თუ "თიბისი ბანკის" საქმე ჩიხში შევა, ეს აუცილებლად დააზარალებს საქართველოს ეკონომიკას - გიორგი კეპულაძე
თუ "თიბისი ბანკის" საქმე ჩიხში შევა, ეს აუცილებლად დააზარალებს საქართველოს ეკონომიკას - გიორგი კეპულაძე

A+ A-

18:11 16/02/2019

"თიბისი ბანკის" საქმე, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, სკანდალური და ხმაურიანი საქმე რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით არის. მათ შორის იმიტომ, რომ ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკის მფლობელებს ხელმოწერის უფლება შეუჩერა.
 
"2020NEWS" დაინტერესდა და გაარკვია, რომ ამ დრომდე, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება, არც ერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა. კობა გვენეტაძე არის ეროვნული ბანკის ერთადერთი და პირველი მმართველი, რომელსაც აუცილებლად მოუწევს განმარტებების გაკეთება, რატომ და რა ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება.

"საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის, საბანკო სფეროს ექსპერტის,  გიორგი კეპულაძის თქმით, ეროვნულ ბანკს, მსგავსი გადაწყვეტილების მიღების იურიდიული უფლება ჰქონდა. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად ჰქონდა ასეთი კატეგორიული და ხმაურიანი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

- ეროვნულ ბანკს იურიდიულად, რა თქმა უნდა, ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მიღების სრული უფლება, რადგან ის არის ბანკების რეგულატორი  და მას აქვს მკაცრი გადაწყვეტილების მიღების უფლება. მეორე საკითხია, რამდენად ჰქონდა ამის საფუძველი და კიდევ ცალკე საკითხია, სხვაგვარად ხომ არ შეეძლო მას  საკითხის მოგვარება.

- ეროვნულმა ბანკმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხომ არ მიიღო? "თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესები ხომ აზიანებს საქართველოს იმიჯს, აქციონერების ინტერესებს, ზოგადად, საფინანსო-საბანკო სფეროს...

- ზოგადად, თუ არსებობს კითხვის ნიშნები კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, რეგულატორი არსებობს იმისთვის, რომ იმოქმედოს. თუმცა ამჯერად ძალიან უცნაურად დაემთხვა პროცესები. ჯერ იყო პროკურატურის განცხადება, მანამდე აღმოჩნდა, რომ ეროვნულმა ბანკი ნოემბერში დააჯარიმა "თიბისი ბანკი“. 11-12 წლის წინანდელი ტრანზაქციების გამო საქმის დაწყება და ეროვნულ ბანკში საქმის განხილვა, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს აჩენს, რატომ აქამდე არ მოხდა ამ ფაქტზე რეაგირება. შესაბამისად, ყველა კითხვაზე რომ პასუხი გაეცეს, ყველა მხარემ, მათ შორის "თიბისი ბანკმა“, ეროვნულმა ბანკმაც და მთავრობამაც, ნათელი უნდა მოჰფინოს ყველაფერს, რადგან ეს არ არის მხოლოდ "თიბისი ბანკის“ საქმე. რადგან მოქმედებს საერთაშორისო რეგულაციებზე და შეიძლება, ეკონომიკური პრობლემები შეიქმნას. შესაბამისად, იმედი მაქვს, ეროვნულიმა ბანკმა კარგად აწონ-დაწონა  ყველაფერი, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მინდა დავიტოვო იმედი, რომ ეროვნული ბანკი შორს არის პოლიტიკური გავლენებისგან და ზეწოლისგან.

- საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ "თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ აღძრული საქმე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესებს უკავშირდება. ასევე საუბრობენ, რომ გასული წლის მაისის აქციებს ხაზარაძე აფინანსებდა...

- ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ბევრი ჭორ-მართალი მოვისმინეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ბევრი შეთქმულების თეორია გაჩნდა. ის, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის არის დაპირისპირება და რომ ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს ეწირება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა - ეს კითხვის ნიშნები ნაკლები რომ იყოს, შეთქმულების თეორიებისთვის ნოყიერი ნიადაგი რომ არ შეიქმნას და არ დაბრალდეს ხან ივანიშვილს და ხან ხაზარაძეს პოლიტიკური ამბიციების გამო, ბანკის რეპუტაციის შელახვა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. შეთქმულების თეორია ბევრია, ზოგს აქვს საფუძველი  ზოგს - არა. ეს ყველაფერი კი ყველაზე მეტად აზიანებს "თიბისი ბანკს“ და საქართველოს ფინანსურ სისტემას.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ მამუკა ხაზარაძეს დაიჭერენ და საერთოდ, მოსალოდნელია, რომ ხაზარაძე დაიჭირონ?

- ცოტა ოპტიმისტი მინდა ვიყო და არ მინდა, ძალიან შავად წამოვიდგინო თუ სადამდე შეიძლება მივიდეთ. რა თქმა უნდა, პრობლემა შეიძლება  წარმოიშვას. პირველ რიგში ეს არის რეპუტაციული რისკი. მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის "თიბისი ბანკი“ არ არის უბრალოდ ბიზნესი, ეს მათთვის ცხოვრების ნაწილია. მათთვის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, სხვა სიმძიმესთან ერთად, მორალურადაც ძალიან მძიმე იქნება. თუმცა, ჩვენ ალბათ პირველ რიგში, უნდა გამოვიდეთ მომხმარებლების ინტერესებიდან. მომხმარებლებისთვის კი "თიბისი ბანკი“ არის სტაბილური ფინანსური ინსტიტუტი, როგორც ფინანსურად, ასევე ეკონომიურად. იმედი მაქვს, "თიბისი ბანკი“ ამ პრობლემებს წარმატებით გადაჭრის და მომხმარებლებს და მსესხებლებს პრობლემები არ შეექმნებათ. თუ პროცესები უფრო ჩიხში შევა და სხვა დაპირისპირებაში გადაიზრდება, ეს კიდევ უფრო დააზარალებს ეკონომიკას.

- ვინ გააგრძელებს "თიბისი ბანკის“ მმართველობას?

- სამართლებრივად, "თიბისი ბანკის“ საქმიანობას ეს ორი ადამიანი უნდა ჩამოშორდეს. თუმცა მათ აქციები შეუნარჩუნდებათ და ბუნებრივია, აქციებს მათ ვერავინ წაართმევს. აქციონერებს ყოველთვის აქვთ უფლება სამეთვალყურეო საბჭოში თავისი ნდობით აღჭურვილი პირი ჰყავდეთ. ეროვნულმა ბანკმა მათ ხელმოწერის უფლება რომ შეუჩერა და ორ თვეში საქმიანობას რომ უნდა ჩამოშორდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ ინტერესებს ვეღარ გაატარებენ. ორივე ბანკში უმსხვილეს აქციონერებად რჩებიან. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.