ირაკლი ალადაშვილი – დასავლეთმა ეკონომიკური ომი უნდა მოუგოს პუტინს, ომს და ბომბების სროლას ეს ჯობია

126

ინტერვიუ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარ რედაქტორთან ირაკლი ალადაშვილთან

– ბატონო ირაკლი, დღეს გაერო-ში ახალი „შავი სია“ შეიქმნება. აშშ-ის ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, მორიგი სანქციები დაწესდება რუსული კომპანიების და იმ რუსი ბიზნესმენების მიმართ, ვინც სირიაში ასადთან და ქიმიური იარაღის გამოყენებასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. როდემდე გაგრძელდება სანქციების დაწესება და რას მოუტანს ის ამ კომფლიქტში ჩართულ ორივე მხარეს?

– დღევანდელი ვითარება ძალიან წააგავს 1962 წლის მოვლენებს, როდესაც საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის კუბაში განვითარებული მოვლენების გამო დაპირისპირება კინაღამ გადაიზარდა მე-3 მსოფლიო ომში. მართალია, დღეს დაძაბულობა და რისკები სერიოზულად იზრდება, მაგრამ ჯერ არ არის მაინც ის ზღვარი, როდესაც მე-3 მსოფლიო ომის საშიშროებაზე ვიფიქროთ.

სანქციებს რაც შეეხება, აბსოლუტურად სწორი მიმართულებაა. ეს აქამდეც უნდა დაწყებულიყო. როდესაც რუსეთმა საქართველოს მიმართულებით სამხედრო აგრესია გამოავლინა, დასავლეთისთვის ეს უნდა ყოფილიყო განგაშის ზარი. ჯერ კიდევ მაშინ დასავლეთი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო და განცხადებებთან ერთად სანქციებიც უნდა დაეწყო. თუმცა სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცადეს, წაუყრუეს. ახლა ამერიკელებმა იგრძნეს სერიოზული საფრთხე და გააქტიურდნენ. ცდილობენ რუსეთი ყველანაირად ჩიხში მოაქციონ და განძრევის საშუალება არ დაუტოვონ.

– აპრილის დასაწყისში 35 რუს ბიზნესმენს სანქციები დაუწესეს, მანამდეც იყო მსგავს სადამსჯელო ღონისძიებები გატარებული, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. უფრო მეტიც, ამ სანქციების შემდეგ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს მუქარის მესიჯებს უგზავნიდნენ. რა შედეგს მოიტანს გაეროში დღეს გამოცხადებული სანქციები? თქვენ, როგორც სამხედრო ექსპერტი რას ელოდებით?

– სწორი შეკითხვაა. ეკონომიკური-პოლიტიკური სანქციები დღეს შეიძლება არ იყოს ეფექტური, თუმცა აუცილებლად ექნება ამას ეფექტი. რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ის სანქციები თითქოსდა არ აშინებს. მუქარები ორივე მხრიდან კულმინაციას აღწევს. მაგრამ სხვა გამოსავალი ჯერ არ ჩანს. ომს და ბომბების სროლას სჯობია ეკონომიკური ომი მოუგო პუტინს. რეალურად, სანქციები დაწესდა რუსეთის ხელისუფლებისა და მისი რეჟიმისთვის პრობლემების შესაქმნელად. მათთვის ბიზნესის კუთხით პრობლემების შექმნამ, წესით, პუტინის წრეში ერთგვარი უკმაყოფილება და რღვევა უნდა გამოიწვიოს. ის ოლიგარქები, რომლებიც აქამდე მიჩვეულები იყვნენ უზარმაზარ ძალაუფლებას, ტრამპი მათ ეკონომიკური წნეხის ქვეშ მოაქცევს და ეს მათ არ მოეწონებათ. ელემენტარულად იმ ქვეყნებში შესვლას ვერ შეძლებენ.

მე როგორც სამხედრო მიმართულებით მომუშავე ადამიანს, მაინც მიმაჩნია, რომ სწორია და მართებული სანქციების დაწესება. თუ ამას დაემატება ნავთობის ფასის დაცემა, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს მოხდა, რუსეთის ხელისულებას შეექმნება ეკონომიკური პრობლემა. მაშინ ის ვერ იფიქრებს სხვის დაპყრობაზე, დაბომბვაზე და ომზე. პუტინს ეს სანქციები ცოტას დააოკებს.

– უცხოური პრესა პუტინისა და ტრამპის ხასიათის პარალელებზე საუბრობს. თუმცა წერს, რომ აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს ერთი საერთო თვისება – ამპარტავნობა აერთიანებთ. დათმობას და უკანდახევას არ აპირებს არც ერთი…

– ტრამპმა ხასიათი უკვე გამოავლინა. ტრამპი მოიქცა განსხვავებულად, ვიდრე მისი წინამორბედები. მან ფხა გამოიჩინია, რუსეთთან სხვანაირი საუბარი შეუძლებელია. რუსეთი პატივს სცემს მხოლოდ ძალას. როდესაც ამერიკულმა რაკეტებმა სირიაში სტარტი აიღეს, რუსეთს საპასუხო რაკეტები არ გაუშვია, არც სხვაგან ჩაუდენია სამხედრო აგრესიული ქმედება. მე არ ვამბობ რომ პუტინი უკან დახევას შეძლებს, მას დღეს ძალიან გაუჭირდება შეცვალოს ის რეჟიმი, რაც ჩამოაყალიბა, პუტინი თავისივე რეჟიმის მსხვერპლი გახდება. მთავარია დასავლეთი დადგეს ერთად. გასაგებია, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ ამან არ უნდა შეაშინოს დასავლეთი.

– გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია მსოფლიოს ორი დიდი ლიდერის შეხვედრა. როგორ ფიქრობთ, შეხვდებიან?

– აუცილებლად შეხვდებიან. სხვა გამოსავალი არც ტრამპს რჩება და არც პუტინს. თუ ეს პროცესები, არსებული დაპირისპირება მათ დიპლომატიურ ფორმატში არ გადაიყვანეს, მაშინ მართლა გარდაუალი იქნება მე-3 მსოფლიო ომი. კომფლიქტის, ომში გადაზრდის შანსები გაზრდილია, მაგრამ კრიტიკული არ არის. იმედია, მოსკოვში და ვაშინგტონში ეყოფათ ჭკუა არ გადაზარდონ კრიტიკულში.

– თუ მე-3 მსოფლიო ომამდე მივედით, საქართველოს რისკები როგორ გამოიყურება?

– საქართველოში რისკი ყოველთვის მაღალია. ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი, მაგრამ ვართ ნატო-სთან დაახლოებული ქვეყანა და ვმტრობთ რუსეთს, იმიტომ რომ ის გვმტრობს ჩვენ. მითუმეტეს 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველო ყოველთვის რისკის ქვეშ არის. თუ არ ჩავთვლით ავღანეთს, რუსეთმა 21-ე საუკუნეში, პირველად ოფიციალურად შეიყვანა ჯარი სხვა ქვეყანაში საომრად. კორეაში, ვიეტნამში ის მალავდა, რომ მონაწილეობდა. 2008 წელს კი მან ოფიცილურად განაცხადა სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ. ამიტომ, გამორიცხული არ არის ერთერთი ცხელი წერტილი გავხდეთ რუსეთ-ამერიკის სამხედრო დაპირისპირებაში, თუმცა იმედი დავიტოვოთ რომ ეს არ მოხდება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here