ავთანდილ ჭრიკიშვილი – თავის დანებებაც რომ მომიწიოს, იმის მაინც აღარ შემრცხვება, რომ რაღაც არასწორს ვხედავდი და ვითმენდი

30

ქართველი ძუდოისტი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რათა ძიუდოს ფედერაცია დავით ქევხიშვილისგან გათავისუფლდეს, თუნდაც ამისთვის მას სპორტისთვის თავის დანებება მოუწიოს.

ჭრიკიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ძიუდოისტებს ქევხიშვილის ფედერაციის პრეზიდენტობისას ექმნებათ. ჭრიკიშვილის თქმით, სპორტსმენებს არ აქვთ შეჯიბრებებზე წასვლის, ვარჯიშებზე შეკრების საშუალება. ამის ერთ-ერთ მაგალითად ჭრიკიშვილმა დაასახელა ის, რომ წინა სატურნირო შეკრებაზე სპორტსმენმა მინიმუმ 5 პარტნიორთან მაინც უნდა იჭიდაოს, რადგან ტურნირზე სწორედ ამ რაოდენობის მოწინააღმდეგესთან უწევს შეხვედრა, ამჟამად კი წინასატურნირო შეკრებაზე მხოლოდ ერთ პარტნიორთან უწევთ ჭიდაობა, რის გამოც, ჭრიკიშვილის თქმით, გამოდის რომ სპორტსმენი მხოლოდ ერთი შეხვედრისთვისაა მზად. როგორც ძიუდოისტმა აღნიშნა, ფედერაციის მხრიდან ამის მიზეზად ხან შეზღუდული ფინანსები, ხან კი მწვრთნელის გადაწყვეტილება სახელდება.

ჭრიკიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ მწვრთნელების და ძიუდოს სფეროში დასაქმებული ხალხის სამსახურიდან გაშვება ქევხიშვილის ნება-სურვილით ხდება და მათ რეალურ მიზეზს არავინ ეუბნება. მისი თქმით, ძიუდოს ფედერაციის მართვას ქევხიშვილი თავისი საძმაკაცოს მეშვეობით ცდილობს და მას მხარს არ უჭერენ სპორტსმენები:

„ეს ადამიანი, როგორ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, როდესაც ერთი გვერდში მდგომი არ ჰყავს სპორტსმენების მხრიდან, ერთი ადამიანი არაა, რომ იმ აზრზე არ იყოს, რასაც ჩვენ ვაჟღერებთ, რომ დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს. ვისი პრეზიდენტი უნდა იყოს? ხომ სპორტსმენების პრეზიდენტი უნდა იყოს და სპორტსმენებს აღარ უნდათ. მანახეთ სპორტსმენი, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ დავით ქევხიშვილს მადლობა და ფედერაციის კარგი პრეზიდენტიაო.

უახლოესი ტურნირი 26 მაისს არის და მე პირადად ჩემს აზრზე ვრჩები. გათავისებული მაქვს, ამის გამო თავის დანებებაც რომ მომიწიოს, იმის მაინც აღარ შემრცხვება, რომ რაღაც არასწორს ვხედავდი და ამას ვითმენდი. ჩვენ მონები არ ვართ, ჩვენ მებრძოლი ხალხი ვართ და არ შევეგუებით უსამართლობას. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ერთად“, – განაცხადა ჭრიკიშვილმა.

შეგახსნებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრთა უმრავლესობა, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, მათი თქმით, ქართულ ძიუდოში შექმნილი სავალალო ვითარება სწორედ დავით ქევხიშვილის არასათანადო მუშაობის შედეგია.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here