რა აკავშირებს კახი კალაძეს ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიასთან და მის ბიზნეს პარტნიორებთან?

1290

ხვალ თბილისის მერი კახი კალაძე, დედაქალაქში პარკირების მოწესრიგების მიზნით, „სითი პარკის“ ჩამნაცვლებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერის გამოცხადებას დაანონსებს. ამ ტენდერის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ სახელისუფლო კულუარებში აღარ დარჩა მაღალი თანამდებობის პირი, ვინც არ შეაწუხეს და საქმეში ჩარევა არ სთხოვეს. თუმცა „2020NEWS“ უთხრეს, რომ ყველაზე მეტი შანსი აღნიშნული ტენდერის მოგების, ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას და მის ბიზნეს-ჯგუფს აქვს. სააგენტო დაინტერესდა, ვინ არის და რას საქმიანობს, ან რა ბიზნესებს ფლობს ხვიჩა მაქაცარია. მისი ბიზნეს-პალიტრა და სახელისუფლო კავშირები და გავლენები ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, რომელიც უკვე წლებს ითვლის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნიდან დღემდე!

მაქაცარიას გვარი ბევრ ხმაურიან მოვლენას უკავშირდება, რომელზეც მედია წლების განმავლობაში წერდა. ამ ხმაურიან მოვლენებზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ გასული წლის ზაფხულში, ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნებში, ხვიჩა მაქაცარია ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. თუმცა, ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ალბათ ვეღარც იცლის, მისი ბიზნესინტერესების პალიტრა იმდენად მრავალფეროვანია.

ვინ არის ხვიჩა მაქაცარია? – მისი ბიოგრაფიული დეტალები ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება. ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი ინფორმაცია, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობისთვის ძალიან საინტერესოა – არ არის გამორიცხული დედაქალაქის მერიამ „სითი პარკის“ შემცვლელად სწორედ მაქაცარიას კომპანია შეარჩიოს ტენდერში.

ამ საკითხზე ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში საუბრობდა დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ირწმუნებოდა, რომ „სითი პარკის“ ჩანაცვლებით ხვიჩა მაქაცარია და მისი ბიზნეს-ჯგუფი იყო დაინტერესებული და მზად იყვნენ, რომ ებრაულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირგასამტეხლო 25 მილიონი ლარი გადაეხადათ. მაშინ კალაძემ ამ ინფორმაციას აბსურდი უწოდა, თუმცა რაღაც-რაღაცეები საკმაოდ უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს – კალაძემ „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფრთხილებლად გაუწყვიტა და ახალ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციების შესრულება სატრანსპორტო კომპანიას დაავალა. გასული წლის ზაფხულში კი ხვიჩა მაქაცარიას „თიბისი ბანკში“ კრედიტი, 50 მილიონი ლარი დაუმტკიცეს და ის ამ თანხით, სწორედ “სითი პარკის“ გაშვების შემთხვევაში, მერიის ვალდებულებების დაფარვას და ტენდერისთვის მომზადებას აპირებდა!

თუ კულუარულად გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სააგენტოს მიაწოდეს, სწორია, მაშინ ირკვევა, რომ კალაძე ცდილობს ხვიჩა მაქაცარიას და მისი პარტნიორების კომპანია ამ ამბავში უხმაუროდ შემოიყვანოს, მაგრამ წარმოუდგენელია, ამ ამბავმა ხმაურის გარეშე ჩაიაროს!

ხვიჩა მაქაცარია „ჯი ემ სი“ ჯგუფის ერთ-ერთი მფლობელია. იგი „ჯი ემ სი“ ჯგუფში 20%-იან წილს ფლობს. „ჯი ემ სი“ ჯგუფი რომ ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესჯგუფია, რამდენიმე მილიარდიანი ქონებით, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია და ამ ჯგუფის საქმიანობის შესახებ, მოგივიანებით ვისაუბრებთ. ამ შემთხვევაში კი ერთი საინტერესო დეტალი, დედაქალაქის მერთან დაკავშირებით ის არის, რომ „ჯი ემ სი ჯგუფმა“ კახი კალაძის კუთვნილი „საქჰიდრომშენი“ ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში იყიდა!

ერთ-ერთი ხმაურიანი საქმე, რომელიც მაქაცარიას და მის ბიზნეს-ჯგუფს უკავშირდება, „კავკასუს ონლაინის“ წილების ძალადობრივი გზით დასაკუთრებას ეხება. „კავკასუს ონლაინი“ მის ყოფილ მფლობელს მამია სანადირაძეს ძალადობრივი გზით დაათმობინეს, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე. სანადირაძე კატეგორიულად აცხადებს და ამ დრომდე დავობს, რომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია მას სწორედ ხვიჩა მაქაცარიამ და ლევან ყარამანიშვილმა წაართვეს და მათ უკან, სანადირაძის მტკიცებით, კახი კალაძე დგას. ცნობისათვის ეს ლევან ყარამანაშვილი “რუსთავი 2”-ის წილის მფლობელი ლევან ყარამანაშვილია. კახი კალაძე მათთან კავშირს ასევე კატეგორიულად უარყოფს.

ხვიჩა მაქაცარიას გვარი ფიგურირებს „ბილაიანის“ მფლობელი კომპანიის მეპატრონეებს შორისაც. კავშირგაბმულობის კომპანია “მობიტელი” საქართველოში “ბილაინის” ბრენდით 2007 წელს შემოვიდა. კომპანია რუსული „ვიმპელკომის“ ჯგუფის წევრია. “ბილაინი” საკუთარ აბონენტებს ფიჭური კავშირის მომსახურებას აწვდის. „ვიმპელკომი“ “მობიტელს” ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს – „ვოთერთრაილ ინდასტრიზს“ 51% ეკუთვნის, „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%, მირენ ინვესტი კი 20% ფლობს.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა მაქაცარიამ და თემურ არონიამ 2013 წელს დააფუძნეს კომპანია Caucaus Business Solution (CBS) სადაც 11 კომპანია გააერთიანეს. მათ შორისაა სატელეკომუნიკაციო კომპანია “კავკასუს ონლაინი”. შპს ,,თბილისის მიკროავტობუსი“, ტოტალიზატორი „ევროპაბეთი“, სატელეკომუნიკაციო კომპანია „რკინიგზის ტელეკომპანი“, სასტუმრო ბათუმში „ინტურისტ პალასი“, რესტორნების ქსელი და ლუდსახარში „მირზაანი“, რესტორნების ქსელი GMC Group, რომელიც აერთიანებს და მენეჯმენტს უწევს ცნობილ რესტორნებს ,,ძველი სახლი’’, ,,შემოიხედე გენაცვალე’’, ,,სლოვინსკაია’’, “ქალაქური”, “მატრიოშკა”, “გურმანი”, რესტორანი-ტერასა ,,BOHEMA’’. CBS-ს ეკუთვნის სარეკლამო სააგენტო „ელეფანტი“, თელეთის ხორცკომბინატი და ეწ „დეზერტირების ბაზარი“.

კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება ხვიჩა მაქაცარიას და მის ბიზნესკომპანიებს. ცოტა ხნის წინ საქართველოში ეროვნული ლატარიის გათამაშება დაიწყო. ლიცენზიის მფლობელი მაქაცარიას და მისი ბიზნესპარტნიორების კომპანიაა.

როგორც ცნობილია, ამ ბიზნეს-ჯგუფმა რამდენიმე თვის წინ მოიპოვა ლიცენზია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ლატარიას 2027 წლამდე შპს „ჯი ენ ელ“-ი ჩაატარებს. ეს ექსკლუზიური უფლება ამ ჯგუფმა ფინანსთა სამინისტროსგან დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის დროს მიიღო. საინტერესო ის არის, რომ სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში შპს „ჯი ენ ელ“-ის კონკურენტი არ ჰყავდა და შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელიც ის გახდა.

