რატომ შეაწყვეტინა სიტყვა ბიძინა ივანიშვილმა ნუკრი ქანთარიას უმრავლესობის გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე?

2879

პირველ მაისს, „ქართული ოცნების“ ხმაურიანი პოლიტსაბჭოს შემდეგ, როდესაც კვირიკაშვილის გუნდის და ამბოხებული „ძველების“ პოლიტსაბჭოს წევრებს პარტიის მმართველობითი ორგანო დაატოვებინეს და „ახალ შემადგენლობაში“ კახი კალაძის გუნდის წევრები და პორტირებული „ნაცები“ დააწინაურეს, პარტიის ლიდერების უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

საიდუმლოდ გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდის საპარლამენტო უმრავლესობა ესწრებოდა.

როგორც „2020NEWS“-ს ინფორმირებული წყარო უყვება, ამ შეხვედარას მშვიდად არ ჩაუვლია.

„ვინც პოლიტსაბჭოს მიღმა დარჩა, ცხადია, ნაწყენები არიან, მაგრამ ცდილობდნენ არ შეემჩნიათ. შეხვედრაზე კრიტიკული სიტყვით გამოვიდა ნუკრი ქანთარია, რომელმაც გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე დაიწყო საუბარი. ივანიშვილს ამაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა და ქანთარიას სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა. ქანთარია ცდილობდა აეხსნა ივანიშვილისთვის, რამ და რატომ გამოიწვია დაპირისპირება ე.წ. „ძველებსა“ და „ახლებს“ შორის, მაგრამ მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. ამ შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობის წევრებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრით კმაყოფილია“, – აცხადებს ინფორმირებული წყარო.

შეგახსენებთ, ხმაურიან პოლიტსაბჭოს სხდომაზე მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭოს ძველი შემადგენლობის 14 წევრს პოლიტიკურ ელიტაში ყოფნაზე უარი უთხრეს.

ეკა ბესელია, მანანა კობახიძე, ირაკლი სესიაშვილი, თემურ ჭკუასელი, ნოდარ ხადური, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე – ბიძინა ივანიშვილის მთავარი სათათბიროს წევრები აღარ იქნებიან. ამ შემადგენლობიდან 11-12 გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ. მართალია ახალი პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ბიძინა გეგიძე გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად ითვლება, მაგრამ ვინ იცის, რომ მისი გუნდის წევრია?!

სამაგიეროდ, ახალ პოლიტსაბჭოში დაწინაურებულია კახი კალაძის გუნდი. ახალი შემადგენლობა 15 წევრისგან შედგება: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, კახი კალაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, სოზარ სუბარი, მაია ცქიტიშვილი და დავით საგანელიძე.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა 11 მაისს, პარტიის ყრილობაზე დამტკიცდება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here