ელიავას ბაზრობა – საკუთრების ხელყოფა თუ ცივილიზებული გადაწყვეტილება

54

როგორც თბილისის მერი ბ-ნი კალაძე დაგვპირდა თბილისის მიწათსარგებლობის განხლებული გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტს 1 ივნისს ვიხილავთ. ამით დასრულდება 4 მილიონ ლარად ღირებული 3 წლიანი ეპოპეა დოკუმენტისა, რომელის კვალიფიციურობაში ეჭვი ეპარებათ როგორც ადგილობრივ თუ უცხოელ ექსპერტებს , ისე მერიის ხელმძღვანელობასაც. დარწმუნებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ თავდაპირველად წარდგენილი ვარიანტიდან ახალ დოკუმენტში დიდი არაფერი დარჩება და მიღებული იქნება კახა კალაძის გუნდის ხედვების მიხედვით კორექტირებული გენერალური გეგმა.

პროფესიონალური მოსაზრებები აღნიშნულ დოკუმენტზე მრავლად იქნა გამოთქმული და ამაზე აღარ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას და ამჟამად მხოლოდ ერთ ასპექტს განვიხილავთ, სადაც კარგად ჩანს კერძო საკუთრების და ბიზნესის გადანაწილების ის სქემა, რომელიც ჯერ კიდევ „ნაციონალების“ მმართველობის დროს იყო ჩაფიქრებული და თბილისის ყოფილი მერის ბ-ნი ნარმანიასგანაც მწვანე შუქი ქონდა მიცემული. სწორედ გარკვეული ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე უნდოდათ სასწრაფო წესით გენგეგმის მიღება, ყოველგვარი განხილვის გარეშე ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში და მიიღებდნენ კიდეც, რომ არა საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში და მაშინდელი მერობის კანდიდატის ბ-ნი კახა კალაძის საარჩევნო დაპირება, რეალური მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის შესახებ.

თუ როგორ უნდოდათ, რეიდერული წესით სხვისი საკუთრების მითვისება, კარგად ჩანს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ გენგეგმაში ჩადებული „ ელიავას ბაზრობის რელოკაციისა და ტერიტორიის სარეკრიაციო გამოყენების კონცეპტუალური პროექტით“. მამუკა სალუქვაძის ჯგუფი თბილისის მერიას თავაზობდა ბაზრობის ორ ადგილას გადატანას: ერთ შემთხვევაში, თითქოსდა მერიის კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც ელექტრო ვაგონშემკეთებელი ქარხნის მეპატრონემ აჩუქა თბილისს კონკრეტული წერილის საფუვძელზე და მეორე შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც სავსებით კონკრეტული ადამიანების კერძო საკუთრებაა.

რაც შეეხება წერილს, რომელიც გენგეგმაშია მოტანილი, როგორც მერიისთვის ელექტრო ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის ნაწილის ჩუქების საფუძველი, მისი შინაარსი გაყალბებულია, რადგან ამ წერილით ქარხნის ამჟამინდელი მეპატრონე გენგეგმის ჯგუფს სთხოვს, რომ გაითვალისწინოს მისი ინტერესი გენგეგმის შექმნისას, რაც „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თავის ენაზე გადათარგმნა და გადაწყვიტა ელექტრო ვაგონშემკეთებელი ქარხნის მეპატრონისთვის ელიავას ბაზრობა, როგორც გამზადებული ბიზნესი „ეჩუქებინა“.

რაც შეეხება მეორე შეთავაზებული დისლოკაციის ადგილს, ისნის რაიონში, ამ ტერიტორიასა საზოგადოებისთვის ბიზნესიდან და პოლიტიკიდან კარგად ცნობილი მესაკუთრეები ყავს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე მათ სულ სხვა გეგმები აქვთ და წარმოდგენა არა აქვთ თუ როგორ მოხვდა მათი ტერიტორია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გეგმაში.

გენგეგმის მესვეურებმა შესანიშნავად დაალაგეს რეიდერული სქემა, „საჯარო“ ინტერესის მოშველიებით ლეგიტიმაცია მისცეს ერთი ჯუფისთვის ბიზესის წართმევას, სხვა (მათთან დაახლოვებული) ბიზნესჯგუფის სასარგებლოდ და კომპენსაციის გადახდა კი თბილისის მერიის გადაულოცეს.

საინტერესოა ისიც, რომ პროექტის ავტორები მხოლოდ ელიავას ბაზრობის ბედით დაინტერესდნენ და დედაქალაქში არსებული სხვა ქაოტური და არაორგანიზებული ბაზრობების არსებობა არც გახსენებით. თუმცა, როგორც ინფორმირებული წყარო გვეუბნება, მათ ქონიათ პრივატული შეხვედრები მთელი რიგი სავაჭრო ცენტრების მესაკუთრებთან და მოლაპარაკებების შედეგად მათი სხვა ადგილას გადატანის ან ფუნქციონალური ზონალობის შეცვლის საკითხი აღარ დამდგარა დღის წესრიგში.

