“მოხვედი ისევ 26 წლის, დაგხვდით ჩვენ დაბერებულები… მოხვედი და შეგვკრიბე აფხაზეთში დაკარგულმა ერთმანეთში დაკარგულები…”

270

ლელა რაზიკაშვილი აფხაზეთში გმირულად დაღუპულ 26 წლის ზურა ძამუნაშვილზე ემოციურ წერილს აქვეყნებს. ზურა ძამუნაშვილი 25 წლის შემდეგ, სულ რამდენიმე თვის წინ სახლში დაბრუნდა….

„…დაფრინავენ საჩვენებელი ვერტმფრენები, ბევრი ალბათ ბავშვებით და ბუშტებით დასეირნობს მთავარ მოედანზე, ორკესტრები უკრავენ, სცენებზე კონცერტებია…
ფიცი, აღლუმი, ჯარისკაცები… მოკლედ ყველა ზეიმობს, ეს დღე ყველას თავისად მიაჩნია და ასეც არის, მაგრამ, მე შენ და შენნაირები მახსენდებით ყოველთვის ამ დღეს!
მგონია, რომ ეს დღე პირველ რიგში თქვენია, შენ მინდა მოგილოცო, მით უფრო რომ წელს პირველად ესწრები თბილისში დღესასწაულს!
კი ესწრები, აქ ხარ, ჩვენთან, ძლივს ჩამოხვედი!

..აფხაზებს ამოუყვანიხარ აფეთქებული ტანკიდან ჩუმად, შენ და შენი ორი თანამებრძოლი. ამოგიყვანეს კი არა, ამოგკრიბეს უფრო…
… სოხუმი დაეცა და ჩვენიანი იქ აღარავინ იყო აღარც ცოცხლების, აღარც მკვდრების პატრონად…
ჩუმად დაგმარხეს, ადგილი დაიმახსოვრეს და დადუმდნენ… თავისიანების შიშით!
წლები დუმდნენ ისინი, წლები გეძებდა მამაშენი. ათჯერ მაინც გადათელა გადაკეტილი საზღვრები, ნაცნობები თუ უცნობები. ისე წავიდა ვერ გიპოვა აქეთ, ამ ქვეყანაში…
წლები გელოდებოდა გენრიეტა, ოღონდ ცოცხალს! არ აინტერესებდა არავისი მონაყოლი, არც ლოგიკა, არც ვარაუდები, მისთვის იმ უცნობი გოგოს სიტყვები იყო ყველაზე დამაჯერებელი, 27 სექტემბერს რომ დარეკა სახლის ტელეფონზე და ჩაგძახა- ,,ბიჭების დავალებით ვრეკავ, სოხუმიდან გამოვიდნენ და არ ინერვიულოთ, მოდიანო, მეტი აღარ მკითხოთ, სხვებთანაც უნდა დავრეკო, ბევრი მელოდებაო” და გათიშა…
ეს იყო სულ, გადაურეკავდა კაცი თუ რა!
ხოდა მოდიოდი შენ და გელოდებოდით ჩვენ 25 წელიწადი!

8 თვის წინ ჩამოუყვანიხარ წითელ ჯვარს თბილისში!
8 თვე ადგენდნენ ვისი უბედურება და ვისი სიხარული იყავი,
8 თვე ეძებდნენ შენს მისამართს… ბოლოს გიპოვეს მისამართი, ოჯახი და სახელი!

იმდენი წელი მოდიოდი, იმდენი წელი გელოდით, რომ დასამშვიდობებლად არა, უფრო შესახვედრად მოვცვივდით შენთან!
მოხვედი ისევ 26 წლის, დაგხვდით ჩვენ დაბერებულები…
მოხვედი და შეგვკიბე აფხაზეთში დაკარგულმა ერთმანეთში დაკარგულები!
თავი მოგვიყარე ყველას, ისე როგორც უწინ იცოდი.
ზოგიერთს მას მერე აღარც გვინახავს ერთმანეთი…
ხოდა ახლა არც კი ვიცით რას ვტირით, შენ, თუ შენთან ერთად ჩვენს ცხოვრებას! იმ წლებს, ყველაზე უკეთსს რაც კი გვქონია ან რაც მერე უშენოდ გადაგვიტანია, რამაც ასე ჩამოგვაბერა!
გენრიეტაც დაბნეულია, არ ვიცი ვიტირო თუ მიხაროდესო ამბობს.
ხან თავით გიზის ჭირისუფლად, ხან ჩვენთან ჩამოჯდება, იგონებს და იგონებს ხან იმას, ხან ამას… გახსოვს?… გახსოვს?… და ასე დაუსრულებლად!
ხან ქოთქოთებს:
-ასე რომ მცოდნოდა მე თვითონ მოგაჭრიდი იმ ფეხს შვილოო…
არადა რამდენი იბრძოლა მაგ ფეხის გადასარჩენად, ექიმებს რომ არ მოეჭრათ, შენ კი მაგ კოჭლი ფეხით გაექეცი ისევ!
ეს მაშინ იყო, 15-16 მარტს, სოხუმზე დიდი შეტევის მოგერიების მერე დალეწილ-დამტვრეული რომ ჩამოგიტანეს! როგორ უხაროდა დედაშენს, იქნებ ახლა მაინც აღარ წავიდესო…
…ვერ დაგაკავეო დაგტირის, ,,…ტანკისტები ჭირს, იქ ჩემი ფეხები კი არა, ჩემი თავია საჭიროო, ჯერ ჩემი ქვეყანა და მერე თქვენო!”- ეჩხუბებოდი!
არ აჭარბებს არაფერს, ასეთი იყავი მართლა!

