“საშიში საბაგიროები“, რომელსაც ხელისუფლება ჭიათურაში აშენებს

1695

“ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის ერთ მშვენიერ დღეს ჭიათურაში რეაბილიტირებულ საბაგირო გზებს გახსნის, საზეიმოდ! ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას მოწვეული სტუმრების, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების სტუმრობის გარეშე არ ჩაატარებენ. გონივრული ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ ამ დღესასწაულს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დაამთხვევენ და წინსვლით და პროგრესით თავს მოიწონებენ. ერთი შეხედვით საზეიმო იქნება კიდეც, რადგან ეს ძალიან ხმაურიანი და საეჭვო პროექტი ბოლოს და ბოლოს დასრულდება, თუმცა, რა დაიწყება, ამაზე ჯერ არავინ ფიქრობს!

ვიდრე იმაზე დაფიქრდებიან, რა დაიწყება, მოკლედ იმაზე – რა იყო! იყო საბჭოთა კავშიროსდროინდელი, ამორტიზებული საბაგირო გზები, რომელზე მოთხოვნა ამორტიზებულობის მიუხედავადაც არ შენელებულა, რადგან საბაგირო გზები მთავარ საზოგადოებრივ ტრანსპორტს წარმოადგენს მაღაროელთა ქალაქში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჭიათურის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მსხვილბიუჯეტიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ჭიათურლები ინდუსტრიული კულტურული ძეგლის დანგრევას აპროტესტებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, 2015 წელს შესაბამის ხელშეკრულებას ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და ფრანგული კომპანიის “Pomagalski”-ის ვიცე-პრეზიდენტმა კრისტიან ბუვიემ მოაწერეს. გაწერილი პროექტის მიხედვით, მოსამზადებელი-სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო და ახლა ჭიათურლები ახალი საბაგირო ტრანსპორტით უნდა გადაადგილდებოდნენ, მაგრამ საეჭვოა მისი დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომამდე მაინც მოესწროს. პროექტი ჯამში 42 მილიონ ლარამდე ჯდება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს ჩაუტარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრს (2480 მეტრს) შეადგენს. ფულს ცხადია, საქართველო გადაიხდის, თუმცა გრძელვადიანი სესხით და დაბალი საპროცენტო განაკვეთით, რადგან როგორც ყველა სხვა მსხვილბიუჯეტიანი პროექტების შემთხვევაში, აქაც ვისესხეთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან.

ახალი პროექტი

პროექტის მიხედვით, რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს, როგორც ადრე. ახალი საბაგირო გზები თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა აშენდეს და მოეწყოს. საბაგირო გონდოლური ტიპის იქნება, რომლის სიჩქარე წამში 5.5 მეტრია. კაბინები კი 6 ადამიანზე იქნება გათვლილი. ჭიათურაში არსებული საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაწყებულია. აშენდება 4 რევერსიული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზა: 1. სანატორიუმი (862 მ); 2. ნაგუთი (1081 მ); 3. ლეჟუბანი (845 მ) და 4. მუხაძე (640 მეტრი).

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია ”Pomagalski” უზრუნველყოფს. სამშენებლო სამუშაოებს კი რატომღაც კომპანია „დაგი“ ახორციელებს, რომელსაც მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება არ აქვს, თუმცა როგორც გვითხრეს, „დაგის“ უკრაინელი პარტნიორები არიან აღჭურვილები ასეთი გამოცდილებით. ასეთ შემთხვევაში ამბობენ – კომენტარის გარეშე!

სამშენებლო კომპანიას ცხადია ვერ მოთხოვ, გაუმართავი პროექტის მიხედვით რატომ აშენებო, მაგრამ, რაც ჭიათურაში ამ მშენებლობაზე ხდება, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტი და რეალობაა.

მთავარი პრობლემა არასწორად დაგეგმილი პროექტია, რომელიც 42 მილიონ ლარზე მეტი უჯდება ჩვენს ქვეყანას და რომელიც სიკეთის ნაცვლად, მოსახლეობის თავსატეხი გახდა. საფრთხის და რისკების შემცველი მათთვის!

“2020NEWS“- მა გადაიღო შესაბამისი ფოტო მასალა, თუ სად და როგორ განთავსდება ახალი სადგურები და შესაბამისი აღჭურვილობა. ეს არის ნაწილი ფაქტობრივი მტკიცებულება, რომელიც პროექტის ხარვეზებს ასახავს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა არაფერს დამტკიცება არ სჭირდება, ისედაც გასაგებია!

“2020NEWS“- მიმართავს საქართველოს ხელისუფლებასაც, რამდენად ნორმალურია ის, რაც თანდართულ ფოტომასალაზეა აღბეჭდილი!


