ზაზა ციბაძე – ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი მოწმე, რომელსაც შეეძლო ეს საქმე თავდაყირა დაეყენებინა

1641

„პროკურატურამ უკვე მოასწრო მისი დამუშავება, არადა დიდი იმედი მქონდა, რომ სიმართლეს იტყოდა და ბევრ რამეს ფარდას ახდიდა“ – ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა. მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს იმედი ჰქონდა, რომ იგი სიმართლეს იტყოდა და ბევრ რამეს ფარდას ახდიდა, მაგრამ როგორც ზაზა სარალიძემ „2020NEWS“-ს განუცხადა, პროკურატურამ მისი დამუშავება უკვე მოასწრო. „2020NEWS“ ზაზა სარალიძეს ესაუბრა:

– ბატონო ზაზა, რატომ ფიქრობთ, რომ ამ საქმეში 2-ით მეტი დამნაშავე იკვეთება, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

– თქვენ თვითონაც რომ გადახედავთ საქმის მასალებს, მიხვდებით, რომ ჩემი შვილის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში 2-ზე მეტი დამნაშავე იკვეთება. ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო პროცესები საზოგადოებისთვის და მედიისთვის დახურულია. როგორც აწყობთ, ისე აკეთებენ ყველაფერს. მასალებს რომ ჩაუღრმავდებით და დეტალებს შეადარებთ ერთმანეთს ნახავთ, რომ იქ მხოლოდ 2 პიროვნებაზე არ არის საუბარი. ნივთმტკიცების გამოკვლევა ჩატარდა ერთ-ერთ პროცესზე, სადაც გაიხსნა ტანსაცმელი და დანები, რომელიც ამოღებულია და საქმეში დევს. ეს ნივთმტკიცებები ჯერ არ უნდა გახსნილიყო იმიტომ, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა, ბრიტანელ ექპერტებს ვგულისხმობ. სამხარაულის ექსპერტების მიერ დადებული დასკვნა იმდენად ბუნდოვანია, რომ არ იკვეთება, რომელი იარაღითაა მიყენებული ჭრილობა. ექსპერტიზა ამბობს: არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტული დანით არის ეს ჭრილობა მიყენებული, მაგრამ ვერც დავადასტურებთ. შესაძლებელია ამ დანით იყოს მიყენებული ჭრილობა ან ამ დანის შესაბამისი პარამეტრების მქონე სხვა დანით ან სხვა რაიმე ნივთით, რომელშიც გულისხმობენ ან დანას, ან ხელნაკეთ იარაღს, ან შუშას, ესეც დაადასტურა ექსპერტმა, რომ შეიძლება შუშაც იყოს. სამწუხაროდ, ვერ დაადასტურეს, ვერც ერთ ჭრილობაზე თუ რომელი დანა იყო გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა დანა, სხვა იარაღიც ფიგურირებს საქმეში. ექსპერტი გვარწმუნებს, რომ სხვა დანაც ფიგურირებს. პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა, რომელიც, როგორც გითხარით, ძალიან ბუნდოვანია.

– თქვენ ფიქრობთ, რომ პროკურატურის დაკვეთით აიცილა ექსპერტმა ეს პასუხსიმგებლობა და ამიტომ აცხადებენ, რომ ამ შესაძლებლობებით მეტს ვერაფერს დაადგენდნენ?

– მე არ ვფიქრობ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ექსპერტის დასკვნა დაიდო პროკურატურის დაკვეთით. სამწუხაროდ, ექსპერტმა დანები ერთმანეთს შეატყუპა, რაც არაფრით არ შეიძლებოდა.

-რითი ახნა ექსპერტმა ეს საქციელი?

