“გავაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, ყველა მსხვერპლისთვის, ვინც 12 აგვისტოს გორის ცენტრში დაიღუპა”

23

სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო მოსმენას 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში „ისკანდერის“ აფეთქებას გადარჩენილი ჰოლანდიელი ჟურნალისტი ჟეროენ აკერმანსი დაესწრო. სწორედ მისი ოპერატორი იყო სტან სტორიმანსი, რომელიც გორის ცენტრში “ისკანდერის“ აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ჟეროენ აკერმანსი სტრასბურგში სპეციალურად დღევანდელი მოსმენისთვის ჩავიდა.

“იქ იყო “ისკანდერის“ 100-მდე ფრაგმენტი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეს სწორედ ის „ისკანდერია“, რომელიც მხოლოდ რუსებს აქვთ. რაც მათ გააკეთეს არის ის, რომ უარყვეს ამ 100 ფრაგმენტის არსებობა. ისინი კონცენტრირდნენ ერთ ფრაგმენტზე, რომელიც მოდით ვთქვათ, დაფიქსირებული და გადაღებულია საეჭვო ვითარებაში. ამაზე დაყრდნობით ამბობენ ისინი, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია. თუ შენ ყველა მტკიცებულებას, რომელსაც წინ გიდებენ გაყალბებულს უწოდებ, მაშინ სიმართლეს სერიოზულად არ იღებ –  სწორედ ასე ემართება რუსეთის ფედერაციის დელეგაციას. გულწრფელად გაოცებული ვარ რუსეთის დელეგაციის გამოსვლით. ველოდი, რომ ამ ფაქტებს არ უარყოფდნენ, მაგრამ ისინი „ისკანდერით“ თავდასხმას ისევ უარყოფენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, ყველა მსხვერპლისთვის, არა მხოლოდ სტანისთვის, არამედ იმ 12 ქართველისთვისაც, რომლებიც მაშინ იმ მოედანზე დაიღუპნენ. ჩვენ სიმართლისთვის ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ჟეროენ აკერმანსმა ქართველ ჟურნალისტებთან.

დღეს გამართულ ბოლო მოსმენაზე საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის გამოყენებაზე და საქართველოს მტკიცებულებებზე, ასევე რუსეთის პასუხებსა და არგუმენტებზე ისაუბრა. ადვოკატის განცხადებით, რუსეთი აცხადებს, რომ 12 აგვისტოს გორში მოკლული ჰოლანდიელი ოპერატორის სტან სტორიმანსის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს, რაც წარმოუდგენელია.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაადაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here