სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურას სასამართლო მოუგო

77

სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურას სასამართლო პროცესი მოუგო. ის პროკურატურას მის წინააღმდეგ საქმის უკანონოდ აღძვრაში ადანაშაულებდა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურა თამარ მეარაყიშვილის მმართველი პარტიის, “ედინაია ოსეტიას” ცილისწამებაში ადანაშაულებდა.

სარჩელი დე ფაქტო სასამართლომ განიხილა და ე.წ. მოსამართლემ გადაწყვეტილება მეარაყიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა.

მიუხედავად ამ გამარჯვებისა, მეარაყიშვილის წინააღმდეგ დე ფაქტო პროკურატურას კიდევ ერთი საქმე აქვს აღძრული. მას დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან.

ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალამცველებმა 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს.

მაშინ ლენინეგორის (ახალგორის) დეფაქტო პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ოფიციალურად დასდო ბრალი იმის გამო, რომ ის ონლაინ-პორტალ „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებულ თავის პუბლიკაციებში მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტიას“ წევრს, სპარტაკ დრიაევს ცილს სწამებდა.

მაშინ მას ორივე პასპორტი ჩამოართვეს. მას შემდეგ თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ვერ ტოვებს.

30 აპრილს სახალხო დამცველმა თამარ მეარაყიშვილი ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here