ვის შეშურდა გიორგი გახარიასი და რა მოეწონა ბიძინას?

1540

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში გადმოინაცვლებდა და „მეორედ მოსვლა დაიწყებოდა, „2020NEWS“ წერდა, რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას და მამუკა ბახტაძის კანდიდატურებს განიხილავდა. ამ ინფორმაციას დღეს ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი.

„ბახტაძის საქმიანობა შეიძლება ასე საჯაროდ და მასობრივად არ ჩანს, მაგრამ ის არის ყველაზე დიდი რეფორმატორი, ვინც კი ამ ხელისუფლებაში გვინახავს. ის რეალურად, ძალიან დიდ და მასშტაბურ რეფორმებს ახორციელებს. გიორგი გახარია კი – თავისი ხასიათით არის ძალიან გამორჩეული ადამიანი. მან არაერთხელ დაგვანახა, რომ დღვანდელ ხელისუფლებაში ერთადერთი კადრია, ვისაც კრიზისების მართვის საუკეთსო უნარი აქვს. მე არ ვიცი რამდენად მალე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც ისე შორეულ მომავალში ეს ორი ადამიანი ხელისუფლების ხერხემალი გახდება“.

გია ხუხაშვილი „2020NEWS“-თან საუბრობს ბოლო დღებში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც გახარია კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორც დამოუკიდებელი ადამიანი. იგი პარალელს მოქმედ პრემიერ-მინისტრთან და ქალაქის მერთან ავლებს და აცხადებს, რომ გახარიამ უკვე მეორედ აჯობა ყველას.

„შეგახსენებთ პრემიერ-მინისტრის სანაქებო კეთილების გინებას პარლამენტში. გაიხსენეთ, რა სურათი ჰქონდა საზოგადოებას. მთელი „ოცნება“ და მთავრობა ერთ მხარეს და ცალკე განყენებულად იყო, მეორე მხარეს კი – გიორგი გახარია. ის არ ჩაერთო ამ საცოდაობაში. ერთადერთი ადეკვატური ადამიანი იყო, ვინც იქ იჯდა. ბარდაგში და ქაოსში არ ჩაერთო. ერთი მხრივ ცუდია, რომ არც გახარიას და არც ბახტაძეს თავიანთი ლობისტური ჯგუფები არ ჰყავთ პარლამენტში, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ძალიან კარგია“.

კითხვაზე, აქციის მშვიდობიანი დაშლა ერთი ბოდიშით – იყო თუ არა შს მინისტრის გამარჯვება და თუ იყო, ვისზე გაიმარჯვა მან? – გია ხუხაშვილი პასუხობს:

„რა თქმა უნდა, ეს იყო გიორგი გახარიას გამარჯვება. რომ არა მისი გაუსვრელობა, რომ არა მისი გასაოცარი უნარი მართოს კრიზისი, წამიერად მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ არ ათანხმოს ბიძინასთან, არ შეშინდეს რას იტყვის ბიძინა, ეს ნამდვილად არის დღეს აღიარების თემა. მისი ყველას შეშურდა, დაწყებული დღის და ღამის მერით, დამთავრებული პრემიერ-მინისტრით, რომლებიც საერთოდ რას ლაპარაკობდნენ, ჩვენ კი არა, თვითონაც არ იცოდნენ“.

„ბოლო პროცესებმა, რასაკვირველია გიორგი გახარიას პოლიტიკური და საზოგადოებრივი წონა შესძინა და მე ვფიქრობ, ეს ბიძინას ძალიან მოეწონებოდა“, – დასძენს გია ხუხაშვილი.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here