“ქართული მარში“ აცხადებს, რომ ხვალ კონტრაქციას არ ჩაატარებს, თუ არც ლგბტ აქტივისტები გამართავენ აქციას

48

“ქართულ მარშს“ ლგბტ აქტივისტებთან შეთავაზება აქვს. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის თქმით, “ქართული მარში“ 17 მაისს კონტრაქციის ჩატარებაზე უარს იტყვის, თუ არც ლგბტ აქტივისტები გამართავენ მანიფესტაციებს.

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავაკეთო შეთავაზება, რომ თუკი ლგბტ წარმომადგენლები გადაიფიქრებენ აქციის ჩატარებას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ ჩვენც მზად ვართ, არ ჩავატაროთ აქცია და მივცეთ საპატრიარქოს საშუალება, ჩაატაროს მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მათი შეთავაზება მშვიდობიანი ხასიათისაა. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვადასხვა თემის წარმომადგენლებმა ეს შეთავაზება უნდა მიიღონ და შემხვედრ ნაბიჯზე წამოვიდნენ.

„თუკი მეორე მხრიდან არ იქნება შემხვედრი ნაბიჯი, ეს ნიშნავს, რომ მათ საერთოდ არ ადარდებთ ლგბტ თემის მდგომარეობა საქართველოში და აქვთ გარკვეული პოლიტიკური მიზნები“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

„ქართული მარშის“ წევრების განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აქცია პირველი სკოლის წინ გაიმართება. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მათი მხრიდან საზოგადოება ექსცესებსა და სიტუაციის ესკალაციას არ უნდა ელოდოს.

ორგანიზაციის სათათბიროს გადაწყვეტილებით, „ქართული მარში“ დილით ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ჩანიშნულ მსვლელობასაც შეუერთდება, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამღვდელოება ჩაატარებს.

კითხვაზე, ექნება თუ არა „ქართულ მარშს“ პრეტენზიები, თუ ლგბტ აქტივისტები აქციას სხვა დღეებში ჩაატარებენ, ბრეგაძე ამბობს, რომ ორგანიზაცია ამით მოხარული არ იქნება, თუმცა მძაფრი რეაქცია არ ექნება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here