საქართველოს აშშ-თან, ევროგაერთიანებასა და ნატო-სთან ურთიერთობები ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს დაიწყო

200

ვინ იყო ზვიად გამსახურდია? – ისტორიული ფაქტები პირველი პრეზიდენტის შესახებ

ზვიად გამსახურდია – დისიდენტი, მწერალი, მეცნიერი, პატრიოტი, თუ „მონანიების“ ხელმომწერი? ყველა შემთხვევაში, ის არის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი!

31 მარტი რეფერენდუმი და გამსახურდიას დაბადების დღე

ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ჩატარება საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია.
მისი ინიციატივით, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. გამოკითხვის დროს ერთადერთი შეკითხვა იყო დასმული:

„თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“.

რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლეოსობამ (99,08%), მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში, დადებითი პასუხი გასცა. სწორედ ეს რეფერენდუმი იქცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე იურიდიულ გარანტად. სწორედ მას ეფუძნება საქართველოს კონსტიტუცია.

ხშირად გვსმენია, რომ ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმის ჩატარების დღე საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თენგიზ სიგუამ, რომელსაც „ზვიადისტობას“ ვერავინ დასწამებს, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა:

„დღეს ჭორსაც ავრცელებენ, რომ ეს ზვიად გამსახურდიამ თავის დაბადების დღეს დაამთხვიაო, 31 მარტს არის დაბადებული. ეს ტყუილია, მე უშუალოდ ჩართული ვიყავი და ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვიყავი ამ რეფერენდუმის მომზადებისა და მას, ზვიადს, 24 მარტს უნდოდა ჩატარება… 24 მარტისათვის არ ვიყავით მზად და ამიტომ მე გადავაფიქრებინე ზვიადს და ერთი კვირით გადავატანინე. მაშინ არც გვიფიქრია არც ზვიადს და არც მე, რომ 31 მარტს მისი დაბადების დღე იყო და რომ ეს დღე ემთხვეოდა“.

„მონანიება“

ზვიად გამსახურდიაზე საუბრისას ხშირად იხსენებენ მის ცნობილ „მონანიებას“.

1978 წელს ქართული ეროვნული მოძრაობის ორი ლიდერი – ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა „ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის“ დააპატიმრეს. ორივეს ქვეყნიდან შორს და დიდხან გადასახლება ემუქრებოდა, რაც არათუ დააზარალებდა ეროვნულ მოძრაობას, არამედ სიცოცხლისუნარიანობასაც დაუკარგავდა მას.

ზვიად გამსახურდიამ საჯაროდ წარმოსთქვა „მონანიების“ ტექსტი და სინანული გამოხატა გარკვეული დისიდენტური საქმიანობის გამო. მაშინდელმა კგბ-მ და საბჭოთა ხელისუფლებამ გამსახურდიას მონანიება არაერთხელ გამოყენა მისი ავტორიტეტის შესალახად. არადა, მერაბ კოსტავა ხშირად იმეორებდა, რომ ზვიადი მასთან შეთანხმებულად მოქმედებდა, „მონანიებაც“ საერთო შეთანხმება იყო. ორი ლიდერიდან ერთ-ერთი გარეთ უნდა დარჩენილიყო.

მერაბ კოსტავა:

„ამ ყველაფრის შესახებ სიმართლე ჩემზე უკეთ არავინ იცის… სასამართლოზე ზვიად გამსახურდია არ უარყოფდა და არ ინანიებდა უფლებათა დამცველის პატრიოტულ საქმიანობას, რაც ჩანდა მის სტატიებში ქართული ეკლესიის, ქართული ენის, კულტურული ძეგლების, პატიმართა მდგომარეობის შესახებ, ასევე საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის დოკუმენტებსა და განცხადებებში… სასამართლოზე ზვიად გამსახურდიამ შეცდომად აღიარა და მოინანია მხოლოდ ზოგიერთი მატერიალის გამრავლება და გავრცელება, რომლებიც არ ეკუთვნოდა მის კალამს; მაგრამ პრესამ საქმე წარმოაჩინა ისე, თითქოს, მან უარი თქვა თავის ძირითად საქმიანობაზე. სინამდვილეში ის მხოლოდ რამდენიმე მცდარ ქმედებაზე საუბრობდა. მან „მოინანია“ არა როგორც უფლებათა დამცველმა, არამედ როგორც გამომცემელმა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქმესთან გაცნობის მიზნით შემდგარი შეხვედრების დროს ჩვენ წინასწარ შევთანხმდით. სასამართლოზე ჩემი უკომპრომისო პოზიცია (მე თავი დამნაშავედ არ ვცანი) და ზვიად გამსახურდიას ნაწილობრივ კომპრომისული პოზიცია იყო ჩვენს შორის წინასწარ შეთანხმებული და მიზანმიმართული.

ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდია პრეზიდიუმს გაუგზავნიდა თხოვნას განთავისუფლებისა და საქართველოში ჩემზე ადრე დაბრუნების შესახებ, რაც აუცილებელი იყო ჩვენი საერთო საქმისათვის, ჩვენი დანარჩენი მოთხოვნების შესრულებისა და პატრიოტული ძალების დარეგულირებისათვის. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ზვიად გამსახურდიამ ეს ყველაფერი შეასრულა და გათავისუფლების შემდეგ უფლებათა დამცველის საქმიანობა გააგრძელა.

ზვიად გამსახურდიას ნაბიჯს და მის პოზიციას არამხოლოდ ვამართლებ, უფრო მეტიც – იმ სიტუაციაში ვთვლი მას აუცილებლად. ის, ვინც თავის სიცოცხლეს სწირავდა სიმართლისა და სამშობლოსათვის, მსხვერპლად გაიღო თავისი თავმოყვარეობა, რაც უფრო მაღლა დგას, ვიდრე პირველი მსხვერპლი“.

1978 წელს გამსახურდია პირველად და უკანასკნელად არ დაუკავებიათ – დისიდენტური საქმიანობისათვის მას არაერთხელ მოუხდია სასჯელი. პირველად დააპატიმრეს 1956 წელს მერაბ კოსტავასთან, გურამ დოჩანაშვილთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისათვის. მაშინ ის მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო.

„საქართველო ქართველებისათვის“

საზოგადოების ნაწილი გამსახურდიას ეთნიკური უმცირესობების დევნაში ადანაშაულებდა.

„საქართველო ქართველებისთვის“ – უმეტესობა თვლიდა, რომ ეს ლოზუნგი ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა. სინამდვილეში, ეს მოწოდება გიორგი ჭანტურიას „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის“ პროგრამულ დოკუმენტში ეწერა. ჭანტურია მაშინ განმარტავდა, რომ „საქართველო ქართველებისათვის“ არ იყო ეთნიკური უმცირესობების საწინააღმდეგო ლოზუნგი. ვითარება ისე შეიცვალა, რომ მან და მისმა მომხრეებმა ეს ლოზუნგი გამსახურდიას „გადაულოცეს“ და იგი სხვა ეთნოსების მტრად მონათლეს. 1990 წლის ივლისში, პრაღაში ჩატარებულ დისიდენტთა და უფლებადამცველთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს „რეზოლუცია #24 საქართველოში ეთნიკური კონფლიქტების შესახებ“.

მასში ჩაიწერა: „ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ ქართულ ეროვნულ მოძრაობაში გამოიყო ცალკეული პირებისა და ორგანიზაციების ჯგუფი, რომელიც დგას ეროვნული შეუწყნარებლობის, ანტიდემოკრატიზმისა და ეთნოსთა შორის არსებული პრობლემების ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტის პოზიციაზე. გამსახურდიას ალიანსის ქმედებები ეწინააღმდეგება ჰელსინკის შეხვედრის შემაჯამებელ აქტში ფორმულირებულ საერთაშორისო ნორმებს ადამიანის უფლებათა შესახებ“.

