გიორგი კვირიკაშვილი – “აჭარა ჯგუფში” დაახლოებით, 5 500 ადამიანია დასაქმებული, წარმოიდგინეთ, რამხელა ეფექტია

19

45 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული ამ სასტუმროში. მთლიანად, „აჭარა ჯგუფში”, დაახლოებით, 5 500 ადამიანია დასაქმებული. წარმოიდგინეთ, თუ რამხელა ეფექტია – 5 500 ბედნიერი და წელგამართული ოჯახი, უმნიშვნელოვანესია. კონკრეტულად, ამ სასტუმროში, რამდენადაც ვიცი, 600-მდე ადამიანია დასაქმებული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, თბილისს მივულოცო ამ ახალი, ძალიან კარგი სასტუმროს გახსნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, თბილისელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, თავშეყრის საყვარელი ადგილი იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „აჭარა ჯგუფის” მიერ ახლად გახსნილ სასტუმრო „Stamba Hotel”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე ახალი სასტუმრო, რომელიც საბჭოთა ეპოქის გამომცემლობა – „სამშობლოს” შენობაშია განთავსებული, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან,, „აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელ თემურ უგულავასთან და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან, ვალერი ჩეხერიასთან ერთად დაათვალიერა.

“სიტყვები არ მყოფნის აღვწერო, თუ რა შთაბეჭდილებები მაქვს. ნამდვილად, განსაკუთრებული და უნიკალური სასტუმროა თავისი ორიგინალური სტილით, რაც გამოარჩევს „აჭარა ჯგუფს” სხვა ბიზნესჯგუფებისგან. „Rooms Hotel” მოგეხსენებათ, თუ რამდენად პოპულარულია. ის გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრენდი, არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი ქვეყნის და რეგიონული მასშტაბით და დარწმუნებული ვარ, რომ „Stamba Hotel” – რომელშიც ძალიან კარგად ერწყმის ერთმანეთს სიძველე და მოდერნი და აბსოლუტურად უნიკალური და გამორჩეულია, იქნება ასეთივე მიზიდულობის ცენტრი, არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ თბილისელებისთვის, მთელი საქართველოს მცხოვრებლებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო „აჭარა ჯგუფს”, მის დამფუძნებელ თემურ უგულავას. იგი  არის ინვესტორი, რომელიც, მართლაც, ზრუნავს ქვეყანაზე. მთლიანად, მისი დაბანდებები საქართველოშია და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ბიზნესმენები ასეთ ინვესტიციებს აკეთებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ეტაპზე, ახლადგახსნილ სასტუმროში  600 ადამიანია დასაქმებული და 42 ნომერი ფუნქციონირებს, „Stamba Hotel”-ის სრულად ამოქმედების შემდეგ კი, დასაქმებულთა რაოდენობა 750-მდე გაიზრდება და ხელმისაწვდომი იქნება 150 ნომერი.

სასტუმროში განთავსებულია „კაფე სატმბა” (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ ადგილობრივი ფერმერების აგრო-პროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო  დააგემოვნონ.

“აჭარა ჯგუფის” არქიტექტურული გუნდის, Adjara Arch Group-ის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც. პროექტი „საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა; სასტუმრო, გამორჩეული ინტერიერით, Design Hotels-ის წევრი გახდა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here