპალის საქმე

სკრიპალი, რომელიც ბრიტანულ დაზვერვაზე მუშაობდა და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს ბრიტანულ ქალაქ სოლსბერში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ლონდონის მტკიცებით, რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით (А234) მამა-შვილის მოწამვლასთან კავშირში რუსეთის სახელმწიფოა. მომხდარის შემდეგ, ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გაიწვია და რუსეთთან კონტაქტები მაღალ დონეზე გაყინა. მოსკოვმა ამის საპასუხოდ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა ქვეყანაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელი, უკან გაიწვია სანქტ-პეტერბურგში საკონსულოს გახსნის გადაწყვეტილება და ასევე შეწყვიტა ბრიტანეთის საბჭოს მუშაობა.

ბრიტანეთი ასევე ცდილობს რუსეთზე ზეწოლა სხვა ქვეყნების დახმარებით მოახდინოს, მოუწოდებს რა მათ მოსკოვის წინააღმდეგ ზომების გატარებისკენ. ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა ბრიუსელის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.

წყარო: putnik-georgia

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here