…გარეჯის უდაბნოს გადასახვევთან, ჯანდარას რომ გაცდები, დიდი ლურჯი ტრაფარეტი და ძველი, მწყობრიდან გამოსული ტანკი ,რუსულად იუწყებოდნენ აქ პოლიგონი იწყებაო. გაცოფებაზე მეტი ერქვა იმას, რაც ყველა გავლა -გამოვლაზე მათ შემხედვარეებს გვემართებოდა! ხოდა ერთხელ, მონასტერიდან მომავალი ავტობუსი გააჩერებინე, მოგვაძახე მომყევითო და ერთად დავეძგერეთ ამ ჩაბეტონებულ ,,მაუწყებელს”. თალგამის ზღაპარში რომ არის ისე მწკრივად ვეკონწიალებოდით ბიჭები, გოგოები და ბოლოს ავტობუსის მძღოლიც იმ რკინის ბოძს. როგორც იქნა ამოვძირკვეთ, იქვე თხრილში ჩავახრჩვეთ და სანამ ,,დანაშაულის” ადგილიდან მივიმალებოდით, მაღლობზე, პოლიგონის მთავარ სიმბოლოს, კვარცხლბეგზე შემოსკუპებულ ძველ ტანკს დაემუქრე, შენც მოგხედავო…
მაგ საქმეში ჩვენ, გოგოები აღარ ჩაგვრიე, როგორ მოახერხე არ გაგვიგია, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ის ტანკიც შენ გააქრე იქედან!!!
აი, ასეთიც იყავი!

…მთელი ხმით ვმღეროდი საქართველოს ჰიმნს შენს საფლავთან, ორკესტრი რომ გაჩუმდა და იარაღის სროლით გაგაცილეს, მეორედ შემშურდა შენი!
პირველად მაშინ შემშურდა ომში წასასვლელად რომ ფაციფუცობდი, ხმამაღლა ვერ ვამბობდი მეც მინდათქო, გადაირეოდი. მიხვდი მაინც და მოვასწარით ერთი ჩხუბი და შერიგება…
– მოუნდა ახლა ამას ომში, კედლის გაზეთი კი არ მაქვს ტანკში გამოსაშვები, იქ რაში მჭირდებიო…

წითელი ჯვარი და ლტოლვილების სამინისტრო წლებია ერთად მუშაობენ შენისთანა ბიჭების სახლებში დასაბრუნებლად.
წლების მანძილზე მათ ხელში იხსნება ცოცხლებისა და მიცვალებულების ისტორიები, რომლებიც მარტო ომით და სისხლით კი არა, კონკრეტული ადამიანების ღირსებით და გმირობითაც იწერება!
სასაფლაოს დაღმართზე, სოზარი
მიყვებოდა ორ სოხუმელ ქალზე, იმ მხარის სოხუმელებზე, ჩვენი 12 ჯარისკაცი რომ იპოვეს ერთ-ერთ ეზოში დახოცილი. 1 ცოცხალი აღმოჩნდა და გადაარჩინეს, 11 ჩუმად დამარხეს და დაელოდნენ დროს როცა პატრონებს დაუბრუნებდნენ! 7 მათგანი უკვე მივიდა სახლში, 4 ისევ გზაშია…
2000 შენნაირი ბიჭი კი ჯერ კიდევ ელოდება თურმე თავის პატრონს და თავის გზას სახლისკენ… შენ გაგიმართლა ზურა!

…არც ერთს არ გვინდოდა ჭამა-სმა, ერთმანეთს ვერ ვცილდებოდით უფრო. ცოტა ვიყავით სუფრაზე და სულ შენიანები!
შენზე და ჩვენზე ვქაქანებდით დაუსრულებლად.
ვიცი არ გეწყინება და ძირითადად ვიცინოდით! აი, რომ აღარ მომეშვნენ და ერთი პირობა მიკროფონიც მომაჩეჩეს ხელში, მაშინ გავჩუმდით ცოტა ხანი. რამდენიმე სიტყვა გითხარი სულ. არც ერთი აღარ მახსოვს რომ არ მოგატყუო, უღვინოთაც მეთამაშება ეს მეხსიერება კარგა ხანია და როცა დავბრუნდი მაგიდასთან ყველა ტიროდა, ბიჭები უფრო!
ხო, ყველაზე მთავარი მრჩებოდა! უამრავჯერ, ბეეევრჯერ დავლიეთ იმ აფხაზი ალუდა ქეთელაურების სადღეგრძელო, ვინაც შენ და შენ მეგობრებს გიპატრონათ!
არ ვიცით და ვერც გავიგებთ მათ სახელებს…
ვიცით ის, რომ ისინი არიან პატარა სანთლები ამ მტრობის სიბნელეში!
ისიც ვიცით, რომ ისინი არიან საცალფეხო ბეწვის ხიდები მრტობასა და შერიგებას შორის, ომსა და მშვიდობას შორის, მარტო აქ კი არა, მთელს სამყაროში!
ასეთები დაასრულებენ მშვიდობით ყველა ომს!

შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ ზურა!“

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here