უმძიმესი სტატისტიკა - ხანძრის ალში გახვეული საქართველო, სასოწარკვეთილი ხალხი და ზურგშექცეული ხელისუფლება
უმძიმესი სტატისტიკა - ხანძრის ალში გახვეული საქართველო, სასოწარკვეთილი ხალხი და ზურგშექცეული ხელისუფლება

A+ A-

×

16:09 27/02/2019

ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის 27 თებერვალს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა თბილისში. სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულის" მოვაჭრეების მილიონობით ქონება ისე დაიწვა, რომ ამ დრომდე სახელმწიფოს მომხდარ ფაქტზე გამოძიება არა თუ არ დაუსრულებია, საერთოდ რა ეტაპზეა, ისიც უცნობია, რადგან განადგურებულ ადამიანებს სახელმწიფომ ზურგი შეაქცია და იმის ღირსადაც არ თვლის, რომ პასუხი გასცეს.

ხანძრით დაზარალებულები ამ დრომდე ელოდებიან სახელმწიფოს პასუხს, ვინ არის დამნაშავე ან პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა. თუმცა, ეს მოლოდინი მხოლოდ ამ კონკრეტული ხანძრის შედეგად დაზარალებულებს არ აქვთ. 2012 წლიდან დღემდე, ხანძრის ალში გაეხვა თითქმის ყველა ბაზრობის ტიპის სავაჭრო დაწესებულება და სახელმწიფოს ამ დრომდე არ აუღია პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც ცეცხლმა არა მხოლოდ ფინანსური ზარალი, არამედ მორალური ზიანიც მიაყენა და ბევრის სიცოცხლეც შეიწირა, ვინაიდან შეჭირვებულმა ადამიანებმა ვერ გაუძლეს იმ სტრესს და გამოუვალ მდგომარეობას, რომელიც თავს დაატყდათ. მათი უმეტესობა სრულიად შიშველი ხელებით და მარტო აღმოჩნდა საბანკო ვალების, უზარმაზარი კრედიტების და ზურგშექცეული ხელისუფლების წინაშე.

"2020NEWS"-მა ბოლო 7 წლის სტატისტიკას გადახედა. როგორც აღმოჩნდა, ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ასეული ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, ძალიან მასშტაბური და უზარმაზარი ზარალით.

7 წლის განმავლობაში ცეცხლის ალში გახვეული საქართველოს სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

2012 წლის 15 ნოემბერს დაიწვა ლილოს ბაზრობა;  2013 წლის 26 თებერვალს სავაჭრო ცენტრ "საბაში“ გაჩნდა ხანძარი; 2013 წლის 17ივლისს ხანძრის შედეგად განადგურდა აკვა-პარკი; 2014 წლის 25 აგვისტოს დაიწვა სენაკის ბაზრობა;  ამავე წლის 16 სექტემბერს დაიწვა "ბოშათა ბაზრობა" თბილისში;  2014 წლის 7 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა "ხოფას“ ბაზრობაზე, ზუტად 20 დღეში კი დაიწვა "ელიავას ბაზრობის" ნაწილი;  2015 წლის 21 იანვარს "ისნის“ ბაზრობას გაუჩნდა ცეცხლი; 2015 წლის 4 აგვისტოს ხანძარი კიდევ ერთხელ გაჩნდა "ელიავას" ბაზრობაზე, 2016 წლის 2 აგვისტოს დაიწვა "შავი“ ბაზრობა; 2017 წლის 29 იანვარს ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო";  2017 წლის 2 მაისს "ელიავას“ ბაზრობაზე ხანძარი კიდევ ერთხელ გაჩნდა; 2017 წლის 10 ივლისს ცეცხლი მოედო ფოთის "ბაზრობას“; 2017 წლის 17 ივლისს "დეზერტირების ბაზარი" გაეხვა ცეცხლის ალში; 2017 წლის 19 აგვისტოს დაიწვა "ისნის“ ბაზრობა; 2017 წლის 24 სექტემბერს ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდი“ დაიწვა, სადაც უზარმაზარი ტრაგედია დატრიალდა, რადგან ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; 2018 წლის 1 ნოემბერს რუსთავში, .. "სტამბოლის ბაზარში" გაჩნდა ხანძარი; 2018 წლის  27 თებერვალს დაიწვა სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულის" დიდი ნაწილი და ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იგივე "ქალაქის გული" კიდევ ერთხელ გაეხვა ცეცხლის ალში.