ეს ფაქტი, მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა გამოიყენა და აფხაზეთში და ოსეთში რუსული ტანკები ასე გაამართლა:

„1991 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა გამსახურდიამ ლოზუნგით „საქართველო ქართველებისათვის“ ბრძანა სოხუმისა და ცხინვალის შტურმი. ათასობით დაღუპული, ათი ათასობით დევნილი, განადგურებული სოფლები – აი, ამ ყველაფრის შედეგი“.

სახალხო ფრონტის ყრილობაზე ზვიად გამსახურდიამ განაცხადა: „საქართველო არის ქართველების ქვეყანა, ეს აქსიომა უნდა იყოს წარმოდგენილი და არეკლილი ამ პროგრამაში და კონსტიტუცია უნდა გამოხატავდეს ქართველი ერის ინტერესებს და ამავე დროს ყველა პიროვნების ინტერესებს რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის“.
აშშ-ს პირველი ნაბიჯები საქართველოში

1991 წლის 29 მარტს, ჯორჯ ბუშის დავალებით, საქართველოს ეწვია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი.

ვიზიტი ოფიციალური არ იყო. იგი გაცნობით ხასიათს ატარებდა. სტუმარმა გამსახურდიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აშშ საქართველოსთან ურთიერთობით იყო დაინტერესებული. გამსახურდიამ კი აშშ-სთან პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის სურვილი გამოხატა. ამის შემდეგ აქტიურად საუბრობდნენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრის ორგანიზების თაობაზე. 1991 წლის 6 ივლისს გამსახურდიამ ამერიკელ კოლეგას ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.

ოფიციალურ წერილში ის დასძენდა: “იმედი გვაქვს აგრეთვე, რომ საქართველო მალე მიაღწევს სრულ დამოუკიდებლობას, მსოფლიო ერთა თანამეგობრობის, დემოკრატიული წრეების, პირველ რიგში აშშ-ისა და პირადად თქვენი მხარდაჭერით, ბატონო პრეზიდენტო”.

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამსახურდია ამერიკის სალჩოშიც (მოსკოვი) მიიწვიეს. ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება იმედის თვალით უყურებდა ვაშინგტონს და მხარდამჭერ მესიჯებსაც უგზავნიდა, თანაც ამას აკეთებდა ისე, რომ მოსკოვის მწვავე რეაქცია არ გამოეწვია. თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაცივდა, რაც პრეზიდენტმა ბუშმა გარკვევით განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერდა გორბაჩოვს და საბჭოთა კავშირის ფედერაციად გარდაქმნას. საქართველოც ამ ფედერაციის ნაწილად მოიაზრებოდა.

იმ პერიოდში ამერიკის პრეზიდენტი გორბაჩოვთან უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებებს აფორმებდა და საქართველოს გამო კრემლთან ურთიერთობებს არ დაძაბავდა. ამგვარად, საქართველოს იზოლაცია გეოპოლიტიკური სიტუაციით იყო განპირობებული და არა გამსახურდიას ქმედებებით. ყველაფერი შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემებრს აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.

1991 წლის დეკემბერში გამსახურდიამ ბრიუსელში დელეგაცია გააგზავნა პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილის ხელმძღვანელობით. ქართველები ევროპარლამენტის საგარეო კომისიის საგანგებო სხდომაზე მიიღეს. როგორც გუგუშვილი იხსენებს, მან ევროპელ დეპუტატებს პრეზიდენტ გამსახურდიას და საქართველოს პარლამენტის თხოვნა გადასცა, რათა ეცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და აქტიურად ჩართულიყვნენ სამაჩაბლოს სამშვიდობო პროცესში. ამის შემდეგ, ნატოს შტაბ-ბინაში, ქართული დელეგაცია ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მანფრედ ვორნერმა მიიღო. მან გამოთქვა იმედი, რომ „საქართველოსა და ნატო-ს კავშირები მეგობრული, მტკიცე და მრავალმხრივი“ გახდებოდა.

ამგვარად, სწორედ პრეზიდენტ გამსახურდიას მმართველობის დროს დაიწყო აშშ-თან, ევროგაერთიანებასა და ნატოსთან ურთიერთობები.

(გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ მასალები)

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here