საქართველოს მთავრობა უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების გამოცდილებას უზიარებს

15

“ქალებზე, მშვიდობასა უსაფრთხოებაზე” გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების პროცესში საქართველოს გამოცდილებას უკრაინისა და მოლდოვის დელეგაცია ეცნობა.

დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო  და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სოფო ჯაფარიძემ პოლიტიკის შემუშავების პროცესზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგებზე, 2018-2020 წლების ეროვნული  სამოქმედო გეგმის ასპექტებსა და სამომავლო ღონისძიებებზე ისაუბრა.

“ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა  სახელმწიფო ინსტრუმენტია თანმიმდევრული პოლიტიკისა და კოორდინირებული მოქმედებისთვის. აღნიშნული გეგმის საშუალებით საქართველოს მთავრობა ახდენს გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებას უსაფრთხოების სექტორში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.   გეგმის განხორციელება გულისხმობს ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და მათ სრულფასოვან ჩართულობას კონფლიქტის პრევენციისა და გადაწყვეტის პროცესში”, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციას ასევე ესაუბრა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობისა და მანდატის შესახებ.

სოფო ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დაამტკიცა პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა და ლიდერი გახდა რეგიონში „ქალებზე, მშვიდობასა უსაფრთხოებაზე” გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებაში. მეორე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, 2017 წლის ივნისში მთავრობის დადგენილებით შეიქმნა  გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, რომელიც გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისთვის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმია.

მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრას „ქალებზე, მშვიდობასა უსაფრთხოებაზე” გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების პროცესში წამყვანი სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here