ლატარიის ჩატარების უფლებამოსილება ამ დრომდე „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ ჰქონდა, რომელმაც საქმიანობა გასული წლის შემოდგომაზე შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 9 აგვისტოს შემდეგ ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი გახდა სახელმწიფო. ამ დრომდე უცნობია, თუ რა ბედი ეწევა აღნიშნულ წილს – დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელობაში გადავა.

კომპანია „ჯი ენ ელ“-ი გასული წლის 25 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რეგისტრაციის მომენტში კომპანიის 100%-იან წილს მისი მოქმედი დირექტორი ლევან ხუნდაძე ფლობდა. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელები უკვე ბულგარეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება New Games და შპს „ვინ“ არიან, რომლებიც იმ დროისათვის 50%-50%-იან წილებს ფლობდნენ. რეესტრის 2017 წლის 20 ივლისის მონაცემებით კი, New Games-ი კომპანიის 25%-იანი წილის; ხოლო „ვინ“ 75%-იანი წილის მფლობელები არიან.

New Games-ი ბულგარეთის ლატარიის ეროვნული კომპანიაა. რაც შეეხება კომპანია „ვინ“-ს, რეესტრში ის 2016 წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე კობა ღურწკაიაა. რეესტრის მონაცემებით, ღურწკაია შპს „სი ბი ეს ჯგუფის“ გენერალური დირექტორია, რომლის 50%-50%-იან წილებს ბიზნესმენები – ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონია ფლობენ. სამივე მათგანი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.

თავის მხრივ, „სი ბი ეს ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, მათ შორის არიან: „კავკასუს ონლაინი“, „ბილაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ პირველი სარესტორნო ქსელის მმართველი კომპანია „ჯი-ემ-სი ჯგუფი“, სასტუმრო „ინტურისტი“ და ა.შ.

რეესტრის მონაცემებით, ღურწკაია ასევე ფლობს 80%-იან წილს კომპანია „ჯეო ტოტო“-ში; „იმპექს სერვისის“ 10%-იან წილს; „ფორტუნა-ბათუმის“ 25%-იან წილს. ასევე არის შპს „სფოთ ფოინთ“-ის დირექტორი, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა. შპს „ჯი ენ ელ“-ს საქართველოში ლატარიის ჩატარებაზე ექსკლუზიური უფლება 2027 წლამდე აქვს.

რაც შეეხება ხვიჩა მაქაცარიას „ნაციონალურ“ წარსულს – მისი წარსულიც ასევე შთამბეჭდავია – ის ძალიან დაახლოებული პირი იყო დედაქალაქის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან, და ზოგადად, მაშინდელ პოლიტიკურ ელიტასთან. შესაბამისად, მას ყველა მიმართულებით გზა ჰქონდა გახსნილი. ჯერ კიდევ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მედიაში აქტიურად განიხილებოდა, როგორ მოიგო მისმა ერთ დღეს დაფუძნებულმა ოთხმა კომპანიამ ე.წ. „ყვითელი მარშუტკების“ ტენდერი და მილიონობით მოგება ნახა. ეს ხმაურიანი საქმე „ოცნების“ ხელისუფლებისთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ, როგორც ჩანს „გადაავიწყდათ“?!