-ეს კითხვა სამწუხაროდ, მისთვის არავის დაუსვამს – არც პროკურორს და არც ადვოკატებს. არ უნდა დაეშვა ეს შეცდომა თვით ექსპერტს. გარდა ამისა, როცა ტანსაცმელი გაიხსნა, მოხდა შიშველი ხელით ტანსაცმელზე შეხება. ზუსტად არ მახსოვს ვინ შეეხო, პროკურორები შიშველი ხელებით არ შეხებიან, მათ ხელთათმანები თავიდანვე ეკეთათ. დაცვის მხრიდან იყო რომელიღაც. თან ხელიდანაც გაუვარდათ ტანსაცმელები, იატაკზეც დაუცვივდათ და ფაქტიურად, იქ დაირღვა პარამეტრები. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იყო გამიზნული, რათა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ვერ შეძლონ სიმართლის დადგენა.

– რატომ ფიქრობთ, რომ ექსპერტის დასკვნაში პროკურატურა არის ჩარეული?

– ექსპერტის დასკვნაში, პირველ სტრიქონში წერია, რომ არ გამორცხავს გარკვეული ჭრილობები კონკრეტული დანით იყოს მიყენებული. ჭრილობა, რომელმაც ჩემი შვილის სიკვდილი გამოიწვია, ექსპერტიზის მიერ მინიჭებული ნომრის მიხედვით, არსი #11. დასკვნის მეორე აბზაცში კი გამორიცხა იგივე დანით მე-11 ჭრილობის მიყენება. ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეები წერია ამ ორ სტრიქონში. და იცით ეს როგორ ახსნა ექპერტმა? – ეტყობა ბეჭდვის დროს გაიპარა შეცდომაო. მეორე სტრიქონში მე-11-ს ნაცვლად უნდა იყოს მეცამეტეო. ეს იყო გამიზნულად ყველაფერი. ამას ერთვის ის გარემოება, რომ ექსპერტის დაკითხვის შემდეგ არ აღმოუჩენიათ ეს შეცდომა. მე რომ პროკურატურაში ვიყავი მასალების გასაცნობად, პროკურორმა მითხრა აქ ექსპერტს შეცდომა აქვს დაშვებული და დააკორექტირებსო. იმ წუთში ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის, მერე აღვიდგინე, რაც მოხდა. ექსპერტმა არ იცოდა რა ეწერა ექსპერტის პასუხში, როცა დაკითხვა მიმდინარეობდა. ჩემი აზრით, ეს დასკვნა იყო პროკურატურის მიერ დაწერილი, რომელიც შეიძლება ექსპერტებს წაკითხული ჰქონდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ზედაპირულად ჰქონდათ წაკითხული და მათ მოაწერეს ხელი. მათ არ დაუხედავთ იმ კვლევისთვის, რაც ჩაატარეს. არც ერთმა ექსპერტმა არ იცოდა დასკვნა ზეპირად.

– მოწმე მიხეილ კალანდიამ 5-ჯერ შეცვალა ჩვენება. თქვენი აზრით, ვინ და რა გარემოებები ახდენს მასზე ზეგავლენას?

– როცა სასამართლოში მიხეილ კალანდიას დაკითხვა დაიწყო, პირველი დაკითხვა, შუა დაკითხვის პროცესში ბოდიში მოიხადა, მოსამართლეს მიმართა განცხადების გაკეთება მინდაო და თქვა, რომ 3 დეკემბერს, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დროს, მასთან ერთად, როგორც არასრულწლოვანთან, არ იმყოფებოდა არც დედა, არც მამა, არც ადვოკატი. ეს უკვე დარღვევაა. მან ასევე განაცხადა, რომ დაკითხვის დროს ზეწოლას ახორციელებდნენ მასზე – აგინებდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და იმდენად სტრესში იყო, რომ რაზე მოაწერა ხელი, არ ახსოვდა. თან აღნიშნა, რომ მეორე ოთახში მამამისს სცემდნენ. სასამართლოში მისი ამ განცხადების შემდეგ, პროკურორები გაცოფდნენ, რადგან ყველაფერს თავდაყირა აყენებდა მისი ეს განცხადება. პროკურორების მხრიდან დაიწყო აგრესიული საუბარი. ისინი, როგორც ჩანს, არ ელოდნენ კალანდიას ამ განაცხადს. ჭკუიდან გადავიდნენ ლამის.

