საქართველოს მოსახლეობა 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 700 000-ით შემცირდა – მიზეზები და არგუმენტები

23

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 700 000, ხოლო 2008 წელთან შედარებით 652 500 ადამიანით შემცირდა.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გახდა მოსახლეობის შემცირების მიზეზი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“ და ხომ არ უკავშირდება აღნიშნული დემოგრაფიული პრობლემა ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ფონს.

ცნობისთვის, გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წლის იანვირსთვის, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7 ათასით მეტია ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

“ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის შემცირება ძირითადად ემიგრაციით არის გამოწვეული. კერძოდ, ხალხი მიემგზავრება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამით უჩნდებთ უკეთეს სოციალურ პირობებში ცხოვრების შანსი.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იქ მუშაობით თავს იკლავენ. მთავარია ის, რომ იქ სოციალური დაცვის უფრო მაღალი ხარისხია. კერძოდ, ხელმისაწვდომობა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ნორმალური გზები, სკოლები, სამედიცინო მომსახურება და ასე შემდეგ. ისინი რისკავენ, თუმცა, მათი წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ იქ უკეთესად ცხოვრობენ. ისინი იქ უკეთეს გარემოში არიან,“-აცხადებს შეშელიძე.

მისი განცხადებით, ეს ადამიანები საქართველოში გრძელვადიან პერიოდში პერსპექეტივას ვერ ხედავდნენ.

როგორც შეშელიძე განმარტავს, 2012 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ორი ნიუანსი იყო. პირველი, სტატისტიკურად მოსახლეობა შობადობის ხარჯზე იზრდებოდა და მეორე – არსებობდა ძალიან დიდი პიარ კამპანიის მსგავსი, რომელიც უცხოეთიდან ხალხის დაბრუნებას მოუწოდებდა. შეშელიძე აცხადებს, რომ მაშინ ალბათ, ამ კამპანიამ იმუშავა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ მოსახლეობის კლება იმიტომ ფიქსირდება, რომ ჩატარდა ხელახალი აღწერა, რომლის ფარგლებშიც დაზუსტდა 2002 წელს გაკეთებული აღწერის მონაცემები.

მისი განცხადებით, ბოლო წლებში ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით სიტუაცია არ გაუარესებულა. პირიქით, სოციალური მიმართულებით სახელმწიფოს დაფინანსება მუდმივად მზარდია.

გვიდიანის შეფასებით, წლების გასვლასთან ერთად, უმჯობესდება მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და იმის თქმა, რომ ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გააქცია ხალხი საქართველოდან, არასწორი იქნება.

„დღეს საქმე რეალურად მატებასთან გვაქვს. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის რეალური აღწერა ჩატარდა და რეალური რიცხვები გამოქვეყნდა, ათვლის წერტილიც ის უნდა იყოს. ანუ 2015 წლიდან. ამის შემდეგ კლება არ ფიქსირდება,“-აცხადებს გვიდიანი.

წყარო: კომერსანტი

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here