სად მოძებნის ახალ სახეებს ”ქართული ოცნება“ ?!
სად მოძებნის ახალ სახეებს ”ქართული ოცნება“ ?!

A+ A-

20:08 07/03/2019

პარტია “ქართულ ოცნებაში” შიდა  გადათამაშება გრძელდება. დღეს ცნობილი გახდა,რომ მმართველი პარტია ახალი წევრებისა და სახეების მოზიდვაზე მუშაობს. სახელისუფლო პარტიაში რეკრუტირების პროცესი აქტიურ ფაზაშია. პარტიის ლიდერებმა, მათ შორის დეპუტატებმა უკვე მიიღეს დავალება, რეკომენდაცია გაუწიონ კვალიფიციურ ადამიანებს, რომელთაც პარტიულ საქმიანობაში ჩართვის სურვილი ექნებათ. ახალი სახეების მოძიებაში ჩართულები არიან პარტიის საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებიც.

მიმდინარე პროცესებს თავად პარტიის ლიდერებიც ოფიციალურად ადასტურებენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს “ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების მოზიდვა მიმდინარე წლიდან მაქსიმალურად აქტიურად წარიმართება, რადგან საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება იწყება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახალი კადრების შერჩევის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი  და გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ჭრილში მიიღება.

“გუნდის განახლება და ახალი სახეების შერჩევა ჩვენი ამოცანაა. გუნდის განახლებაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაუბრუნა პარტიის თავმჯდომარის პოზიციას, მოგვიანებითაც არაერთხელ უსაუბრია ამაზე. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ განახლება განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. რაც შეეხება შერჩევის პროცესს, ეს არის პოლიტიკური პროცესი, აქედან გამომდინარე, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური პროცესის საფუძველზე. ზოგადად, შერჩევის პროცესში შესაძლებელია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება. რაც შეეხება კერძო კომპანიას, ამ ინფორმაციას მე ვერ დავადასტურებ. ვიტყვი, რომ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტია სათანადოდ განახლდეს, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი აქტიურად დაიწყო პარტიის გაძლიერების პროცესი. იგი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კადრების შერჩევაში კერძო კომპანიაა ჩართული.

“პარტიაში მიდის მუშაობა , რომ გუნდს შემოემატოს ახალი სახეები.ეს არ ეხება მხოლოდ პარტიის ლიდერშიფს, საუბარია , რაიონულ ორგანიზაციებზე, პარტიის გაძლიერებაზე ახალი სახეებით, ამისთვის იმ ინფორმაციას დაგიდასტურებთ, რაც გავრცელდა, ოღონდ ერთი განსხვავებით, რომ ჩვენ ამისთვის არ გვჭირდება რაღაც კომპანიების დაქირავება, არსებობენ ჩვენს პარტიულ სისტემაში ჯგუფები, რომლებიც ამას ისედაც უზრუნველყოფენ,“- აღნიშნა მდინარაძემ.

ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, პროცესებში მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები იქნებიან ჩართულნი და არ გამორიცხავს ,რომ შერჩევის პროცესში კერძო კომპანიებიც ჩაერთონ.

“კერძო კომპანია იქნება, ალბათ, ჩართული საქმიანობაში. მე არ მინდა ამას დავარქვა პიარული კომპანია მხოლოდ, მაგრამ რეალურად საზოგადოებისთვის ბევრი რამ უნდა იყოს ცნობილი. ეს სტრატეგია უნდა იყოს კარგად დალაგებული და ვფიქრობ, ამაში კარგი, მაღალი დონის პროფესიონალი, თუნდაც უცხოური კომპანიის ჩართვა , არის აუცილებელი,“ -განაცხადა ვოლსკიმ ვიცე-სპიკერი ასევე აცხადებს, რომ ახალი სახეები გუნდიდან წასულ წევრებს კი არ ჩაანაცვლებენ, არამედ მათ საკუთარი ადგილი ექნებათ. “ჩანაცვლება არაფერ შუაში არ არის. ადამიანი, რომელიც მოდის პარტიაში სამუშაოდ, არავის ადგილზე არ მოდის. ის თავის ადგილას მოდის ყოველთვის. კალაძე არის, ვინც წაიყვანს ამ მიმართულებას. „ - განაცხადა ვოლსკიმ.

