“ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება

216

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით ,,ევროპულ საქართველოში“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

ბაქრაძე-ბოკერია-უგულავას გუნდში ძირითადად ორ კანდიდატს განიხილავენ – დავით ბაქრაძეს და გიგი წერეთელს. დიდი ალბათობით, „ევროპული საქართველო“ კანდიდატად მაინც დავით ბაქრაძეს წარადგენს. ეს ინფორმაცია ,,2020NEWS”-თან საუბარში ფაქტობრივად დაადასტურა გიგი წერეთელმა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა გამორიცხა.

“ბუნებრივია, საპრეზიდენტო კანდიდატი ციდან ვერ ჩამოფრინდება, დავით ბაქრაძე ისედაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა. შესაბამისად, მისი სურვილის შემთხვევაში, ის უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. ასეთ დროს გასათვალისწინებელია კვლევები, რეიტინგები. ჩვენ გვყავს პარტიაში ისეთი ლიდერები, რომლებიც საზოგადოების მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობენ. ამავე კვლევების თანახმად, მაღალი რეიტინგი აქვს დავით ბაქრაძეს“,- განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, “კანდიდატი აუცილებლად სამართლიანად უნდა შეირჩეს. გათვალისწინებული უნდა იყოს ხალხის აზრი და კვლევები”.

“რა თქმა უნდა, ყველა კვლევას ვერ ვენდობით, მაგრამ არსებობს კვლევები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ“, -აცხადებს წერეთელი.

,,2020NEWS” შეეცადა დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით, მაგრამ მან სააგენტოს ზარებს არ უპასუხა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here