ტელეკომპანია “იბერიაში“ რეორგანიზაცია გამოცხადდა

63

თანამშრომლების ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიაში“ რეორგანიზაცია გამოცხადდა.

როგორც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი გიორგი ჯიბღაშვილი აცხადებს, მიმდინარე სახელფასო დავალიანების გამო, დღეს ოპერატორებმა გადაღებაზე უარი თქვეს, რის შემდეგაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ არხზე რეორგანიზაციაა.

“სამსახურში რომ მოვედი, თანამშრომლებმა მითხრეს, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდაო. ეს დაიწყო სახელფასო დავალიანებით. მოთხოვნა იყო, რომ რაც ვიმუშავეთ, ის ხელფასები ანაზღაურებულიყო. არ ანაზღაურდა. დღეს ოპერატორები არ გავიდნენ გადაღებაზე და არხზე ამის გამო გამოცხადდა რეორგანიზაცია“, – აცხადებს ჯიბღაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ტელეკომპანია „იბერიაში“ რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ თანამშრომლებს არხის ხელმძღვანელობამ დღეს გამართულ თათბირზე განუცხადა. მათივე ცნობით, „იბერიაზე“ ახალი ამბები ეთერში აღარ გავა. დღეს ეთერში არ გასულა 11:00-საათიანი გამოშვებაც.

რეორგანიზაციის მიზეზებზე არხის ხელმძღვანელობის მხრიდან განმარტებები ჯერ არ გაკეთებულა.

ტელეკომპანია „იბერია TV“ 2000 წელს დაარსდა და მისი მფლობელი „ომეგა ჯგუფია“. 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ „იბერია TV“-ში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა. 2013 წელს „ომეგა ჯგუფმა“ მაუწყებლობის ლიცენზია დაიბრუნა და 2015 წლის სექტემბერში საერთო მაუწყებლობით გავიდა ეთერში.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here