"თიბისი ბანკის" ირგვლივ პროცესები ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებიდან დაიწყო - სკანდალური საქმის ქრონოლოგია
"თიბისი ბანკის" ირგვლივ პროცესები ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებიდან დაიწყო - სკანდალური საქმის ქრონოლოგია

A+ A-

×

15:24 01/03/2019

"თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე პროცესები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.

ორგანიზაცია ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ქრონოლოგიას აქვეყნებს:

2018 წლის 11 მაისი - ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს. მოგვიანებით, ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის არასათანადო მმართველობა დაასახელა.

2018 წლის 13 ივნისი - პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს შორის რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები იყო. წინა დღით, 12 ივნისს გამართულ "ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილვევლი საკითხი ანაკლიის მშენებარე პორტი იყო.

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების უფლება გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ მინისტრობის დროს, 2016 წლის თებერვალში, ტენდერის შედეგებზე დაყრდნობით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მოიპოვა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიან: "თიბისი ჰოლდინგი“ (საქართველო, მამუკა ხაზარაძის კომპანია), Conti International[1]-ი (აშშ), SSA Marine[2]-ს (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd.-ი (ბულგარეთი).

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების გახსნის ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრის ცვლილების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი ქუმსიშვილმა და ჯანელიძემაც დატოვეს.

"თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებასა და ანაკლიის პორტის პროექტის შესაძლო კავშირზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უკვე წერდა.

2018 წლის 12 ივლისი - პრესაში იწერება, რომ "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ. პროკურატურამ ბანკის ბოლო 15 წლის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. "თიბისი ბანკმა“ პრესაში გავრცელბული ეს ინფორმაცია უარყო: “ერთადერთი, ძალიან მოკლე პასუხი გვაქვს – მსგავსი არაფერი ხდება. აბსოლუტურად არავინ დაუბარებიათ პროკურატურაში, რადგან მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ან „თიბისი ბანკის“ საქმიანობის შესწავლის არანაირი საფუძველი არ არსებობს,” - თამუნა კირვალიძე, "თიბისი ბანკის“ მედიაკომუნიკაციების მენეჯერი.

2018 წლის 13 ივლისი - გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს.

2018 წლის 17 ივლისი - პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებულმა სსიპ-მა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "თიბისი ბანკიდან“ კონკრეტულ ტრანზაქციებში ჩართული პირების შესახებ ინფორმაცია (საბანკო ამონაწერების ჩათლით) გამოითხოვა.

2018 წლის 24 ივლისი - ბიძინა ივანიშვილის განცხადება პირველი არხის ეთერში, სადაც კვირიკაშვილის შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა: „ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური.“

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდის მიმართ არსებულ პრეტენზიებში ფიგურირებს TBC ბანკის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის სახელი და ანაკლიის პორტის პროექტი.

2018 წლის 2 აგვისტო - საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის წინანდელ საქმეზე დაიწყო გამოძიება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სავარაუდო ფაქტზე. პროკურატურის განცხადების თანხმად: „გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.“

2018 წლის 9 აგვისტო - 9 აგვისტოდან 23 აგვისტომდე ეროვნული ბანკმა ჩაატარა „თიბის ბანკის“ მიზნობრივი შემოწმება „სამგორი M-ის“ და „სამგორი თრეიდის“ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. „სამგორი M“-ის და „სამგორი თრეიდის“ სოლიდური წილის მფლობელი ვახტანგ წერეთელი ტელეკომპანია „TV პირველის“ მფლობელიც არის.

2018 წლის 4 სექტემბერი - „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ტრანზაქციებთან დაკავშირებით, მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის ხელშეკრულების წარუდგენლობის გამო ეროვნულმა ბანკმა გამოსცა განკარგულება თიბისი ბანკის 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, რაც თიბისი ბანკმა გაასაჩივრა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულება შეაჩერა.

2018 წლის 14 სექტემბერი - 14 სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა თიბისი ბანკის მეორე, კონკრეტულად თემატური შემოწმება.

2018 წლის 17 სექტემბერი - შემოსავლების სამსახურმა „თიბისი ბანკის“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება დანიშნა. გამოითხოვა საბანკო ინფორმაციისა და მონაცემის (მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაშიფვრის გარეშე) მიწოდება და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების დაშვება ამ მონაცემებზე (მათ შორის, საბუღალტრო და სხვა სააღრიცხვო ელექტრონულ პროგრამებთან), რაზეც საბანკო საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმის საფუძელზე, თიბისი ბანკისგან უარი მიიღო.

2018 წლის 10 ოქტომბერი - „თიბისი ბანკს“ შემოსავლების სამსახურმა დააკისრა 400 ლარიანი ჯარიმა ინფორმაციის მიუწოდებლობაზე. ბანკის პოზიციით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გამოთხოვის უფლება საგადასახადო ორგანოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონდა. საგადასახადო ორგანომ 2018 წლის 11 ოქტომბერს სასამართლოში იშუამდგომლა თიბისის მონაცემთა ბაზაში არსებული კლიენტების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. 2018 წლის 24 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურმა სარჩელი გამოიხმო.

