ახლა სად ვარ?? ეს ციხე არ არის??? ამაზე უარეს ციხეში სად უნდა მომახვედროთ… მარადიულად ვერ ეძინება ერს, გამოვფხიზლდებით… ემიგრანტი დედის წერილი პარლამენტარებს

862

კანონპროექტი საფრთხის შემცველია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც. “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარის განცხადებით, ეს შესაძლოა

 ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ინსტრუმენტად იქცეს.

რაც შეეხება თავად ინიციატივის თანაავტორების პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ კანონის შექმნის მოტივაცია ვიზალიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება. 
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მმართველი გუნდის კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა.

სწორედ ამ ინიციატივას მიუძღვნა ემოციური პოსტი ქართველმა ემიგრანტმა ირმა შუშანაშვილმა:

“ციხეში ემიგრანტი დედა…

თურმე საშიში დამნაშავე ვყოფილვარ, 3-დან 6 წლამდე პატიმრობა მემუქრება, თუ აქაურ ყოფას ვერ გავუძლებ, შვილების მონატრებას ვერ გავუძლებ, სამშობლოს მონატრებას ვერ გავუძლებ და დავბრუნდები…
ბესელია, და დანარჩენო ცხრა ბრძენო…..
შეკითხვა მაქვს თქვენთან: ახლა სად ვარ?? ეს ციხე არ არის??? ამაზე უარეს ციხეში სად უნდა მომახვედროთ…..

26 წლის გოგო ციცქნა შვილებს ავწყდი და ემიგრანტი გავხდი…. რატომ ნეტავ, იმიტომ, რომ შენ დამნაშავედ გექციე??? თითი გამოგეშვირა ჩემსკენ და რა ვარ, რას მარქმევ ნეტავ…
დამნაშავე თქვენ ხართ, მე რომ სიცოცხლე მძულს იმაში, თქვენ ყველა….

23 წლის ვიყავი, ბაღში მეეზოვედ ვმუშაობდი (ამას იმიტომ არ ვწერ, რომ მიტყდება, ან მეთაკილება რამე სამსახური). ხელფასი 186 ლარი მქონდა… მთელი 6 ლარით მეტი ვიდრე საარსებო მინიმუმია, ფაქტიურად მდიდარი მერქვა. მოხვედით მთავრობაში და მეეზოვეებიც კი გაგვათავისუფლეთ, იქაც რომ თქვენი ხალხი დაგენიშნათ, გეგონება დიდი სასწაული თანამდებობა მქონოდა, დიდი გლოვით და ტირილით გამოვემშვიდობე სამსახურს, მეგონა, ცა თავზე ჩამომექცა.
ბედის გამიღიმა და ამ ასი დაპირებული ქარხნიდან ერთში ისევ დამლაგებლის ადგილი მერგო, სიხარულით წავედი, 186 ლარიდან 350 ლარი დიდი ნაბიჯი იყო….
როგორც საპნის ბუშტი ეს სიხარულიც მალე ჩაქრა, დაეძინა ქარხანას და აგერ უკვე მეოთხე წელია უხელფასო შვებულებაში ვარ…..
186-ლარიანი სამსახური ვიდარდე და აბა წარმოიდგინეთ, 350-ლარიან სამსახურზე რა დამემართებოდა….
აქვითინებული მივადექი დირექტორს, იმედით, რომ მალე დამაბრუნებდა… აგერ უკვე მეოთხე წელია იმედით ვუცდი დაბრუნებას…..

ჰო, კიდევ იყო ერთი ქარხანა, რომელსაც დიდი მინდვრები ჰქონდა, ბოსტნეული მოჰყავდა და მერე “ვაი” რეალიზაციას უწევდა….
აჰა და ახალი სამსახური გამოჩნდა, მგონი ჩემს ქუჩაზეც მოვიდა გაზაფხული….
დღეში 20 ლარი….
პირობა ასეთი იყო: დილის 6 საათზე უნდა გამოვცხადებულიყავი მინდორში და 8 საათი მემუშავა “კატასტროფა სიცხეში” მწვანე ლობიო უნდა გამემარგლა, გამეცალა ბალახი… (პირველი სირთულე  – ლობიოს ფოთოლზე ალერგია მაქვს მფოთლავს და ამ სიცხეში კიდევ ერთი სამსახური რომ არ დამეკარგა, მკლავიანი სვიტრი ან “საროჩკა” მეცვა, დიდად ვერ მიცავდა, მაგრამ მაინც)……
იქაც დროებითი აღმოჩნდა და მაშინ გაუჭირდა ქარხანასაც ხელფასების გადახდა…..
სწორედ მინდვრიდან იყო გზა საელჩოსკენ, საიდანაც ასე თქვენი თქმით, ციხის ღირს დამნაშავედ ვიქეცი…..
ეს მარტო სამსახურები მოგიყევით, ეკატერინე და დანარჩენო ცხრა….