ამ ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ამ რკინა-ბეტონის კონსტრუქციასა და საცხოვრებელ კორპუსს შორის მანძილი ერთი მეტრიც არ არის. შესაბამისად, სრულიად დაუცველია უსაფრთხოების ნორმები და არანაირი გარანტია იმის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში უბედურება არ დატრიალდება, არ არსებობს! ამ კორპუსის მოსახლეობამ ეს მშენებლობა გააპროტესტა, საჩივრები წერა, იყვირეს, იჩხუბეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, მაინც ააშენეს. “აქ როგორ ვიცხოვრებთ, გავყიდით სახლ-კარს და წავალთო, მაგრამ ვინ იყიდის ამ სახლ-კარს?! ეს „საოცრება“ ჭიათურაში, ნაგუთის დასახლებაშია აშენებული. არანაკლები „საოცრება“ ამ ლოკაციიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში დგას.

ეს ჭიათურაში მდებარე მე-3 საჯარო სკოლაა. რკინა-ბეტონის ნაგებობა აქ სკოლასთან იმდენად ახლოს მდებარეობს, რომ განათლების სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა ამ პროექტზე დადებითი დასკვნის გაცემაზე, მაგრამ როგორც ხედავთ, „საოცრება“ აქაც დგას! ე.ი. დასკვნა გაცემულია.

ეს ფოტოები ქალაქში განთავსებულ სასაფლაოზე აშენებულ კიდევ ერთ „საოცრებას“ ასახავს. პროექტის დასაწყისში, ერთ-ერთი საფლავი ხელს უშლიდა გაწერილი პროექტის განხორციელებას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჭირისუფალთან მოლაპარაკებას მართავდნენ მიცვალებულის გადასვენების თაობაზე, მაგრამ როგორც ჩანს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ჭირისუფალმა მიცვალებული არ ამოთხარა და ეს რკინა-ბეტონის კონსტრუქციაც ისე დაიდგა, როგორც მოხერხდა, რაც ამ ფოტოზე თვალნათლივ ჩანს.

ძირითადი სადგური ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, საიდანაც საბაგირო გზის სამი მიმართულება გადის. ეს ლოკაციაც დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რადგან დაახლოებით 50 მეტრში მშენებარე ტაძარი მდებარეობს და სასულიერო პირების აღშფოთებას იწვევდა ამ რევერსიული გონდოლების ეკლესიასთან მეტისმეტად ახლოს ფრენა. საქმე პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და ასევე პირადად იყო ჩართული ამ საქმეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. საპატრიარქოს პოზიცია იმდენად კატეგორიული იყო, რომ სახელმწიფოს პირვანდელი პროექტის გადაკეთება დასჭირდა, თუმცა რევერსიული გონდოლები ტაძრის თავზე მაინც იფრენენ.

ამ მრავალჭირნახულ პროექტს ბევრი კურიოზიც შეემთხვა, მაგრამ საკითხი იმდენად სენსიტიურია, რომ კურიოზებზე საუბარი ძალიან უადგილოა!

ვინაიდან ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ჭიათურის ყოფილი გამგებელი და მოქმედი მაჟორიტარი სულხან მახათაძეა, რომელიც ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებული პირია, „2020NEWS“-მა მას რამდენიმე კითხვით მიმართა. ცხადია, მთავარი კითხვა მოსახლეობის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. როგორც გაირკვა, მისთვის უცნობია, რა საფრთხეებზე საუბრობს მოსახლეობა.

სულხან მახათაძე:

მშენებლობა 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გარკვეული სახის დავებმა შეაფერხა მშენებლობის დროულად დასრულება. ვადასტურებ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო და ამის გასაკეთებლად, მთავრობის და ხელისუფლების დახმარებით ყველაფერი გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, იქ წარმოიშვა გარკვეული დავები კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. ამან გამოიწვა ის, რომ ფაქტიურად ეს პროცესი შენელდა, თუმცა დღეს უკვე ნორმალურად მიმდინარეობს სამუშაოები. ამ ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ახალ საბაგიროს გზას გავხსნით, რომელსაც არა მხოლოდ ტურისტული დატვირთვა აქვს, არამედ სოციალური კუთხითაც გამოვიყენებთ”,- აცხადებას მახათაძე.

დეპუტატისთვის გაუგებარია რა საფრთხეებზე და რისკებზე საუბრობს მოსახლეობა. ის განმარტავს, რომ 50 წლიანი გამოცდილების ფრანგული კომპანია ატარებს სამუშაოებს და მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოება. შეგახსებენთ, სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია „დაგი“ ახორციელებს.

