ვაჟა ფშაველას პრემიაზე გურამ დოჩანაშვილი და თამაზ ტყემალაძე წარადგინეს

64

ვაჟა ფშაველას ფონდმა მწერალი გურამ დოჩანაშვილი და პუბლიცისტი თამაზ ტყემალაძე ვაჟა ფშაველას პრემიაზე წარადგინა.

შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიების მოპოვებაზე კონკურსი 20 აპრილს გამოცხადდა. იგი საქართველოს პრეზიდენტის 23 მარტის ბრძანებულებით შემქნილმა კომისიამ გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს ნამუშევრების წარდგენა პირველი მაისის ჩათვლით შეეძლოთ.

კონკურსის პირობების მიხედვით: შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ხუთისა, თითოეული 10 ათასი ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

ვაჟა ფშაველას სახელობის პრემია ენიჭება პირს, ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო, საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგად საკაცობრიო იდეალებით.

ლიტერატურის დარგში ვაჟა ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 ათასი ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას, მიენიჭება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

კომისია გამარჯვებულ ავტორებს უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here