ცხადია, რომ მსგავსი რეიდერული ოპერაციის განხორციელება, ჩვეულებრივ მოკვდავთ არ ხელეწიფებათ და რომ ამ ქმედების დაგეგმვა და გახორციელება ყოფილი და მოქმედი უმაღლესი თანამდებობების პირთა უშუალო დაინტერესების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა ზოგადად გენგემისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის და ბ-ნი კალაძის აქტიური ჩართულობისა ამ პროცესში, ეს პირები ღიად აღარ ჩანან და კულისებიდან ცდილობენ საქმის თავიანთ სასარგებლოდ გაჩარხვას.

„ელიავას ბაზრობას“ ბოლო ათწლეულებში ბუნებრივად ჩამოყალიბებული ურბანული გარემოა, ის განთავსებულია 15,5 ჰექტარზე და მისი მესაკუთრეების რაოდენობა 150-მდე ფიზიკურ პირს შეადგენს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული და კავშირში მყოფი ადამიანების რაოდენობა კი 20 ათასამდე ადის, ხოლო მათი ბიზნეს საქმიანობიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად არა ერთი ასეული მილიონი ლარი შედის.

აქაურ მესვეურებს შემუშავებული აქვთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სავაჭრო-გასართობი და დასასვენებელი ურბანული გარემოს მოწყობას, მათ შორის ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართის ფორმირებით და მოწესრიგებით. პროექტით დაგეგმილია უნიკალური ვერტიკალური მწვანე მოლის შექმნა და ისინი მზად არიან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის ქალაქის მერიასთან.

აქვე შეგახსენებთ, რომ კანონი ექსპროპრიაციის შესახებ, რომელიც საჯარო ინტერესის გამო კერძო ინტერესის დათმობას არეგულირებს, 2013 წლის ბოლო ცვლილებით იმდენად დაიხვეწა და მიუახლოვდა დასავლურ სტარნდარტებს, რომ სახელმწიფოს მხოლოდ საბაზრო ღირებულების გადახდის შემთხვევაში აქვს უფლება, საჯარო ინტერესი განახორციელოს კერძო საკუთრების ხარჯზე (და ამ საჯარო ინტერესების ჩამონათვალი სამკაოდ მკაფიოდაა ჩამოყალიბებული კანონში). იმას აღარ შეგახსენებთ, რომ, მაგალითად, აშშ-ში კერძო საკუთრებაზე უნებართვოდ შეჭრილი პირის მოკვლის უფლებაც კი აქვს მესაკუთრეს, ანუ საკუთრების უფლება დასავლურ სამყაროში სიცოცხლის უფლებაზე მეტად ღირებულია.

ბუნებრივია, რომ „ელიავას ბაზრობის“ დისლოკაციის პრობლემა უშუალოდ მესაკუთრეების და ქალაქის მმართველობის შეთანხმების საგანს წარმოადგენდეს, როგორც ეს მიღებულია ცივილიზილებულ სამყაროში. და მიუხედავად იმისა, რომ „ელიავს ბაზრობის“ ბედი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ყველანაირი ლოგიკა და საღი აზრი მაინც, ამ ტერიტორიის გონივრული და რეალური ბიზნეს განვითარებისკენ მიგვითითებს. დედაქალაქის ხელმძღვანელობას დაუოკებელი სურვილიც, რომ ქონდეს ამ ტერიტორიაზე მხოლოდ რეკრიაციული სივრცის მოწყობის და ბიზნესის სხვაგან გადატანისა, ეს სურვილი მხოლოდ ოცნებად დარჩება, რადგან ამ სურვილის განხორციელებას მინიმუმ მილიარდნახევარი დოლარი მაინც დაჭირდება – სასამართლო დავები, მიწის გამოსყიდვა მეასკუთრებისგან, მათთვის სხვა დისლოკაციის ადგილის შეთავაზება, ამ ადგილზე რეკრიაციული ზონის მოწყობა და ა.შ. და ა.შ.

მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ თბილისი მერიც ამ საკითხის გონივრული გადაწყვეტის მომხრეა, ტერიტორიის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების შედეგად და მან ამის თაობაზე, საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა თავის სამუშაო კაბინეტში პირველად შესვლისთანავე – „”ელიავას” ნამდვილად რეკრიაციულ ზონას ვერ მივანიჭებთ, ისეთი მდგომარეობაა აქ. თქვენ იცით, რომ ეს კერძო საკუთრებაა, შესაბამისად ის მოსაზრება, სამომავლოდ თუ მოხდება გადატანა ამ კონკრეტული ბაზრობის, რომ რეკრიაციული ზონა იყოს, აქაც საჭიროა მოლაპარაკებები მფლობელებთან, რამდენად შესაძლებელი იქნება ეს თუ პარკის გაშენების შესაძლებლობა იქნება…მივესალმები ქალაქში ახალ მწვანე სივრცეს”.

იმედია, სხვისი საკუთრების ძალადობრივად დასაკუთრების სურვილი და ამ სურვილების პრაქტიკაში გამატარებელთა თარეში წარსულს ჩაბარდა და დღეს ჩვენ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რაც საჯარო და კერძო ინტერესები გონივრულ სინთეზში იქნება რეალიზირებული.

 

წყარო: ნიუპოსტი

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here