ამ საგანგაშო სტატისტიკას კიდევ უფრო საგანგაშო ნაწილი აქვს - ასეულ მილიონობით ზარალი, რომელიც რიგითმა ადამიანებმა განიცადეს და რაზეც სახელმწიფომ არა მხოლოდ რაიმე მოიმოქმედა, ამ გამწარებულ ადამიანებს ზურგი შეაქცია და დღემდე არც დაზარალებულების და მიყენებული ზარალის ზუსტი სტატისტიკა არსებობს და არც არანაირი პოლიტიკა, რომელიც სხვა დასაქმებულებს მაინც დაიცავს მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებისა და განადგურებისაგან.

"2020NEWS"-მა მოიძია ხანძრების შედეგად გარდაცვლილების და დაზარალებულების სტატისტიკა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ხანძრების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხანძრის შედეგად ტრავმა 249 ადამიანმა მიიღო. 2017 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა, დაზიანება კი 244 ადამიანმა მიიღო.

ყველაზე გახმაურებული, რამაც მთელი საქართველო შეძრა, იყო ქობულეთში მომხდარი ტრაგედია, რასაც ბავშვების სიცოცხლე შეეწირა.

2015 წელს ქობულეთში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედია ე.წ "ჰასანას“ სასტუმროში მოხდა. პატარები ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ და აჭარაში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ. სამი მოზარდი სასტუმროს ნომერში მარტოები იყვნენ, რა დროსაც სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. პატარებმა გაქცევა ვერ შეძლეს და ისინი სასტუმროს ნომერში დაიწვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მათ ოთახში არსებულ კონდიციონერს გაუჩნდა.  ბავშვები ოთახში ჩაკეტილები იყვნენ და გამოსვლა ვერ მოახერხეს.

ცნობისთვის, სასტუმროს მეპატრონემ მომხდარი ტრაგედია ვერ გადაიტანა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ქობულეთის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ხანძარს ქუთაისელი ახალგაზრდის სიცოცხლეც ემსხვერპლა. ის სახლში ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ელექტროენერგია არ იყო და ხანძარი სანთელმა გამოიწვია. ამ დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა - ბაბუა და 20 წლის შვილიშვილი. შვილიშვილი ბაბუის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა თავად ვერ გადარჩა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

2017 წელს კი ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი -  დაშავდა.

"ლეოგრანდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო იყო ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა 35 მილიონი დოლარი დაჯდა. აღმოჩნდა, რომ ფეშენებურ სასტუმროს სახანძრო გასასვლელი არ ჰქონდა, სწორედ ამან იმსხვერპლა 11 ადამიანის სიცოცხლე. ხანძართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 243-ე მუხლით („სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი"), რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 2018 წლის ზაფხულში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ფეშენებურ სასტუმროს ფუნქციონირება შეუწყვიტა.

რაც შეეხება ხანძრების ზოგად სტატისტიკას - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა ხანძრის 10 951 შემთხვევა. 2017 წელს კი - 15 222 ხანძრის შემთხვევა.  

მათივე  მონაცემებით, 2016 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა 468 შენობა, ხოლო 2017 წელს - 543 შენობა.  


საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2017-2018 წლების სტატისტიკური მონაცემებით კი,  საქართველოში ხანძრების 41% საცხოვრებელ სახლებში მოხდა. უწყების ცნობით, ხანძრის შემთხვევები ყველაზე ხშირად ივლისის თვეში ფიქსირდებოდა, ხოლო კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი ხანძარი პარასკევ დღეს დაფიქსირდა.  

ხანძრების 36% მოხდა თბილისში, 13 % - იმერეთში, ხოლო 12 % - კახეთში.

თბილისში, 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ხანძარი საბურთალოს, სამგორისა და გლდანის რაიონებში მოხდა.

საგანგაშოა სტატისტიკა ტყის ხანძრებთან მიმართებაშიც: 2014 წელს ტყის ხანძრის 241 შემთხვევა მოხდა; 2015 წელს - 291 შემთხვევა; 2016 წელი - 132 შემთხვევა; 2017 წელს - 494 შემთხვევა; 2018 წელს კი - 113 შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში ტყის ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2017 წელს მოხდა. ამ წელს ხანძარი იყო ბორჯომის ტყეში, აბასთუმნის ტყეში, ასევე ხანძარი რამდენჯერმე გაჩნდა მაღალმთიან აჭარაშიც. 

თუმცა, ამათგან ყველაზე მასშტაბური ბორჯომის ხეობაში გაჩენილი  ხანძრი იყო. ცეცხლი ტყის მასივს 20 აგვისტოს მოედო და 3 დღის განმავლობაში მისი ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ხანძრის ჩაქრობაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი და 5 ვერტმფრენი მონაწილეობდა. ბოლო მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში  943 ჰექტარი  ტყის საფარი დაიწვა.

ბორჯომის ხანძრის ჩაქრობიდან რამდენიმე დღეში ხანძარი აბასთუმნის ტყეში გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. რთული რელიეფის გამო, საჭირო გახდა ვერტმფრენის ჩართულობაც.  ამ დრომდე უცნობია, რამდენი ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა აღნიშნული ხანძრის შედეგად.

2018 წლის ნოემბერში ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეს გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იქ 5 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.

ამ საგანგაშო სტატისტიკის ფინზე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ ამ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს, რა მოიმოქმედა მან როგორც დაზარალებულების კომპენსაციის მხრივ, ისე პრევენციის კუთხით.

კომპენსაციების ნაწილში ხელისუფლებამ საერთოდ მოიხსნა ყველანაირი პასუხისმგებლობა. "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ ზარალის მინიმალური ოდენობის ანაზღაურებასაც კი. მათი შემხედვარე სხვა დაზარალებულები კი მიიჩნევენ, რომ კომპენსაციის მოთხოვნასაც არანაირი აზრი არ აქვს, ვინაიდან ხელისუფლებამ მათ ტრაგედიაში "ხელები დაიბანა", დაყრუვდა და გვერდზე გადგა.

რაც შეეხება პრევენციის საკითხს - სავალალო სტატისტიკის მიუხედავად, ხელისუფლებამ მხოლოდ წელს გამოიღვიძა და 2019 წლის 14 თებერვალიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, შენობა-ნაგებობების შემოწმება დაიწყო.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, შენობის მფლობელებს 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ. შიდა ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით; საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონასთვის 1000-5000 ლარის ოდენობით; შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით; კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 5000-10000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს; სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს; საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა კი ჯარიმდება 3000 ლარის ოდენობით; წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა 3000-5000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა კი - 1000 ლარის ოდენობით.

რამდენად შეამცირებს ხანძრების გაჩენის საშიშროებას აღნიშნული რეგულაციები, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. ჯერჯერობით კი, ფაქტი ის არის, რომ ცეცხლის ალში გახველი საქართველოს დაზარალებული მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ეს უზარმაზარი ტრაგედია ზურგშექცეული ხელისუფლების ფონზე, შიშველი ხელებით გადაიტანა და მათი უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყანას მოქალაქეებზე მზრუნველი ხელისუფლება არ ჰყავს!