2018 წლის 26 ოქტომბერი - ბიძინა ივანიშვილის განცხადება ჟურნალისტებთან ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის არსებულ ბიზნეს დავაზე, სადაც ის ხაზარაძის მხრიდან მის დაუფასებლობაზე საუბრობს:

„ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაიხია უკან რისთვისაც მე მადლიერებას აქვე გამოვხატავ, აგერ თიბისი ბანკი, ნორმალური მადლობაც არ უთქვია ხაზარაძეს .“

2018 წლის 19 ნოემბერი - ეროვნულმა ბანკმა გამოსცა განკარგულება ტრანზაქციების დროს მოქმედი ინტერესთა კონფლიქტის რეგულაციის დარღვევისთვის თიბისი ბანკის 1.1 მილიონი ლარით დაჯარიმების თაობაზე და თიბისი ბანკს აეკრძალა ახალი სესხების და გარანტიების გაცემა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე მათთან დაკავშირებულ პირებზე. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს მიეცათ 2 თვის ვადა, რათა წარმოედგინა თავიანთი პოზიცია ბანკის ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით.

2018 წლის 13 დეკემბერი -„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძის კომენტარი: „ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის მობილიზებულია ყველა აუცილებელი დაფინანსება. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უზრუნველყვეს 400 მილიონი დოლარის სესხის დადასტურება. რაც შეეხება კაპიტალს, აქაც გვაქვს სასიამოვნო სიახლე. გვიერთდება ორი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ჰოლანდიის განვითარების ბანკი და გერმანიის განვითარების ბანკი. ასე რომ დაფინანსების თვალსაზრისით დიდი პროგრესი მოვახდინეთ 2018 წლის განმავლობაში“.

2018 წლის 26 და 31 დეკემბერი - პროკურატურის შუამდგომლობით მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცეს შესაბამისი ჩვენებები. საქმე იყო გრიფით საიდუმლო და ამასთან, ანაკლიის პროექტის არ დაზიანების გამო, ხაზარაძემ ითხოვა, რომ 16 იანვრამდე არ გასაჯაროებულიყო დაწყებული გამოძიება.

2019 წლის 9 იანვარი - პროკურატურა ასაჯაროებს, რომ 2 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე. პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა, რომ დაკითხა მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. პროკურატურამ არ დაკითხა ავთანდილ წერეთელის შვილი ვახტანგ წერეთელი, რომელიც „სამგორი M“-ის და „სამგორი თრეიდის“ სოლიდური წილის მფლობელია.

პროკურატურის განცხადების გავრცელების პარალელურად, სოციალურ ქსელებში მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოჩნდა. ანონიმური ყალბი ფეისბუკ-გვერდები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მუშაობდნენ, ამჟამად სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას ცდილობენ, მათ შორის, დასპონსორებული პოსტებით. აღნიშნული სოციალური გვერდების უმეტესობა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ არის შექმნილი. ამავე გვერდებიდან ვრცელდებოდა ხელისუფლების მხარდამჭერი გზავნილები.

2018 წლის 19 იანვარი - საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობაა, რატომ შეიძლება დაწყებულიყო ხელისუფლების მხრიდან „ორკესტრირებული შეტევა“ მამუკა ხაზარაძეზე. "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს სპეცსამსახურებმა გიორგი კვირიკაშვილის და მამუკა ხაზარაძის ფარული ჩანაწერი მიუტანეს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ხაზარაძის მიერ ოლიგარქად არის მოხსენიებული, ხოლო კვირიკაშვილი ივანიშვილის არაფორმალურ გავლენებზე წუხილს გამოთქვამს. ამ ინფორმაციის უფრო დამაჯერებელს ხდის ისიც, რომ 12 ივნისს გამართულ „ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძის და გიორგი კვირიკაშვილის კავშირებზე რამოდენიმეჯერ გაამახვილა ყურადღება.

2018 წლის 22 იანვარი - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს, რადგან მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ანაკლიის პროექტზე. ელჩის განცხადებით, მის დაინტერესებას ისიც იწვევს, რომ ამერიკელები „თიბისი ბანკში“ გარკვეულ წილს ფლობენ.

2019 წლის 5 თებერვალი - საერთაშორისო იურდიულმა კომპანიამ „დენტონსმა“ მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვით "თიბისი ბანაკის“ სანქცირებისთვის იურიდიული საფუძვლები არ არსებობს. ასევე არ დაეთანხმა, ფულის გათეთრების სქემის არსებობას.

2019 წლის 6 თებერვალი - გერმანიის განვითარების ბანკმა (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მოიპოვა პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭრო დაფინანსება - 600 მილიონი დოლარი, საიდანაც 400 მილიონი დოლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დადასტურებული სესხია.

2019 წლის 11 თებერვალი - საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს კომენტარი: „ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთან დაკავშირებით, საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის… “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია… შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა – მანამდე“.

2019 წლის 14 თებერვალი - „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა (მამუკა ხაზარაძის) და თავმჯდომარის მოადგილის (ბადრი ჯაფარიძის) მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. საუბარია იმ ტრანზაქზიებზე, რასაც პროკურატურაც იძიებს.

მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელებში ისევ აქტიურდებიან ხელისუფლებაზე მომუშავე ანონიმური ყალბი ფეისბუკ-გვერდები.

მამუკა ხაზარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე გავცელებულ მიმართვაში წერს: „დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.“

2019 წლის 15 თებერვალი - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კომენტარი: „ეს საკითხი („თიბისი ბანკის“ საკითხი) არის სამართლებრივი და უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. მე პოლიტიკურ ქვეტექსტებზე აქ ვერ ვისაუბრებ.“

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას კომენტარი: „ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.... „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს... ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება...“.

2019 წლის 18 თებერვალი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სურს „თიბისი ბანკს“ და ანაკლიის პორტს დაეუფლოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის თავიდან მოშორებით. მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანია დაეხმაროს სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებს, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა შეძლონ „თიბისი ბანკის“ და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების საშუალებით. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ასლის ინფორმაციით, სცენარი მოიცავს პორტის სრულად შეჩერებას, რადგან ეს პროექტი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

2019 წლის 18 თებერვალი - მამუკა ხაზარაძე პრესკონფერენციას მართავს, სადაც საუბრობს, რომ „შეფერხება ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და ამიტომ ცოტა მაშფოთებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა, ეროვნული ბანკი გამოძიების დამთავრებამდე აკეთებს განცხადებას… პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის წინ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. ერთი წლის წინ ხელი მოვაწერეთ, მაისი-ივნისის თვეში ველოდებით ფინანსურ დახურვას, რომელიც საკმაოდ რთული პროცესია. დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ, ინფორმაციის გაჟონვები „გუგლში“ და უამრავ საერთაშორისო პრესაში, თითქოს მე და ბადრი ჯაფარიძეს რაღაცა კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას… მაისში და ივნისში უნდა მივიღოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო, ექვსი მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან. 600 მილიონ დოლარზეა საუბარი. საქმე აღარ ეხება „თიბისი ბანკსა“ და კონკრეტულ ადამიანებს, საქმე ეხება ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, მომავალს. ამიტომ ვთხოვ ყველას, დროზე გაერკვეს სიტუაციაში, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა დავუბრუნდეთ საქმეს”.

2019 წლის 20 თებერვალი - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ: „ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, გვერდს უვლის მიღებულ სამართლებრივ ნორმებს, როდესაც მოითხოვს, რომ „თიბისის“ აქციონერებმა შეაჩერონ თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე… რაც მთავარია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძონ მუშაობა ამ საკითხის დროული, სამართლიანი და გამჭვირვალე გადაწყვეტისთვის. სხვაგვარად, მიმდინარე დავა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, რეპუტაციასა და სამომავლო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.“

2019 წლის 21 თებერვალი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიდიან „თიბისი ბანკიდან“. ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის და ჯარიმის თანხის - 1.1 მილიონი ლარის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. ხაზარაძე და ჯაფარიძე კერძო დავას გააგრძელებენ.

მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელებში ისევ აქტიურდებიან ხელისუფლებაზე მომუშავე ანონიმური ყალბი ფეისბუკ-გვერდები.

2019 წლის 22 თებერვალი - ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კომენტარი: „რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საუბარია სისტემურ ბანკზე. ის გავლენას ახდენს საქართველოში საბანკო სექტორში სტაბილურობაზე. შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ სიტუაციაზე თვალის მიდევნებას“.

2019 წლის 26 თებერვალი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, „თიბისი ბანკის“ საკითხთან და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა ჩაიშალა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ „თიბისისთან“ დაკავშირებული საკითხის ასეთ სიტუაციაში (საჯაროდ) განხილვა, არ არის მართებული. მამუკა ხაზარაძე არ დაეთანხმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ მისი პარლამენტში გამოსვლით „თიბისი ბანკს“ ზიანი მიადგებოდა. საბოლოოდ, საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის წევრები (რომლებიც ეროვნული ბანკის პოზიციას იზიარებდნენ) ვერ შეთანხმდნენ და სხდომა ჩაიშალა. პარლამენტარებს არ მიეცათ საშუალება ხაზარაძისთვის, ჯაფარიძისთვის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის კითხვები დაესვათ.

იმავე დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ მისი კომიტეტის სხდომა სამარცხვინო იყო და ასეთი სხდომებით ქვეყანა ვერ აშენდება.

2019 წლის 27 თებერვალი - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები არ დასრულდება, ფინანსურმა ინსტიტუტებმა შესაძლოა, პროექტი არ დააფინანსონ.

2019 წლის 28 თებერვალი - მაშინ, როდესაც 26 თებერვლის საკომიტეტო მოსმენის ჩაშლის მთავარი მიზეზად „თიბისი ბანკის“ საქმეზე საჯარო განხილვის მიზანშეუწონლობა დასახელდა, 28 თებერვალს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურატურის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ და უფრო დეტალურად ისაუბრა „თიბისი ბანკის“ 2007-2008 წლების ტრანზაქციებზე. მნიშვნელოვანი სიახლე პროკურატურას არ მოუწოდებია. პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა საბანკო რეგულაციების დარღვევაზე, რაც ეროვნული ბანკის კომპეტენციაა.