“ჩვენი მიდგომაა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოება ნარკომომხმარებელთა მიმართ და უმკაცრესი ბრძოლის გაგრძელება ნარკოგამსაღებლების მიმართ”

25

პარლამენტის წევრებმა აკაკი ზოიძემ, სოფიო ქაცარავამ და კახაბერ კუჭავამ ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით ხედვა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ბათუმის წევრებს გააცნეს.

როგორც პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გამართული შეხვედრისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული 41 არასამთავრობო ორგანიზაციის ავტორობით მომზადდა. „სერიოზული სამუშაოების მათ შორის, დისკუსიების გამართვის შედეგად, კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ პროექტთა პაკეტის კონსენსუსური ვარიანტი და მთლიანად რეფორმის ხედვა, რადგან ეს არ არის რეფორმის მხოლოდ სამართლებრივი უზრუნველყოფა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური უზრუნველყოფა, რაც ეხება პრევენციულ სისტემაში თანხის ჩადებას და რომელიც მოიცავს – განათლებას, მასობრივ სპორტს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამას.

ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა – არა ნარკოტიკს, არა სიგარეტს, არა ნებისმიერს ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელ ქმედებას. ეს ყველაფერი უნდა იყოს ნაწილი პრევენციული სისტემისა, რომელიც შეგვაძლებინებს ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას საქართველოში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, პრობლემური ნარკომოხმარების რაოდენობით ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა. „ამ პრობლემის მოგვარების გზა არის ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოება ნარკომომხმარებელთა მიმართ ხოლო, უმკაცრესი ბრძოლის გაგრძელება და კიდევ უფრო გააქტიურება ნარკოგამსაღებლების მიმართ. ანუ იმ რეჟიმის შენარჩუნება, რასაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მანამ, სანამ არ შევძლებთ შავ ბაზარზე ნარკოტიკების მიწოდების მნიშვნელოვან შეზღუდვას. პრევენციული სისტემა, იქნება ქვაკუთხედი ნარკოპოლიტიკისა, რომლითაც უნდა შევამციროთ ჩვენი მომავალი თაობების ჩართვა ამ მავნებელ მანკიერ წრეში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს განუმარტა, ნარკომომხმარებელთა მიმართ ციხის ნაცვლად უნდა იყოს რეაბილიტაცია, მკურნალობა, გადარწმუნების და შეფასების კომისიები.

პროექტის თანახმად, თუ პირს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე, ან მცირე ოდენობით პირადი მოხმარებისთვის ფლობის გამო დააკავებენ, მისი საქმე კომისიას გადაეგზავნება, რომელიც, თავის მხრივ, კონკრეტულ საქმეზე იმსჯელებს. „ჩვენი მიზანია ასეთ შემთხვევაში ადამიანი ციხის ნაცვლად გაიგზავნოს კომისიაში, რათა ამ კომისიამ შეურჩიოს, სჭირდება მას მკურნალობა, რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური ინტერვენცია თუ მოქალაქეობრივი უფლებების შეზღუდვა, მართვის მოწმობის ჩამორთმევა, საჯარო სამსახურში და გარკვეული პროფესიებით დასაქმების აკრძალვა“, – განმარტა აკაკი ზოიძემ. მისივე განმარტებით, გარდამავალ პერიოდში უნდა შევიდეს ცვლილება 273-ე მუხლში, რომ კომისიას მიეცეს საშუალება ნარკომომხმარებლებთან მუშაობისთვის და პირველ ორ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილება იყოს სავალდებულო ამ ადამიანების კომისიაში გაგზავნა.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირება. გადაწყვეტილებებების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ხედვის გაცნობა არის მნიშვნელოვანი. მსგავს ფორმატებში შეხვედრა სასარგებლო იქნება იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ ობიექტური ინფორმაცია მიიღონ იმ ხედვებთან და ნარკოპოლიტიკის რეფორმებთან დაკავშირებით, რომლის გატარებასაც სახელმწიფო გეგმავს“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here