საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის პრაქტიკული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

202

ათენში საქართველოს საელჩოს მიერ პრაქტიკული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ორგანიზაცია ICMPD-ის (International Center for Migration Policy Development) ხელშეწყობით მომზადდა. პუბლიკაციაში მოცემულია საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია, შესაბამის პრაქტიკულ სამართლებრივ განმარტებებთან ერთად.

გზამკვლევის პრეზენტაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, ორგანიზაცია ICMPD-ის ქ. ვენის ოფისის წევრები და საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

გზამკვლევის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საბერძნეთის შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა: საბერძნეთში ყოფნის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების უფლებების შესახებ; იმ პროცედურების შესახებ, რომელთა საშუალებითაც საბერძნეთში ბინადრობის სხვადასხვა კატეგორიის ნებართვის მიღებაა შესაძლებელი; საბერძნეთში პირის ყოფნის სტატუსიდან გამომდინარე, განათლების მიღების, ჯანდაცვის მომსახურების მიღების, დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე.

პრაქტიკული გზამკვლევი მუდმივად განახლებადი დოკუმენტია. მასში პერიოდულად აისახება საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები. გზამკვლევის უსასყიდლოდ მიღება შესაძლებელია ქ. ათენში საქართველოს საელჩოსა და ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში. პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია ასევე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიასპორული პორტალების ინტერნეტ-გვერდებზე.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის სახალხო დამცველმა ანდრეას პოტაკისმა, საბერძნეთის საემიგრაციო პოლიტიკის სამინისტრომ, ასევე ქართული დიასპორის წევრებმა. პროექტს კოორდინაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ სამუშაოებში აქტიური მონაწილეობა მიიღო ასევე საბერძნეთში მოქმედ ქართველ იურისტთა ჯგუფმა, როგორც საბერძნეთის კანონმდებლობის ინტერპრეტირების კუთხით, ასევე საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების გზამკვლევში ასახვის თვალსაზრისით.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here