მედიაშია ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, უგულავას დროს თბილისის მერიის მიერ სამარშრუტო ტაქსებზე გამოცხადებულ ტენდერში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა. ოთხივეს მფლობელი რეალურად ერთი ადამიანი იყო და ეს წილები მიდიოდა “ჯი ემ სი ჯგუფისკენ”. თითოეული კომპანია, რომელთა საწესდებო კაპიტალი 100 ლარი იყო, ერთ დღეს დარეგისტრირდა. ხოლო მათი დირექტორები, ამასთანავე, დასაქმებულნი იყვნენ “ჯი ემ სი ჯგუფში”. სქემა იყო ძალზე მარტივი: “ჯი ემ სი ჯგუფის” უკან მდგარი ადამიანები, მათ შორის – ხვიჩა მაქაცარია, შეთანხმდნენ ტენდერის პირობებზე და იმაზეც, როგორ უნდა გაყოფილიყო თანხა. ამ ოთხ კომპანიაში მათ საკუთარი ფული არ ჩაუდიათ. მაქაცარიამ სამარშრუტო ტაქსების შემოსაყვანად კრედიტები აიღო, რამაც, 100 მილიონი დოლარი შეადგინა. საბოლოო ჯამში, გარკვეული თანხა გაიყვეს ხვიჩა მაქაცარიამ, გიგი უგულავამ და “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთმა მფლობელმა, რომელმაც სესხი მისცა მაქაცარიას“, – წერდა მაშინ უფლებადამცველი ლევან ჩიტაძე.
მისივე ინფორმაციით, ოთხივე კომპანიის ანგარიშები კარიბის ზღვაში მდებარე ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, სადაც გაედინება თანხები ამ კომპანიებიდან. ზემოაღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს, თავის დროზე, საპროტესტო აქციის მონაწილე მძღოლებმა მიაწოდეს. კომპანიებიდან ყველაზე მსხვილი ლოტის მფლობელი გახდა “თბილ ლაინი”, რომელმაც ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონში მოიგო ტენდერი და მის საკუთრებაში გადავიდა სამარშრუტო ხაზები. ძველი თბილისისა და დიდგორის რაიონში ტენდერი მოიგო “კაპიტალ გრუპმა”, ისან-სამგორში გამარჯვებული გახდა “ფაბლიქ ქარი”, ხოლო დანარჩენ უბნებში – “თბილ ქარი”. ამის შემდეგ ოთხივე კომპანია სამართავად გადაეცა “თბილისის მიკროავტობუსს”. ხვიჩა მაქაცარიას საქმიანობა, რა თქმა უნდა, ამით არ შემოიფარგლება. ეს ადამიანი წლების განმავლობაში იყო სააკაშვილის კარის ბიზნესმენი. მაქაცარია, ძმები შარანგიები და ძმები ყარამანიშვილები წარმოადგენენ ერთ კლანს, კარტელს, რომელიც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ ექსკლუზიური უფლებით, ეწარმოებინათ საქართველოში ბიზნესი. მათ დღესაც აქვთ წილები კომუნიკაციების სფეროში, მედიაბიზნესში, ფლობენ ფარმაცევტულ და ნავთობპროდუქტების ბაზარს, სასტუმროების ქსელებს, განკარგავენ დიდი რაოდენობით უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც მფლობელებისათვის უკანონოდ არის ჩამორთმეული. მათია ლატარიის კომპანიაც, რომელიც ოფშორში რიცხავს თანხებს. ხვიჩა მაქაცარიასა და მისი ბიზნესკარტელის წარმომადგენელთა ქონების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ოფშორულ ზონაში. საქართველოში მათი ქონება არ ჩანს.

შეგახსებენთ, ეს ინფორმაციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ვრცელდებოდა მედიაში.
დაემატება თუ არა ამ ჯგუფის ბიზნესებს კიდევ ერთი – დედაქალაქის პარკირების მოწესრიგებისთვის შერჩეული კომპანია, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

როგორც ცნობილია, 10 აპრილიდან „სითი პარკს“ კახი კალაძის გადაწყვეტილებით, მერიასთან კონტრაქტი გაუუქმდა. ამ დროისთვის მის ფუნქციებს მერიის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს და განახორციელებს მანამდე, ვიდრე ახალი ტენდერი ახალ გამარჯვებულს არ გამოავლენს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here