საქართველოში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ

293

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც შედის საფლაგმანო ხომალდი „HMS DUNCAN” (დიდი ბრიტანეთი), “TCG GEMLIK” (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”RS REGELE FERDINANT” (რუმინეთი). ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე შენაერთს კომოდორი მაიკლ უტლი ხელმძღვანელობს. ფოთის პორტში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ასევე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, ბულგარეთის საელჩოს, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის და ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელი და ხომალდების მეთაურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბაზას ესტუმრნენ.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები ფოთის პორტის ნავმისადგომში 18 მაისამდე დარჩებიან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.

მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში შედის. მისი ერთ-ერთი ამოცანაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის დემონსტრირება და პარტნიორ სახელმწიფოებთან საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული შენაერთები ალიანსის სიმტკიცის და სოლიდარობის დემონსტრირებას ახდენენ და ამავდროულად, საპორტო ვიზიტებითა და ერთობლივი აქტივობებით ხელს უწყობენ პარტნიორ სახელმწიფოებსა და ნატოს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.

ნატო-ს დღის წესრიგში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვარშავის სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და ალიანსმა შავ ზღვაზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით დინამიურად ვითარდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში 2014 წლიდან, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

დაგეგმილია ოპერაცია „ზღვის მცველში“ საქართველოს მონაწილეობის გაზრდა, კერძოდ, სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის ჩართვა, რათა საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here