“ერთადერთი მოთხოვნა იქნება კვირიკაშვილი დაინტერესდეს ამ ამბით, მოგვაქციოს ყურადღება და ჩვენთან ერთად გაიაროს ეს პრობლემები”

35

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.

ვარლამ ლიპარტელიანმა კვლავ ღიად დააფიქსირა ნაკრების წევრების მოთხოვნები დავით ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით.

„ერთადერთი მოთხოვნა იქნება ქვეყნის პირველი პირი, გიორგი კვირიკაშვილი დაინტერესდეს ამ ამბით, მოგვაქციოს ყურადღება და ჩვენთან ერთად გაიაროს ეს პრობლემები. ჩვენ გვინდა საქმის კურსში ჩავაყენოთ თითოეული დეტალის შესახებ, თუ რას ვითხოვთ და ვისთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

ადამ ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ ნაკრების თითოეული წევრი დავით ქევხიშვილის გადადგომის მომხრეა.

დღესვე, თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რომელმაც ქართულ ძიუდოში შექმნილი სიტუაცია ტრაგედიად შეაფასა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ცეზარ ჩოჩელმა სპორტსმენებს მიმართა.

„ვიღებ ყველანაირ პასუხისმგებლობას, რომ ნაკრებს მიეცემა მომზადების საშუალება უმაღლეს დონეზე, დაკმაყოფილდება მათი ყველა მოთხოვნა – ერთი პირობით, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ წარმატებულად და ღირსეულად. უნდა გვეყოს გონიერება, დავსხდეთ მაგიდასთან და ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს, დიალოგის გზით აღმოვფხვრათ”, – აღნიშნა მან.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here