"ღორის გრიპის" შემდეგ საქართველოში "ტკიპების შემოსევა" იწყება
"ღორის გრიპის" შემდეგ საქართველოში "ტკიპების შემოსევა" იწყება

A+ A-

14:26 05/03/2019

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპების სეზონი იწყება.

როგორც იმნაძემ  მედიაცენტრ "მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტკიპებისგან თავის დასაცავად მოსახლეობამ, განსაკუთრებით ფერმერებმა, მინდვრების სამუშაოების ან ბუნებაში გასვლის დროს თავი ე.წ. დამაფრთხობლებით უნდა დაიცვან.

რაც შეეხება გრიპს, იმნაძის თქმით, გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო.

მისი თქმით, მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), ახლა ცირკულირებს H3N2 და ბე (B) ტიპის ვირუსიც.

"გრიპის სეზონი გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. ორსულებს კვლავ ვურჩევთ, აიცრან, რადგან მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, წელს საქართველოში წითელას 2 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. იმნაძის თქმით, საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა საკმარისი რაოდენობითაა და ინფექციური ვირუსული დაავადების შეჩერება საყოველთაო აცრითაა შესაძლებელი.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.