თბილისის “დინამოს“ და “კარლ ცაისის“ ლეგენდარული მატჩიდან 37 წელი გავიდა

35

37 წლის წინ ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, „დინამო“ კი ევროტურნირების ისტორიაში გახდა ის აღმოსავლეთ ევროპული კლუბი, რომელმაც ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ეს დღე ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატების დღედ იქცა.

1981 წლის 13 მაისს თბილისის “დინამომ” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერესი კლუბი, იენის „კარლ ცაისი“ ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.

თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვთნელი ნოდარ ახალკაცი იყო, „კარლ ცაისის“ კი – ჰანს მაიერი.

მატჩის მიმდინარეობისას გოლები გაიტანეს გერჰარდ ჰოპემ (63-ე წუთი), ვლადიმერ გუცაევმა (67-ე წუთი) და ვიტალი დარასელიამ (87-ე წუთი).

გუნდები შემდეგი შემადგენლობით თამაშობდნენ:

თბილისის „დინამო“: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი, ზაურ სვანაძე (ნუგზარ კაკილაშვილი), ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია.

„კარლ ცაისი“: ჰანს-ულრიხი, გერდ ბრაუერი, როდიგერ შნუფხაზე, ლოთარ კიურბუვაიტი, ვოლფგან შილინგი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ევერმანი), ანრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბელაუ (ტომას ტეფერი), იურგენ პააბი, ებერჰარდ ფოგელი.

1981 წლის 13 მაისის მატჩის გამარჯვებას საქართველოს დედაქალაქში მასობრივი სპონტანური სახალხო ზეიმი მოჰყვა. თბილისის ყველა უბნიდან მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ და გამარჯვების აღსანიშნავად „დინამოს“ სტადიონისკენ დაიძრნენ, სადაც გადმოცემით იმ ღამეს 100 ათასმდე ადამიანი შეიკრიბა.

სწორედ ამ მატჩს უკავშირდება ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობის და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის ცნობილი სიტყვები, რომელიც მან რეპორტაჟის ბოლოს წარმოთქვა: „Представляю что сейчас творится в столице Грузии – Тбилиси. Ликует столица Грузии, ликует вся наша страна“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არქივში შენახულია მატჩის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის ამსახველი ვიდეომასალა, ასევე 1981 წლის თასის ჩამოსვლა თბილისში და ფეხბურთელების დაჯილდოვება.

ამ მატჩიდან ერთი წლის შემდეგ, 1982 წლის 13 დეკემბერს 25 წლის ვიტალი დარასელია ავტოავარიაში დაღუპა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here