ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო კომპენსაციის გადახდა დააკისრა

26

ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ უკრაინელი ინვესტორების სარჩელი დააკმაყოფილა და რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსკოვმა 18 უკრაინულ კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს 159 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. აღნიშნულ კომპანიებს ქონება, ყირიმის უკანონო ანექსიის შედეგად ჩამოართვეს. ინფორმაცია სასამართლოს ვერდიქტის შესახებ უკრაინულმა ტელეკომპანია 1+1-მა გაავრცელა, რომელიც ასევე გახლავთ რუსეთის წინააღმდეგ მომჩივანი მხარე.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა დაარღვია კანონი, როდესაც 2014 წლის მარტში, პუტინმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

2017 წელს ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა, რომ ყირიმში მდებარე ქონების გარშემო დავები მის იურისდიქციაში შედის. მოსკოვმა სასამართლოს იურისდიქცია არ აღიარა და რუსეთის წარმომადგენელი საქმის მოსმენებს არ ესწრებოდა.

საქმის არსებითი განხილვა 2017 წელს შედგა. ამის შემდეგ სასამართლომ მხარეებს საკუთარი პოზიციის წერილობით დაფიქსირება სთხოვა. მომჩივანმა მხარეებმა მოსამართლეებს განმარტება ერთობლივად წარუდგინეს, რუსეთმა კი არა.

საარბიტრაჟო სასამართლო სამი უფლებამოსილი წარმომადგენლისგან შედგება, ამასთან კრემლმა საკუთარი წარმომადგენლის წარდგენაზე უარი თქვა, რის გამოც ის ჰააგაში დანიშნეს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here