“საფრთხის შემცველი რა კუთხით არის? – ეს არის მშენებლობა, რომლის ტექნიკურ ზედამხედველობას განსაკუთრებით უწევს ეკონომიკის სამინისტრო. პროექტი ფრანგულმა კომპანიამ მოამზადა, რომელსაც 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და ფაქტიურად წერტილ-წერტილ გაიარეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს“, – აცხადებს მახათაძე.

დეპუტატი ამბობს, რომ გარკვეული დავები მიმდინარეობდა სასამართლოში, რამაც შეაფერხა სამუშაოები.
“ზუსტად აღარ მახსოვს, თავდაპირველად სასამართლოში დავა იყო ძველი საბაგიროების შესახებ, იყო კერძო დავებიც, მაგრამ ამ დროისთვის ყველა დავა დასრულებულია და იმედი მაქვს, ზაფხულში მშენებლობა დასრულდება“, – აცხადებს ჭიათურის მაჟორიტარი.

ჭიათურის საბაგირო გზების მოკლე ისტორია

1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველ სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები. ბაგირგზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა, რაც მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას რისკის ქვეშ აყენებს.

https://www.facebook.com/pg/ChiaturaINFO.GE/photos/?tab=album&album_id=609961939025961

ჭიათურის საბაგირო გზები გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებს შორის მოხვდა, რომელმაც ასევე შეიძინა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სტატუსი.

„ევროპა ნოსტრას“ ექსპერტთა ჯგუფმა 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. ქართულ ძეგლებთან ერთად, 12 ფინალისტს შორის მოხვდა გამორჩეული ძეგლები ავსტრიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ალბანეთიდან.

2 კომენტარები

  1. ცუდია როცა საბაგირო ტექნოლოგიებს არ იცნობთ და სტატიას ამგვარი დილეტანტური მიდგომით წერთ. საშიში აქ არაფერი ხდება, დაგის პარტნიორი არის პოლტავა სკი რომელიც ბევრგან იღებს საბაგირო ტრანსპორტის მონტაჯში მონაწილეობას. ბუნებრივია მშენებლობას ახორცილებეს ქართლი მხარე და შემდეგ პომა თავად განახორციეებს საბაგირო ტექნიკის მონტაჟს და გამოცდა სისრულეში მოყვანას.

    სადგურების განგალება ნაგუთშიც, სანატორიუმზეც და ლეჟუბანში და მუხაძეზეც საუბარია ზედა სადგურებზე განსაზღვრა გამგეობამ და რა ფრანგებმა. ფრანგებმა მათ მიერ მითითებულ ადგილებზე განახორციელეს შემდეგ დაპროექტება თავად უკეთესი ტრასირების ვარიანტები ჰქონდათ წარმადობის მხრივ უბრალოდ. განსხვავება მეტი არაფერია.

    საბაგიროები რაც შენდება ოთხივე ხაზი არის ქანქარისებური ტიპის (გონდოლური საბაგირო არ არსებობს) არსებობს წრიული და ქანქარისებური პრინციპით მომუშავე, იგივენაირი იქნება რაც ძველი წინ და უკან მოძრავი ვაგონებით სადგურბში ყოველგვარი მოტრიალების გარეშე, უბრალოდ ძველისგან განსხვავებით ორხაზიანი მარშრუტები კთდება, ძველეი იყო ცალხაზიანი ცალვაგონიანი. თითოეული ვაგონი იტევს 15 ადამიანს და არა 6-სს საიდან მოიტანეთ ეს გაუგებარია 🙂

  2. რა საინტერესოა არსებული სახით რომელი “ფრანგული” მხარე მიიღებს ექსპლუატაციაში შუალედურ საყრდენებს?! ან რატომ არ გამოიყენა “ფრანგულმა” მხარემ პროექტის შედგენისას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები რითაც თავიდან აიცილებდნენ დაუსრულებელ სასამართლო პროცესებს და პროექტიც უფრო რენტაბელური გახდებოდა.ან რომელი სამშენებლო ნორმის მიხედვით აკეთებენ შუალედურ საყრდენებს საცხოვრებელი კორპუსიდან დაახლოებით 1 მეტრის რადიუსში,ან სასწავლო დაწესებულების ეზოში(მითუმეტეს სპორტულ მოედანთან ახლოს).ან თუ აქვს ვინმეს ილუზია რომ არსებული პროექტი გაუძლებს სეისმურად აქტიურ რეგიონში არსებულ გამოწვევებს.ყველაზე საინტერესო მაინც ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხია რომელიც ნამდვილად ქართულია და შეგვიძლია ვიამაყოთ რომ “ფრანგულთან” არანაირი კავშირი არ აქვს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here