ვინ და რატომ მიუყვანა ივანიშვილს გიორგი გახარია?
ვინ და რატომ მიუყვანა ივანიშვილს გიორგი გახარია?

A+ A-

17:51 12/03/2019

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ყველაზე გავლენიანი მინისტრი, გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაში" "პროტექციით"მოხვდა.

როგორც "2020NEWS“-ს ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, ბიძინა ივანიშვილის კარამდე გახარიას გზა გია ხუხაშვულმა გაუკვალა.   ინფორმაცია თავად გია ხუხაშვილმა დაგვიდასტურა.

"შემიძლია, ეს ინფორმაცია დაგიდასტუროთ, რომ  ივანიშვილი და გახარია მე გავაცანი ერთმანეთს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩემი ახლობელია. მე თავად ახალი გაცნობილი მყავდა. რუსეთიდან ახალი ჩამოსული იყო.  ჩავთვალე, რომ საინტერესო კადრი იყო. გიდასტურებთ, რომ ჩემი მეზობელია და მე გავაცანი ბიძინა ივანიშვილს. მაშინ სხვადასხვა თანამდებობაზე კადრებს ვარჩევდით. ბიძინასაც მოეწონა. ის, რომ გახარია ჩემი შერჩეული იყო, ჩემში  არანაირ ვალდებულებას არ იწვევს. თუმცა იწვევს პასუხისმგებლობას და გული მტკივა, რომ გიორგი გახარია ახლა არც თუ ისე სახარბიელო პოზიციაშია", - განუცხადა "2020NEWS“-ს გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების დაკომპლექტებაში მას დიდი წვილილი მიუძღვის, რაც დღეს ძალიან აწუხებს.

"გახარიას საქმიანობას  ძირითადად დადებითად ვაფასებ.  განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც დღეს ხელისუფლებაში ხდება. მას, რა თქმა უნდა, ჰქონდა შეცდომები, მაგრამ გამოიყურებოდა ბევრად უკეთესად, ვიდრე დანარჩენები, რომ არ ყოფილიყო "თიბისი ბანკის“ საქმე. ეს ეპიზოდი ჩემთვის იყო დრამატული, მით უმეტეს, რომ არც კი ვიცით, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარია და გია ხუხაშვილი მეზობლები არიან. ისინი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ამაღლების ქ.N12-ში ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ.