“ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი არ იქნება

277

როგორც „2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, მმართველი გუნდი შეჯერდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება.

„სალომე ზურაბიშვილი არ იქნება ჩვენი კანდიდატი, თეა წულუკიანი არც განიხილებოდა არასოდეს, თამარ ჩუგოშვილი მითუმეტეს. საერთოდ, იმ კანდიდატებს შორის, ვისაც ახლა განვიხილავთ, ქალები არ არიან“, – განუცხადა „2020NEWS”-ს ერთ-ერთმა „ოცნებელმა“.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ჯერჯერობით, მხოლოდ კონსულტაციების ეტაპია და არც ერთ კანდიდატზე შეჯერებული პოზიცია არ არსებობს.

„ბევრის კანდიდატურას განვიხილავთ, მათ შორის არაპარტიულ კანდიდატებს. თუმცა, ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, ყველაფერი გაირკვევა ყრილობის შემდეგ“, – აცხადებს ინფორმირებული წყარო.

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აქტიური საუბრები ჯერ კიდევ 2 თვის წინ დაიწყო.

მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს განიხილავდა. თუმცა ეს ინფორმაცია მაშინ არავინ დაადასტურა. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმაც ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილი შეინარჩუნა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლოდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში დაასახელებენ. თუ საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმება მოხდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი კანდიდატურის ივლისის ბოლომდე საიდუმლოდ დატოვება მოხერხდეს.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here