პარტიაში დაგეგმილ ცვლილებებს  ექსპერტთა წრეშიც გამოეხმარნენ,როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს ,რომ „თუ ამ ქვეყანაში ფულის შოვნა გინდა, ვიღაცას ან ხელზე უნდა აკოცო , ან სხვა ადგილებზე.“ “2020NEWS-თან“ საუბარში ხუხაშვილი თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ახალი და კარგი კადრებისთვის მიმზიდველი აღარ არის.

„ახალი სახეების ძებნის ილუზია „ქართულ ოცნებას“ თავიდანვე ჰქონდა და ამ მიმართულებით ფაფხური მიდიოდა. გაგახსენებთ, შექმნეს ორგანიზაცია „მოქალაქე“ და 20:30 . ამ ორგანიზაციების ამოცანა იყო „ეიჩარის“ ფუნქციის შეთავსება, მომზადება და სახელმწიფო მოხელეების ინტეგრირება სისტემაში. დღეს როდესაც „ქართული ოცნება“ სრულ დეგრადაციას განიცდის, ის ვერ გახდება პერსპექტიული ახალი კადრებისთვის.

ასეთ კადრებში არამოდურია „ქართული ოცნება“. არ მიდიან და არ უნდათ, ან რატომ უნდა წავიდნენ? მიაჩნიათ, რომ ეს პარტია არის გუშინდელი დღე. რაც შეეხება კომპანიის დაქირავებას, ეს ხომ საერთოდ ტრაგიკომედიაა. უცხოური კომპანიის დაქირავება მათი მხრიდან პირდაპირ გეტყვით, დიდი იდიოტიზმია. პარტიაში ისეთი კრიტერიუმები უნდა იყოს, რომ ადამიანები თვითონ უნდა მიდიოდნენ. რა შუაშია უცხოური კომპანია აქ? რა უნდა გააკეთოს მან.

კომერციული კომპანიები არიან მოგებაზე ორიენტირებულები. ერთადერთი რაც შეუძლიათ, უნდა გამოაცხადონ პრეისკურანტი: მინისტირატურა ჯდება მილიონი, დეპარტამენტის უფროსი - 100 000. თქვან და გამოაცხადონ პირდაპირ, რამდენს იხდის ადამიანი, ვინც იქ მიდის და გაყიდონ ადგილები. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საუკეთესო ბიზნესი არის ხელისუფლება. ეს ხომ ისედაც ვიცით. ხელისუფლებაში ყოფნა ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის საუკეთესო ბიზნესი. ფული გინდა იშოვნო? ხელისუფლებასთან უნდა მიხვიდე.

კიდევ რაღაც რიტუალი უნდა ჩაატარო, ვიღაცას ხელზე უნდა აკოცო, ვიღაცას ბოდიში და , სხვა ადგილებზე. მაინტერესებს, ეს უნდა ასწავლონ? მიზიდულობის ცენტრი არ არის „ქართული ოცნება“ და ეს არის ყველაზე დიდი დრამა და ამის გაგება არ უნდათ. როგორც კი გამოაცხადეს ახალი სახეების ძებნის პროცესი, იპოვეს ირაკლი ღარიბაშვილი. ახლა კიდევ ერთი წელი უნდა იმუშაონ და იპოვიან ალექსანდრე ჭიკაიძეს, ეს არის მთელი „ეიჩარი“, - აცხადებს ხუხაშვილი.

 „ქართულ ოცნებში “ მასტაბურ საკადრო გადახალისებას გეგმავენ , ოპოზიცია , ამ დროისთვის, კომენტარს არ აკეთებს.