– რაც შეეხება ამ ჩვენების შეცვლის პროცესში ბორის კაკუბავასა და მირზა სუბელიანის ფაქტორს, როგორ უკავშირდება ისინი ამ საქმეს?

– მე ეჭვი არ მეპარება, რომ მიხეილ კალანდიამ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა. ვგულისხმობ ოჯახის წევრებს, ან დაინტერესებულ პირებს. მან თქვა კიდეც, რომ უნდოდა დაკავებული მეგობრებისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა. იცით ალბათ, რომ მან ჩვენების შეცვლით, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მესამე ჩვენების დროს, მან მოგვისამძიმრა, ბოდიში მოგვიხადა, ცრუ ჩვენება მივეციო, მეგობრებისთვის მდგომარეობის შემსუბუქება მინდოდაო და ახლა ვამბობ სიმართლესო, მაგრამ მაშინ უნდოდა მათი მდგომარეობის შემსუბუქება და მერე ჩემი შვილის და ლევანის მეგობარი და გულშემატკივარი გახდა? – ეს ხომ აბსურდია. სხვათა შორის, მისი მობოდიშება და მოსამძიმრება ძალიან ჰგავდა სუბელიანის ბავშვის ქმედებას, მანაც იგივე გააკეთა და გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კალანდია უკვე კარგად დამუშავებული იყო, რადგან ბავშვი ვერ მოიფიქრებდა ამას და თუ მოიფიქრებდა, სამძიმარი პირველივე ჩვენების დროს უნდა ეთქვა, მესამე ჩვენებაზე კი არა. ჩვენებას და ჩვენებას შორის 2 დღე იყო შუალედი და როგორც ჩანს, ეს შუალედი მის დასამუშავებლად კარგად გამოიყენეს. მე ვვარაუდობ, რომ კალანდიაზე ზეწოლა განახორციელეს სუბელიანმა, კაკუბავამ და პროკურატურამ. მართალია კალანდია ამბობს, მირზა სუბელიანი არ მინახავსო, მაგრამ ადასტურებს, რომ დეიდამისთან სახლში ავიდა და სუბელიანი დეიდის ქმარია.

– თუ კალანდიას სუბელიანთან კონტაქტის დამალვა უნდოდა, საერთოდ რატომ იტყოდა, რომ მის სახლში იყო?

– კალანდიას სახლში სუბელიანი ორ პიროვნებასთან ერთად იყო მისული და მერე წავიდნენ დეიდის სახლში, ანუ სუბელიანის სახლში. სავარაუდოდ, სუბელიანი პროკურორებთან ერთად იყო. კონკრეტულად ვინ იყვნენ ეს პროკურირები, არ ვიცი. ამ ინფორმაციამ გაჟონა და ცხადია, თავს ვერ აარიდებდა და ვერ უარყოფდა ამას. ეს უნდა დაედასტურებინა, რადგან, როგორც გითხარით, დადასტურებული ინფორმაცია იყო, რომ სუბელიანს გაყვა სახლში. რაც შეეხება იმას, სუბელიანთან ჰქონდა თუ არა შეეხება, ამბობს, რომ – არა. ცხადია ცრუობს. ის აცხადებს, მირზა, რომ მოვიდა მეძინა, დილით ადრე წავიდა და მაშინაც მეძინაო. ეს ხომ აბსურდია. ფაქტია, რომ მეორე დღეს შეცვალა ჩვენება. ფაქტია, რომ ყველა მოწმეზე ხორციელდება ზეწოლა.

– კონკრეტულად კიდევ ვისზე?

– იყო ერთ-ერთი მოწმე, ზაზა ციბაძე, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო, ორ მეგობართან ერთად. ჯამში სამი ადამიანი უყურებდა ამ ამბავს. ამ პიროვნებამ დაინახა, დათოს როგორ ურტყამდა ორი ადამიანი ორივე მხრიდან. ამ მოწმესთან ერთად, შემთხვევის ადგილთან კიდევ ორი მისი მეგობარი იყო. ჯამში სამი პიროვნება უყურებდა ამ ამბავს. მე დიდი იმედი მქონდა, რომ სასამართლო პროცესზე სიმართლეს იტყოდა და ბევრ რამეს ახდიდა ფარდას, მაგრამ სამწუხაროდ, პროკურატურამ მისი დამუშავებაც მოასწრო და მან სასამართლო პროცესზე არ თქვა ის, რაც დაინახა. არადა შეეძლო ეს საქმე თავდაყირა დაეყენებინა. აღსანიშნავია, რომ ციბაძემ დაინახა წითელი ჯიპის პატრონი, რომელიც მისი მისვლის დროს უკვე იყო შემთხვევის ადგილზე. ზაზა ციბაძემ სასამართლოზე ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ წითელი ჯიპის პატრონს შეეძლო შესაბამისი ზომების მიღება. მან ასევე განმარტა, რომ იგი შემთხვევის ადგილზე ჩხუბის ბოლოს მივიდა და მხოლოდ 3-4 წამს შეესწრო.

– ბატონო ზაზა, უფრო დეტალურად, რომ გვითხრათ ვინ არის წითელი ჯიპის პატრონი?

– ეს პიროვნება, ერთადერთხელ არის დაკითხული. იგი ჩხუბის დროს მანქანით ეზოში იდგა. ამბობს, რომ მანქანის ფანჯარა ოდნავ ჰქონდა ჩამოწეული და ამიტომ არ ესმოდა ხმაური. ჩემი საქმე მქონდა და გავრბოდიო. ორმა ქალბატონმა იქ მცხოვრებმა მოწმეებმა, ამ ჯიპის მეპატრონის იქ ყოფნა დაადასტურა იმ მომენტამდე, როცა ჩემი შვილი წაიქცა დაჭრილი და ლევანისთვის ჯერ დანა დარტყმული არ ჰქონდათ. პროკურატურამ შეგნებულად დაკითხა ჯერ ეს კაცი, რომელმაც უარყო იქ ჩხუბის ბოლომდე ყოფნა, შემდეგ კი ის ქალბატონები დაკითხეს, რომლებიც პირდაპირ ადებდნენ ამ კაცს ხელს. კი ბატონო, ჩემი შვილი უკვე დაჭრილი იყო, მაგრამ ლევანის მოკვლაში შეეძლო ამ კაცს ხელი შეეშალა და ლევანი გადაერჩინა.

– როგორ ფიქრობთ რატომ არ მოიქცა ეს კაცი ადეკვატურად და საერთოდ, რას წარმოადგენს ის?

– ხორავას ქუჩაზე რაღაც ოფისია, სწორედ იმ ოფისში მუშაობს ეს კაცი მძღოლად. ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ არ ჩაერია ჩხუბში ან თუნდაც პატრული ან სასწრაფო რატომ არ გამოიძახა. სავარაუდოდ, მას ალბათ შეეშინდა. ფაქტი ერთია, რომ მისი ეს ქმედება არაადამიანურია. ამ ეტაპზე აღნიშნულ პიროვნებასთან მიმართებაში სხვა ინტერესი არ იკვეთება. თავდაპირველად სასამართლო პროცესზე რომ ვნახე, არ ვიცოდი ვინ იყო. თუმცა შეხედვისთანავე მივხვდი, რომ შეშინებული იყო, აშკარად თვალს მარიდებდა, ძალიან დათრგუნული მეჩვენა. რეალურად, პროკურატურას შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინა მასთან მიმართებაში. ამ ადამიანმა მკვლელობას ხელი არ შეუშალა, თან განსაცდელში მიატოვა ჩემი შვილი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და სიკვდილს თვალებში უყურებდა. მას შეეძლო პოლიცია გამოეძახებინა ან სასწრაფოსთვის დაერეკა. ან თუნდაც ეყვირა ბავშვებისთვის და ისინი დარწმუნებული ვარ, ამ ყვირილზე წამებში დაიშლებოდნენ. ფაქტია ერთია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოწმე შეგნებულად დაკითხეს პირველად, მეორეჯერ ვეღარ დაიბარებდნენ და ეს პროკურატურამ კარგად იცოდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინასწარ ჰქონდათ გათვლილი ყველაფერი.

