ერგნეთში 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

32

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 86-ე შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა. დღის წესრიგში 17 საკითხი იყო შეტანილი. ძირითადი განსახილველი თემა არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის გარდაცვალება და ბორდერიზაცია იყო.

დე ფაქტო ცხინვალს წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, ქართულ მხარეს შეხვედრაზე არ წარმოუდგენია ექსპერტიზის სხვა დასკვნა, შესაბამისად, დეტალებზე საუბარი ზედმეტი იყო.

“ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, თუმცა ხმაური ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო, ქართული მედიის მიერ არის გაბერილი. ის ჩვენთვის ცოცხალი უფრო წამოადგენდა ინტერესს. რაც შეეხება შინაგანი ორგანოების საკითხს, რაც ქართულმა მხარემ წამოჭრა, მე არ ვარ ექსპერტი… ჩვენმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ ქართულ მხარეს გადასცა ის მასალები, რისი პრაქტიკაც არსებობს ზოგადად და რაც საჭიროდ ჩათვალა“, – განაცხადა ჯიოევმა.

ქართული მხარე კი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, თუმცა ხაზს უსვამს, რომ შინაგანი ორგანოების გარეშე, ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე სრულფასოვანი სურათის შექმნა შეუძლებელია.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ტატუნაშვილის გარდაცვალება არის მკვლელობა და ამაში ეჭვი ჯერ კიდევ იმან გააჩინა, რომ ჭიანურდებოდა ცხედრის გადმოცემის პროცესი, შემდეგ კი ცხედრის შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოცემამ.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბოლო შეხვედრა 1 მარტს გაიმართა, მისი მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იყო. მოლაპარაკებების უშედეგობის გამო მაშინ ქართულმა მხარემ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here