სად მიდის ვახტანგ ყოლბაია?
სად მიდის ვახტანგ ყოლბაია?

A+ A-

×

16:34 14/03/2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტში საკადრო გადაადგილებები იწყება. არ არის გამორიცხული,  ამ საკადრო გადაადგილებებმა ხმაურის გარეშე ვერ ჩაიაროს.

8 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი დაბჭოს თავმჯდომარის არჩევნებია დანიშნული. საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა თანამდებობიდან მიდის და, შესაბამისად, საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს. სამაგიეროდ, "2020'NEWS"-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მისი ადგილის დაკავება უნდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს,  ვახტანგ ყოლბაიას.

ვახტანგ ყოლბაია 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ამ თანამდებობისთვის პარლამენტის ყოფილ წევრს, ლუკა კურტანიძეს ამზადებს.

ვახტანგ ყოლბაიას  აღნიშნული პოზიციის შენარჩუნება სურს, თუმცა ,როგორც კულუარებში ამბობენ, ცენტრალურ ხელისუფლებას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ყოლბაიას კურტანიძით ჩანაცვლება გადაწყვეტილია.

თავად ლუკა კურტანიძე ამ საკითხზე არ საუბრობს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ შეთავაზების შემთხვევაში, მზად არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდმარის პოსტი ჩაიბაროს.

შესაბამისად, ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადანაცვლება აწყობს. "2020'NEWS"-ს ეუბნებიან, რომ იგი ამ მიმართულებით სამთავრობო კულუარებში ფარულ კონსულტაციებს გადის, თუმცა მასთან დაკავშირებით "ქართული ოცნებას" გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. შესაბამისად, ყოლბაია დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას არ ჩქარობს.

კულუარებში შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციის დატოვება მოუწევს, სხვა შემთხვევაში, ის  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 8 აპრილამდე კი მხოლოდ სამი კვირა რჩება.

აღსანიშბავია, რომ 8 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარის გარდა, უნდა მოხდეს მისი 2 მოადგილის და 4 კომისიის თავმჯდომარის არჩევა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში მოქმედებს ოთხი კომისია. დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი საკითხთა კომისია, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია.

ცნობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს 19 დეპუტატი ჰყავს და სამი ფრაქცია, "ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა, "მრგვალი მაგიდა-ერთიანი საქართველოსთვის", "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".