უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამეგრელოს რეგიონში სამი პირი დააკავეს

34

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოს რეგიონში უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურ მუშაობას აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის კუთხით.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში, პირთა ჯგუფის მიერ  მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და  სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ შემთხვევაში, ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ხოლო მესამე შემთხვევაში,  ბრალდებულის   საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება  14 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და  მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 4-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახური შემოსავლების სამსახურთან ერთად აქტიურად ახორციელებს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთას. სავაჭრო ობიექტებში პერმანენტულად ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. მიმდინარე წელს,  1 იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით, საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის  თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 172 ფაქტი გამოვლინდა. ადმინისტრაციული წესით ამოღებულია 14 000-ზე მეტი კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამავე პერიოდში, საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება  დაიწყო სისხლის სამართლის 31  საქმეზე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა 46 051 კოლოფს შეადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here