“ვკითხე, თაკოს ტელეფონი საიდან გაქვს მეთქი? სიცილით მიპასუხა – სად ხარ, რას კითხულობ, შენი შვილი უკვე მიწაშიაო”

2824

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის დედა ნათია გობაძე ადასტურებს, რომ ვეფხია ბაქრაძის შეწყალება ითხოვა, თუმცა ამბობს, რომ მეუღლემ თავგზა აუბნია და იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა.

ამასთან, მოკლულის დედა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აცხადებს, რომ ბაქრაძემ ის სამსახურში მიმავალი გზიდან დაშინებით წაიყვანა, მოწმეებიც დაახვედრა და დაქორწინება აიძულა.

ნათია გობაძე უარყოფს ყოფილი მეუღლის მოსანახულებლად ციხეში ვიზიტებს და მისთვის ფულის ჩარიცხვის ფაქტებს.

“მხოლოდ ერთხელ ვინახულე ციხეში, რადგან დამირეკა და მთხოვა, ჩემთვის მნიშვნელოვანი რამის თქმას აპირებდა, მეტჯერ არ ვყოფილვარ და არც ფული გადამირიცხავს, რაზეც ციხიდან გამოსვლის შემდეგაც სულ მსაყვედურობდა. რაც ციხიდან გამოვიდა, ტელეფონზე სულ სასიყვარულო მესიჯებს მწერდა, რადგან სატელეფონო ზარებს არ ვპასუხობდი. მეუბნებოდა, შევიცვალეო, ვიყიდე სახლი და ორი მანქანაო. არ ვიცი ციხეში ასეთი რა იშოვა, რომ გამოვიდა თუ არა ამდენი რამ შეიძინა.

საპატიმროდან დამირეკა და მთხოვა, ჩემ შვილს ლიკას სოციალური დახმარების მისაღებად საბუთი სჭირდებაო და მოკლედ, თავგზა ამიბნია. დავწერე, რომ შეეწყალებინათ. სამი წელი ჰქონდა მისჯილი და ექვსი თვით ადრე თუ გამოვიდოდა, რა აზრი ჰქონდა“, – ამბობს ნათია გობაძე.

გობაძე აცხადებს, რომ ვეფხია ბაქრაძე საკუთარი შვილების მიმართაც დაუნდობელი იყო. მისივე თქმით, ხუთი თვის ორსული ქალიშვილი უმოწყალოდ სცემა.

“ჩემამდე სამი ცოლი ჰყავდა და ვიცი, რომ სახლს, სადაც მისი მეორე ცოლი და ბავშვი იმყოფებოდა, ბენზინი დაასხა და ამოწვას უპირებდა. მაშინაც დაჭერილი იყო ცოტა ხანს. მას ყოველთვის მფარველობდნენ და პატიობდნენ, ლოიალურად ეპყრობოდნენ როგორც ყოფილ თანამშრომელს. მისი ძმაც პოლიციაში მუშაობდა და გავლენიანი მეგობრები ჰყავთ.

ვიდრე სასიკვდილოდ მცემდა, დაჭერამდეც სამი-ოთხი შემაკავებელი ორდერი იყო მასზე გამოწერილი, მაგრამ მაინც გააკეთა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. მანიაკია და სულ მეშინოდა, რომ არც ახლა დაგვინდობდა.

მემუქრებოდა, კიდევ თუ ერთ სიტყვას დაწერ ჩემს წინააღმდეგ, ყელს გამოგჭრიო. თებერვალში ძალით ჩამსვა მანქანაში და კუმისში ამიყვანა. ჯაჭვებით დამაბა და ისე მცემა. როცა ცემით გული იჯერა, შემდეგ მომხსნა ჯაჭვები, აფთიაქში წამლები მიყიდა და მასმევდა, მერე პირიქით, სითბოთი მეპყრობოდა“,- აცხადებს მოკლული ახალგაზრდა ქალის დედა.

მისივე თქმით, ქორწინების რეგისტრაცია მისთვის არაფერს ნიშნავდა, რადგან საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა.

“ქორწინების რეგისტრაცია ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, რადგან ჩემი გეგმა მქონდა. ვაპირებდი ჯერ აქ სოფელში ჩამოვსულიყავი, ქორწინება გამეუქმებინა და მერე საზღვარგარეთ წავსულიყავი.

იმ საღამოს, როცა შვილთან ერთად პოლიციაში წავედი, განცხადებაში დავწერეთ, რომ სახლის კარი დაზიანებული იყო და კარგად ვერ დავკეტეთ. ეჭვი გვქონდა, რომ ჩემმა ყოფილმა ქმარმა ის წინასწარ განზრახ დააზიანა. ეს ეჭვი გამართლდა კიდეც, რადგან ის სახლიდან ჩვენს გასვლას ელოდა, მერე ავიდა სახლში, სიგარეტიც მოუწევია, ყავაც დაულევია და ელოდებოდა თაკოს, რომელიც მერე შვილების თვალწინ მომიკლა.

ტელეფონზე ინტენსიურად ვურეკავდი ჩემ შვილს. მოგვიანებით მან მიპასუხა. ვკითხე, თაკოს ტელეფონი საიდან გაქვს მეთქი? სიცილით მიპასუხა – სად ხარ, რას კითხულობ, შენი შვილი უკვე მიწაშიაო.

არ ვიცი რა ვთქვა, ეგ ადამიანი არის მანიაკი და შეურაცხადი“, – ამბობს მოკლულის დედა ნათია გობაძე და იმედი აქვს, რომ მართლმსაჯულება მას უვადო პატიმრობას განუსაზღვრავს, რადგან საზოგადოებისთვის საშიშია.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here