შსს-მ გურიაში აშშ-ის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა

30

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1950 წელს დაბადებული ბ.ს. ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის პროცედურა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მაისს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზის ტროტუარზე ქვეითად მიმავალ აშშ-ს მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს – ა.ო.-ს დანის დემონსტრირებით ფული მოსთხოვა. ქალმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ აშშ-ის მოქალაქისთვის არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და არც თანხა წაუღია.

22 მაისს კი ბ.ს.-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში და 1965 წელს დაბადებულ ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ს. 23 მაისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 5-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here