ძიუდოისტები ფედერაციაში არსებული ვითარების შესასწავლად კომისიის შექმნას მიესალმებიან

8

​ძიუდოისტები კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინიციატივას ძიუდოში მიმდინარე მოვლენების შესწავლისთვის კომისიის შექმნის შესახებ მიესალმებიან.

„ვუსმინეთ მინისტრს და მადლობა ყურადღებისთვის, კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ჩვენთვის მისაღებია”, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადებით, სასურველია, რომ კომისიამ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს, რადგან შექმნილი ვითარების გამო, ძიუდოისტები ზარალდებიან.

„ამ ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ ყოველდღე ვარჯიში გვიცდება. ვფიქრობ, რომ უფრო მალე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ჭრიკიშვილმა.

ამასთან, ძიუდოისტები აცხადებენ, რომ დღევანდელ ფედერაციის ყრილობას დაესწრებიან და დავით ქევხიშვილს კითხვებს დაუსვამენ.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here