– ზვიად კუპრავა აქტიურად იყო ამ საქმის ძიებაში ჩართული და სუბელიანი-კაკუბავას ფაქტორი მან წამოწია. საუბრობენ იმაზე, რომ კუპრავამ პოლიტიზირებული გახადა პროცესი რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

– პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ზვიად კუპრავა ჩემი ახლო მეგობარია, ფაქტიურად ოჯახის წევრები ვართ. მას არ ჰქონდა უფლება არ დამხმარებოდა ამ საქმის გამოძიებაში და ახლაც აქტიურად მეხმარებოდა, სანამ დააკავებდნენ. რომ გამოვა რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ამ თემის გამოკვლევას, სანამ ჭეშმარიტებას არ მივაღწევთ იქამდე. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კუპრავა პოლიტიზირებულად ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მოქმედებდა. პოლიტიკური ელფერი შესძინა თვითონ სუბელიანმა, კაკუბავამ და პროკურატურამ იმიტომ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. რადგან ზვიად კუპრავა არის არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, უნდათ აფიქრებინონ ხალხს, რომ პოლიტიკური მიზნით მიდგას გვერდში. პირიქით, პოლიტიკურად მოქმედებენ თვითონ ზუსტად იმ კადრებიდან გამომდინარე, რაზეც ისაუბრა ზვიად კუპრავამ. თქვენ ძალიან კარგად მოგეხენებათ, როგორ დაემუქრა კაკუბავა კუპრავას. კაკუბავას არც უარყვია სუბელიანს ეს კადრები რომ გააჩნია. ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს. თუ ცრუ ინფორმაცია იყო, რატომ არ ჰკითხა, ეს სისულელე საიდან მოიტანე ან რატომ ავრცელებო. პირიქით, ამის ნაცვლად მათ საუბარში იკვეთება, რომ ეს კადრები ამ საქმესთან პირდაპირ კავშირშია.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ კუპრავას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალი იყო?

– კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პირდაპირი მესიჯი, რომ სისტემა მათ ხელშია და რასაც უნდათ, იმას გვიზამენ. მაგრამ ვერაფერსაც ვერ გვიზამენ და თუ გვიზამენ, ჭეშმარიტება მაინც დადგინდება. კუპრავასთან კომუნიკაცია ჯერ არ მქონია, ღამის ორ საათზე დააკავეს და დილამდე არავინ იცოდა სად ჰყავდათ, ფაქტიურად გაიტაცეს. სხვათაშორის, სასამართლოში, ვიდრე აღმკვეთ ღონისძიებას მიუსჯიდნენ, ერთმა ბადრაგმა მეორეს გადაულაპარაკა, აღმკვეთს მიუსჯიანო. როგორც ჩანს, იცოდა, რომ მიუსჯიდნენ.

– კუპრავას დაკავებისას თქვით, რომ მალე მეც გადმომწვდებიან. ხომ არ ყოფილა რამე კონკრეტული გაფრთხილება თქვენი მისამართით?

– შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ რამდენჯერმე დავაფიქსირე, რომ ერთი და იგივე მანქანა შორიახლო მომყვებოდა. კუპრავას დაკავებაა სწორედ მინიშნება და ჩემი გაფრთხილება. მისი დაპატიმრება რომ არაკანონიერად მოხდა, დაადასტურა სამხრე კამერის ჩანაწერმაც. არც ხულიგნობა ყოფილა, არც შელაპარაკება, პირდაპირ მიუსაჯა მოსამართლემ მაქსიმალური ადმინისტრაციული სასჯელი – 10 დღიანი თავისუფლების აღკვეთა.

– თქვენთან როგორ უნდა მოვიდნენ როგორ ფიქრობთ? რა შეიძლება მოგიმზადონ?

– უდანაშაულო კუპრავა დააკავეს და როგორ ფიქრობთ მე ვერ მომიძებნიან რამეს? ამხელა საქმე შეთითხნეს და დაწერეს როგორც უნდოდათ ისე და ჩემს დაკავებას რაღა უნდა, მაგრამ იმედი მაქვს ამ ნაბიჯს ჯერჯერობით არ გადადგამენ.

– რა შემთხვევაში შეიძლება გადადგან ეს ნაბიჯი?

– მე ვფიქრობ, როდესაც მოსამართლე გამოიტანს განაჩენს, მერე უკვე ეცდებიან ჩემზე ზეწოლას. მათთვის დასრულდება ეს საქმე, თორემ ჩემთვის ეს საქმე არ დასრულდება, მანამდე, სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება. მე მკაფიოდ ვიტყვი რას ვითხოვ – ის 2 ბავშვი, ვინც ზის, რამდენადაც არის ამ საქმეში დამნაშავე, შესაბამისი სასჯელი უნდა მიესაჯოთ. მაგრამ, მათ გარდა, ჩემი ღრმა რწმენით, ამ საქმეში კიდევ ფიგურირებს მინიმუმ 2 ბავშვი. ერთ-ერთი მიხეილ კალანდიაა. ბავშვები სიმართლეს არ ამბობენ, მეზობლებიც არ ამბობენ არაფერს.

– რა ბერკეტები გაქვთ სამართლიანობისთვის ბრძოლაში?

– პირველ რიგში, საზოგადოების მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი მაქვს. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იძიებს ამ საქმეს. სწორედ მათ გამოძიებაში იკვეთება მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც იმედი მაქვს, ბევრ რამეს ახდის ფარდას. ვიმედოვნებ, მთავრობა ხელს არ შეგვიშლის ამ გამოძიებაში. ამ ეტაპზე ამ ფილმის გადაღებაში ხელს არავინ გვიშლის. როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი. მე დღეს მედიის, ჟურნალისტების დიდი მხარდაჭერა მჭირდება. დარწმუნებული ვარ, თქვენი და საზოგადოების მხარდაჭერით მივაღწევთ იმ ჭეშმარიტებას, რომლის დამალვასაც დღემდე მთელი ძალისხმევით ცდილობს პროკურატურა. ფაქტია, რომ სუბელიანის კადრებიდან გამომდინარე, პოლიტიკური დატვირთვა მიიღო ამ ყველაფერმა და სწორედ პროკურატურამ გააკეთა ეს. ისინი ცდილობენ ამით ზემოქმედება მოახდინონ ან ჩემზე, ან კუპრავაზე ან ,,ნაციონალურ მოძრაობაზე”. მე პირადად, სულ არ მაინტერესებს პოლიტიკა, პოლიტიკური არც არასდროს ვყოფილვარ. მე შვილი მომიკლეს, შვილმკვდარი მამა ვარ და სამართალს ვეძებ. ჩემი მთავარია მიზანი ჩემი შვილის მკვლელების გამოაშკარავებაა. ამ საქმეში ,,ქართული ოცნება” დამიდგება გვერდში თუ ,,ნაციონალური მოძრაობა” ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჭეშმარიტების დასადგენად ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here