ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია  იწყება

A+ A-

×

09:29 12/03/2019

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება.

რეგისტრაცია 12 მარტს 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციებისშედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნებათ. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა.შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც – „ცნობარი აბიტურიენტისთვის“.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიღაც მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.