იქამდე ირჯერ მოვხვდი სავადმყოფოში, ერთხელ ხელწერილით წამოვედი საავადმყოფოდან და ნეტა როს გამო??? უფულობის ხომ არა…. ჰო, სწორედ უფულობის გამო. ჩემს თვალწინ “გეი, ჰომოსექსუალი თუ ტრანსგენდერი”, რომელი იყო თვითონაც არ იცოდა, დააფინანსეს 100%-ით, მე გამომიცხადეს, რომ არ მეკუთვნოდა. კითხვაზე თუ “რატომ?”, პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო – “ამათ მთავრობა იცავს”
და მე რახან ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ ვარ, ეს იმას ნიშნავსდა, რომ ადამიანიც არ ვყოფილვარ.
მეორედ რომ მოვხვდი, ოპერაცია გავიკეთე და სწორედ ეს ახალი ნაოპერაციები ვიჯექი მინდორში და ვმარგლიდი, “ბალახს ვაცლიდი” ლობიოს….
ისე გავხდი ემიგრანტი, აზრზეც ვერ მოვედი, ჩავეხუტე შვილებს და ავედი ორსართულიან ავტობუსში, ფანჯრის მხარეს დავჯექი, შვილებიც ფანჯარასთან მომიდგნენ, დაიძრა ავტობუსი და ჩვენ ერთმანეთს ხელი დავუქნიეთ……
ასე ვიქეცი დამნაშავე ემიგრანტად… რომელმა სიტყვებმა უნდა აღწეროს, რა ჯოჯოხეთი და ცოცხლად სიკვდილი გამოვიარე……
რამდენჯერ გამიბუჟდა ხელფეხი და წამერთვა ქუჩაში ძალა…
რამდენი ღამე გავათენე ტირილში თეთრად……
როგორ ვეძებდი ყველა ბავშვში საკუთარი შვილების სუნს….

mshoblebi

როგორ ვეხუტებოდი და ვეხუტები დღესაც სხვის შვილებს, რომლებიც საკუთარივით შევიყვარე და ჩახუტებისას როგორ ვხუჭავ თვალებს მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოვიდგინო, თითქოს ჩემს შვილს ვეხუტები……
რამდენჯერ დავწერე შვილების სახელები ქვიშაზე ქართულად და რამდენჯერ წამიშალა ზღვიდან მოვარდნილმა ტალღამ……
შენ მეუბნები, რომ მე დამნაშავე ვარ???
მაშინ ამიხსენი, რა დავაშავე, რომ ჩემთვის ციხეს განიხილავ, მეტი განსახილველი არაფერი გაქვთ??? ან თუ განსახილველი აღარაფერი გაქვთ, განიხილეთ და ააშენეთ ქვეყანა… შეგვარგეთ  ისედაც ციხეში ყოფნა… ტირილი, მოთქმა და ღამეების თეთრად თენება. მომსპარი ჯამრთელობა და ნერვებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი….

იცით, რა არის დედისთვის:
“დე, როდის უნდა მოხვიდე”,
” დე, მთელი ღამეა გელოდები”,
“დე, თვითმფრინავში დაგინახე ფანჯარასთან იჯექი მოდიხარ ხო?”
“დე, შენ რო მოხვალ, თუ კიდევ სადმე წასვლა მოგინდება, მე ხელს ჩაგჭიდებ მაგრად და აღარ გაგიშვებ”

და ბოლოს დაიღალა ლოდინით, ის სულ 4 წლისაა…
“დე, მე შენ აღარ მიყვარხარ, არ მცალია შენთვის, გათიშე რა…”

თავში ტვინის მაგიერ რა გაქვთ ნეტავ……

დამხვდით ათივე აეროპორტში რომ ჩამოვალ, მე ისეთი საშიში დამნაშავე ვარ ,ერთი ხელბორკილი ვერ დამიჭერს, ათივემ გამიკეთეთ არსად გაგექცეთ…

თქვენ ცივსისხლიანო, უგრძნობო არაადამიანებო… მარადიულად ვერ ეძინება ერს, გამოვფხიზლდებით……
თქვენი საშიში დამნაშავე ირმა შუშანაშვილი”.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here